ლუკას სახარება 23:1—56
23 წამოიშალა მთელი ხალხი; იესო პილატესთან წაიყვანეს+
2 და მისი დადანაშაულება დაიწყეს:+ „ამ კაცს ერის გადაგვარება უნდა, კეისრისთვის გადასახადის გადახდას კრძალავს+ და საკუთარ თავს ქრისტესა და მეფეს უწოდებს“.+
3 პილატემ მას ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ „შენ თვითონ ამბობ“, — მიუგო იესომ.+
4 შემდეგ პილატემ უფროს მღვდლებსა და ხალხს უთხრა: „მე ამ კაცს ვერაფერში ვერ ვადანაშაულებ“.+
5 ისინი კი გაიძახოდნენ: „მთელ იუდეაში აშფოთებს ხალხს თავისი მოძღვრებით, გალილეიდან დაიწყო და აქამდეც მოაღწია“.
6 მაშინ პილატემ იკითხა, გალილეელი ხომ არ არისო,
7 და, როცა გაიგო, რომ იესო იმ მხარიდან იყო, რომელსაც ჰეროდე* განაგებდა,+ მასთან გაგზავნა; ჰეროდე იმ დროს იერუსალიმში იმყოფებოდა.
8 იესოს დანახვამ ჰეროდე ძალიან გაახარა. მას დიდი ხანია, უნდოდა მისი ნახვა, რადგან ბევრი სმენოდა მის შესახებ+ და იმედოვნებდა, რომ რაიმე სასწაულს უჩვენებდა.
9 ბევრ კითხვას უსვამდა, მაგრამ იესო არ პასუხობდა.+
10 უფროსი მღვდლები და მწიგნობრები კი ფეხზე დგებოდნენ და გაცხარებულნი ბრალს სდებდნენ მას.
11 ჰეროდე თავის ჯარისკაცებთან ერთად ამცირებდა მას;+ შემდეგ ძვირფასი სამოსელი ჩააცვა და მასხრად აიგდო,+ ბოლოს კი უკან გაუგზავნა პილატეს.
12 იმ დღეს ჰეროდე და პილატე დამეგობრდნენ, არადა, მანამდე მტრები იყვნენ.
13 მოუხმო პილატემ უფროს მღვდლებს, მმართველებსა და ხალხს
14 და უთხრა: „თქვენ მიერ მოყვანილ კაცს აჯანყებისკენ წაქეზებაში დასდეთ ბრალი; მე ის თქვენ წინაშე დავკითხე, მაგრამ ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძვლიანობა.+
15 ეს ვერც ჰეროდემ დაინახა და ამიტომაც გამოგვიგზავნა უკან. მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს იმსახურებდეს.
16 ამიტომ დავსჯი+ და გავათავისუფლებ“.
17 *——
18 მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: „ეგ სიკვდილით დასაჯე და ბარაბა გაგვითავისუფლე!“+
19 (ბარაბა ქალაქში მომხდარი ამბოხებისა და მკვლელობისთვის იყო დაპატიმრებული).
20 პილატემ კვლავ მიმართა მათ, რადგან იესოს გათავისუფლება სურდა,+
21 ისინი კი აყვირდნენ: „ძელზე გააკარი! ძელზე გააკარი!“+
22 მესამედაც მიმართა მათ: „რატომ? რა ჩაიდინა? მე ვერაფერი ვუპოვე ისეთი, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავუშვებ“.
23 ისინი კი გაჰყვიროდნენ და მის ძელზე გაკვრას ითხოვდნენ. ხალხის ხმამ იმძლავრა.+
24 მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პილატემ განაჩენი გამოიტანა:
25 გაათავისუფლა კაცი, რომლის გათავისუფლებასაც ისინი ითხოვდნენ და რომელიც ამბოხებისკენ მოწოდებისა და მკვლელობისთვის იყო დაპატიმრებული, ხოლო იესო მათ გადასცა, რათა თავიანთი ნებისამებრ მოჰქცეოდნენ.
26 როცა მიჰყავდათ, მათ მინდვრიდან მომავალი კირენელი სიმონი დაიჭირეს, აჰკიდეს წამების ძელი* და აიძულეს, იესოს უკან გაჰყოლოდა.+
27 მას დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა. ქალები მწუხარებისგან მკერდში მჯიღს იცემდნენ და მოთქვამდნენ.
