ლუკას სახარება 9:1—62

  • იესო მოციქულებს ქადაგების წინ მითითებებს აძლევს (1—6).

  • ჰეროდე იესოს გამო შეფიქრიანებულია (7—9).

  • იესოს მიერ 5 000 კაცის დაპურება (10—17).

  • პეტრე იესოს ქრისტედ აღიარებს (18—20).

  • იესოს მიერ საკუთარი სიკვდილის წინასწარმეტყველება (21, 22).

  • რას ნიშნავს იესოს მოწაფეობა (23—27).

  • იესოს ფერისცვალება (28—36).

  • დემონით შეპყრობილი ბიჭის განკურნება (37—43ა).

  • იესოს მიერ საკუთარი სიკვდილის ხელმეორედ წინასწარმეტყველება (43ბ—45).

  • მოწაფეების დავა იმის თაობაზე, თუ ვინაა მათ შორის უდიდესი (46—48).

  • ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენ მხარეზეა (49, 50).

  • სამარიელები იესოს არ იღებენ (51—56).

  • რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა (57—62).

9  შემდეგ მოუხმო თავის თორმეტ მოციქულს და მისცა მათ ძალა და უფლებამოსილება დემონების განსადევნად+ და სნეულებათა განსაკურნავად.+  გაგზავნა ისინი, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ექადაგათ და ხალხი განეკურნათ.  მან უთხრა მათ: „თან არაფერი წაიღოთ: არც ხელჯოხი, არც საგზლის აბგა, არც პური, არც ფული და არც გამოსაცვლელი ტანსაცმელი.+  რომელ სახლშიც მიგიღებენ, იქაურობის დატოვებამდე იქ დარჩით,+  ხოლო სადაც არ მიგიღებენ, იმ ქალაქის დატოვებისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ*“.+  ისინიც წავიდნენ და მოიარეს იმ მხარის სოფლები; აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას და კურნავდნენ ავადმყოფებს.+  ამ ყველაფრის შესახებ გამგებელმა ჰეროდემ რომ შეიტყო, შეფიქრიანდა, რადგან ზოგი ამბობდა, იოანე აღდგაო მკვდრეთით,+  ზოგიც იმას ამბობდა, ელია გამოჩნდაო, ზოგი კი — ძველ დროში მცხოვრები რომელიღაც წინასწარმეტყველი აღდგაო.+  ჰეროდემ თქვა: „იოანეს თავი მოვკვეთე+ და ეს ვინღაა, ვისზეც ასეთ რამეებს ლაპარაკობენ?“ ამიტომ ჰეროდეს მისი ნახვა უნდოდა.+ 10  როდესაც მოციქულები დაბრუნდნენ, მოუყვნენ იესოს ყველაფერს, რაც გააკეთეს.+ შემდეგ მან ქალაქ ბეთსაიდაში წაიყვანა ისინი, რომ განმარტოებულიყვნენ.+ 11  მაგრამ ხალხმა ამის შესახებ შეიტყო და გაჰყვა მას. იესო თბილად შეხვდა მათ და ღვთის სამეფოზე დაუწყო ლაპარაკი; მან ავადმყოფებიც განკურნა.+ 12  საღამოს პირზე იესოსთან თორმეტივე მოციქული მივიდა და უთხრა: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საკვების საშოვნელად, რადგან უკაცრიელ ადგილას ვართ“.+ 13  იესომ მიუგო: „თქვენ მიეცით საჭმელი!“+ მათ უთხრეს: „ჩვენ ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა არაფერი გვაქვს; მაშინ უნდა წავიდეთ და მთელი ხალხისთვის ვიყიდოთ საკვები“. 14  იქ 5 000 კაცი იქნებოდა. იესომ მოწაფეებს უთხრა: „ჯგუფებად დასხით, ისე რომ თითო ჯგუფში დაახლოებით 50 კაცი იყოს“. 15  ასეც მოიქცნენ, ყველანი დასხეს. 16  მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, ილოცა*, დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ. 17  ყველა კარგად დანაყრდა; მორჩენილი ნატეხებით 12 კალათი გაავსეს.+ 18  მოგვიანებით, როცა განმარტოვდა და ლოცულობდა, მასთან მოწაფეები მივიდნენ. იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 19  მათ მიუგეს: „ზოგი — იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგიც — ელიააო, ზოგი კი ამბობს, ძველ დროს მცხოვრები რომელიღაც წინასწარმეტყველი აღდგაო“.+ 20  მაშინ ჰკითხა მან: „თქვენ რას ფიქრობთ, ვინა ვარ?“ პეტრემ მიუგო: „ღვთის ცხებული*“.+ 21  იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ ეს არავისთვის ეთქვათ.+ 22  შემდეგ უთხრა: „კაცის ძეს მრავალი სატანჯველის ატანა მოუწევს. მას უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები უარყოფენ; მოკლავენ მას+ და მესამე დღეს აღდგება“.+ 23  შემდეგ იესომ ყველას გასაგონად თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი,+ ყოველდღე ატაროს თავისი წამების ძელი* და გამომყვეს.+ 24  ვისაც სიცოცხლის* შენარჩუნება სურს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემ გამო დაკარგავს სიცოცხლეს, დაიბრუნებს მას.+ 25  კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, თუ სიცოცხლეს დაკარგავს ან საკუთარ თავს ავნებს?+ 26  ვისაც ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო შერცხვება, კაცის ძესაც შერცხვება მის გამო, როცა თავისი, მამამისისა და წმინდა ანგელოზების დიდებით მოვა.