მსაჯულები 10:1—18

  • მსაჯულები თოლა და იაირი (1—5).

  • ისრაელის განდგომა და მონანიება (6—16).

  • ამონელები ისრაელის წინააღმდეგ იკრიბებიან (17, 18).

10  აბიმელექის სიკვდილის შემდეგ ისრაელის სახსნელად+ ისაქარის ტომიდან გამოჩნდა თოლა, დოდოს ვაჟის, ფუას ვაჟი; ის შამირში ცხოვრობდა, ეფრემის მთიან მხარეში. 2  იგი 23 წელი იყო ისრაელის მსაჯული; შემდეგ მოკვდა და შამირში დამარხეს. 3  მის შემდეგ გალაადელი იაირი გამოჩნდა, რომელიც 22 წელი იყო ისრაელის მსაჯული. 4  მას 30 ვაჟი ჰყავდა, რომელთაც 30 ვირი ჰყავდათ და 30 ქალაქი ჰქონდათ. ქალაქებს დღემდე ხავოთ-იაირი ეწოდება+ და ისინი გალაადის მიწაზეა. 5  მოკვდა იაირი და კამონში დამარხეს. 6  კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელებმა იეჰოვას თვალში.+ ემსახურებოდნენ ბაალისა+ და აშთორეთის კერპებს, არამის* ღმერთებს, სიდონის ღმერთებს, მოაბის ღმერთებს,+ ამონელთა ღმერთებსა+ და ფილისტიმელთა ღმერთებს.+ ზურგი აქციეს მათ იეჰოვას და აღარ ემსახურებოდნენ მას. 7  განრისხდა იეჰოვა ისრაელზე და ფილისტიმელებსა და ამონელებს ჩაუგდო ხელში.+ 8  იმ წლიდან მოყოლებული 18 წელი ავიწროებდნენ და სასტიკად ჩაგრავდნენ ისინი ისრაელებს, რომლებიც იორდანის გაღმა, ამორეველთა მიწაზე ცხოვრობდნენ გალაადში. 9  ამონელები იორდანეზეც გადმოდიოდნენ და იუდას, ბენიამინისა და ეფრემის ტომებს ებრძოდნენ. ცუდ დღეში ჩავარდა ისრაელი. 10  შველა სთხოვეს ისრაელებმა იეჰოვას:+ „შეგცოდეთ, რადგან მიგატოვეთ, ჩვენო ღმერთო, და ბაალის კერპებს ვცემდით თაყვანს!“+ 11  მიუგო იეჰოვამ ისრაელებს: „განა არ გიხსენით ეგვიპტელთა,+ ამორეველთა,+ ამონელთა, ფილისტიმელთა,+ 12  სიდონელთა, ამალეკელთა და მიდიანელთა ხელიდან, როცა გჩაგრავდნენ ისინი და შველას მთხოვდით?! 13  თქვენ კი ზურგი მაქციეთ და სხვა ღმერთებს დაუწყეთ მსახურება,+ ამიტომ აღარ გიხსნით!+ 14  წადით და თქვენ მიერ არჩეულ ღმერთებს შეღაღადეთ!+ მათ გიხსნან გასაჭირისგან!“+ 15  შესთხოვეს ისრაელებმა იეჰოვას: „შევცოდეთ! ოღონდ დღეს გვიხსენი და ისე მოგვექეცი, როგორც გენებოს!“ 16  მოიშორეს კერპები და ისევ იეჰოვას ემსახურებოდნენ;+ ვეღარ აიტანა მან ისრაელის გასაჭირი.+ 17  შეიკრიბნენ ამონელები+ და დაბანაკდნენ გალაადში. ისრაელებიც შეიკრიბნენ და მიცფაში დაბანაკდნენ. 18  ხალხმა და გალაადის მთავრებმა ერთმანეთს უთხრეს, ვინც ამონელების წინააღმდეგ ბრძოლაში გაგვიძღვება,+ მთელი გალაადის თავკაციც ის გახდესო.

სქოლიოები

იგივე სირია.