28 იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: «იერუსალიმის ასულებო, ჩემზე კი ნუ ტირით, თქვენს თავსა და თქვენს შვილებზე იტირეთ,+
29 რადგან მოვა დრო, როცა ხალხი იტყვის: „ბედნიერნი არიან უშვილონი; ბედნიერია ქალი, რომელსაც არ უშობია და რომელსაც ძუძუ არ უწოვებია!“+
30 მაშინ მთებს ეტყვიან, დაგვმალეთო, და გორებს — დაგვფარეთო.+
31 თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?!»
32 მასთან ერთად სიკვდილით დასასჯელად ორი ბოროტმოქმედიც მიჰყავდათ.+
33 „თავის ქალად“ წოდებულ ადგილზე რომ მივიდნენ,+ ისიც და ბოროტმოქმედებიც ძელზე გააკრეს: ერთი მის — მარჯვნივ, მეორე კი — მარცხნივ.+
34 იესო ამბობდა: „მამა, აპატიე, არ იციან, რას აკეთებენ“. მისი მოსასხამი წილისყრით გაინაწილეს.+
35 იდგა ხალხი და ამ ყველაფერს უყურებდა. მმართველები დასცინოდნენ: „სხვებს ხომ იხსნიდა! აბა, საკუთარი თავი იხსნას, თუ ღვთის ცხებული* და რჩეულია!“+
36 ჯარისკაცებიც მასხრად იგდებდნენ. მივიდნენ, ძმარი მიაწოდეს+
37 და ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, აბა იხსენი შენი თავი“.
38 მის თავს ზემოთ ასეთი წარწერა იყო დამაგრებული: „ეს არის იუდეველთა მეფე“.+
39 ძელზე გაკრული ერთი ბოროტმოქმედი ამცირებდა მას:+ „ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და გვიხსენი ჩვენც“.
40 მეორე გაუწყრა მას: „ღვთისა არ გეშინია? შენც ხომ იგივე განაჩენი გამოგიტანეს!
41 ჩვენ ღირსები ვართ, ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ; ამ კაცს კი ცუდი არაფერი ჩაუდენია“.
42 შემდეგ იესოს უთხრა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“.+
43 მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს*: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.+
44 მეექვსე საათისთვის მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა და ასე გაგრძელდა მეცხრე საათამდე*;+
45 მზე დაბნელდა და ტაძრის ფარდა+ შუაზე ჩაიხა.+
46 იესომ ხმამაღლა დაიძახა: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული*!“+ ეს თქვა და სული განუტევა.+
47 ამ ყოველივეს დანახვაზე ასისთავმა ღმერთი განადიდა და თქვა: „ეს ნამდვილად მართალი კაცი იყო“.+
48 იესოს დასჯის სანახავად შეკრებილი მთელი ხალხი მომხდარის გამო მკერდში მჯიღის ცემით გაბრუნდა უკან.
49 ყველა, ვინც იესოს იცნობდა, მოშორებით იდგა. ის ქალებიც, გალილეიდან რომ გამოჰყვნენ, იქ იყვნენ და ამ ყველაფერს უყურებდნენ.+
50 იყო ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კარგი და მართალი ადამიანი+
51 (მან მხარი არ დაუჭირა მათ ბოროტ განზრახვას). იგი იუდეველთა ქალაქ არიმათეიდან იყო; ის ღვთის სამეფოს ელოდა.
52 მივიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.
53 ჩამოხსნა,+ საუკეთესო სელის ტილოში გაახვია და კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენა,+ სადაც ჯერ არავინ დაესვენებინათ.
54 სამზადისის დღე*+ იყო, შაბათი+ დგებოდა.
55 მას გალილეიდან ჩამოსული ქალებიც გაჰყვნენ და ნახეს სამარხი და ის ადგილიც, სადაც იესო დაასვენეს.+
56 შემდეგ უკან დაბრუნდნენ სურნელოვანი ნაზავისა და ნელსაცხებლების მოსამზადებლად, შაბათს+ კი კანონის თანახმად დაისვენეს.
სქოლიოები
^ იგულისხმება ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
^ იხ. დანართი ა3.
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „ქრისტე“.
^ ბერძნულ ტექსტში სასვენი ნიშნები არ იყო გამოყენებული. ამ თარგმანში ორწერტილი „დღის“ შემდეგ არის დასმული, რის მართებულობასაც შემდეგი ბიბლიური მუხლები ადასტურებს: ინ. 20:17; სქ. 1:1—3, 9; 10:40; 1კრ. 15:20; კლ. 1:18.
^ დაახლ. დღის 12 სთ - დან დღის 3 სთ-მდე.
^ ბერძნ. „პნევმა“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.