+ 27  ჭეშმარიტებას გეუბნებით: აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ მოკვდებიან, სანამ არ იხილავენ ღვთის სამეფოს“.+ 28  ამ სიტყვების თქმიდან დაახლოებით რვა დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და მთაზე ავიდა, რომ ელოცა.+ 29  ლოცვისას სახე სხვანაირი გაუხდა, ხოლო სამოსი თეთრად აუელვარდა. 30  მას ორი კაცი, მოსე და ელია, ესაუბრებოდა. 31  ისინი სიდიადით იყვნენ მოსილნი და იესოს წასვლაზე ლაპარაკობდნენ, რაც იერუსალიმში უნდა მომხდარიყო.+ 32  პეტრემ და მასთან მყოფებმა ჩათვლიმეს, მაგრამ, როცა გამოეღვიძათ, დაინახეს მისი სიდიადე+ და მასთან მდგომი ორი კაცი. 33  როდესაც ისინი იესოს შორდებოდნენ, პეტრემ უთხრა მას: „მოძღვარო, რა კარგია, აქ რომ ვართ! სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“; არ ესმოდა, რას ამბობდა. 34  ამას რომ ლაპარაკობდა, გამოჩნდა ღრუბელი და დაჩრდილა ისინი. ღრუბელში რომ გაეხვივნენ, შეეშინდათ. 35  ღრუბლიდან ხმა+ გაისმა: „ეს არის ჩემი ძე, ჩემი რჩეული,+ მას უსმინეთ!“+ 36  როდესაც ეს ხმა გაისმა, მათ დაინახეს, რომ იესო მარტო იყო. თუმცა იმ ხანებში მათ ამის შესახებ სიტყვა არ დაუძრავთ, არავისთვის არაფერი უთქვამთ.+ 37  მეორე დღეს, მთიდან რომ ჩამოვიდნენ, დიდძალი ხალხი შეეგება მას.+ 38  ამ დროს ერთმა კაცმა დაიძახა: „მოძღვარო, გევედრები, დაეხმარე ჩემს ვაჟს; ეს ჩემი ერთადერთი შვილია.+ 39  მას სული იპყრობს, უეცრად აყვირებს, კრუნჩხვებში აგდებს, დუჟს ადენს, ალურჯებს და მერეც ძლივსღა ანებებს თავს. 40  შენს მოწაფეებს ვთხოვე, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს“. 41  მაშინ იესომ თქვა: „ოჰ, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანე შენი შვილი!“+ 42  იესოს რომ უახლოვდებოდა, ბიჭი დემონმა ძირს დაანარცხა და ძლიერ კრუნჩხვებში ჩააგდო. იესომ შერისხა უწმინდური სული, ბიჭი განკურნა და მამამისს ჩააბარა. 43  ღვთის დიადი ძალის დანახვამ ყველა განაცვიფრა. ყველანი გაოცებულნი იყვნენ იმით, რასაც იესო აკეთებდა. მან მოწაფეებს უთხრა: 44  „ყურადღებით მომისმინეთ და დაიხსომეთ: კაცის ძეს გასცემენ და კაცთა ხელში ჩააგდებენ“.+ 45  მათ ვერც ამჯერად გაიგეს იესოს ნათქვამის მნიშვნელობა; დაფარული იყო ეს მათთვის და ამიტომაც ვერ ჩასწვდნენ. თუმცა კითხვის დასმისაც ეშინოდათ. 46  ამის შემდეგ დავა დაიწყეს იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი.+ 47  იესომ იცოდა მათი გულის ზრახვები, ამიტომ მოიყვანა ბავშვი, გვერდით დაიყენა 48  და უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მეც მიმიღებს, და ვინც მე მიმიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც მიიღებს.+ ვინც თქვენ შორის უმცირესივით მოიქცევა, დიდიც ის იქნება“.+ 49  იოანემ მიუგო: „მოძღვარო, ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს შენი სახელით დევნიდა, და დავუშალეთ, რადგან ჩვენ არ დაგვყვება“.+ 50  იესომ უთხრა: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც თქვენ წინააღმდეგ არ არის, ის თქვენ მხარეზეა“. 51  ვინაიდან იესოს ამაღლების დრო ახლოვდებოდა,+ მან იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტა. 52  თუმცა ჯერ მოწაფეები გაგზავნა. ისინიც წავიდნენ და სამარიელების სოფელში შევიდნენ, რომ მისთვის ყველაფერი მოემზადებინათ, 53  მაგრამ იქ არ მიიღეს იგი,+ რადგან იერუსალიმში აპირებდა წასვლას. 54  ამაზე მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ,+ უთხრეს: „უფალო, ციდან ცეცხლს ხომ არ მოვუხმოთ, რომ შთანთქას ესენი?“+ 55  მაგრამ ის მიუბრუნდა მათ და გაუწყრა. 56  შემდეგ ისინი სხვა სოფლისკენ გაემართნენ. 57  გზაში ვიღაცამ უთხრა: „სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები!“ 58  იესომ მიუგო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“.+ 59  სხვას კი უთხრა: „გამომყევი“. იმ კაცმა მიუგო: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“.+ 60  მაგრამ იესომ უთხრა: „მკვდრებმა+ თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები, შენ კი წადი და ყველგან აუწყე ღვთის სამეფოს შესახებ“.+ 61  კიდევ ერთმა უთხრა მას: „მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მომეცი, ჯერ ჩემი ოჯახის წევრებს დავემშვიდობო“. 62  იესომ მას უთხრა: „ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება,+ ღვთის სამეფოსთვის არ ივარგებს“.+

სქოლიოები

პასუხისმგებლობის მოხსნის მაჩვენებელი ჟესტი.
სიტყვასიტყვით — „აკურთხა“.
სიტყვასიტყვით — „ქრისტე“.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).