ლუკას სახარება 20:1—47

  • იესოს უფლებამოსილების ეჭვქვეშ დაყენება (1—8).

  • იგავი მკვლელ მევენახეებზე (9—19).

  • ღმერთი და კეისარი (20—26).

  • მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვა (27—40).

  • არის ქრისტე დავითის ძე? (41—44).

  • „ერიდეთ მწიგნობრებს“ (45—47).

20  ერთხელ, როცა იესო ტაძარში ხალხს ასწავლიდა და სასიხარულო ცნობას აუწყებდა, მასთან უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესები მივიდნენ  და უთხრეს: „გვითხარი, რა უფლებით აკეთებ ამას. ვინ მოგცა შენ ამის უფლება?“+  იესომ მიუგო: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას და მიპასუხეთ:  საიდან ჰქონდა იოანეს ნათლობის უფლება — ზეციდან თუ კაცთაგან?“  მათ ერთმანეთში მსჯელობა დაიწყეს: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო.  მაგრამ, თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხი ჩაგვქოლავს, რადგან იოანე წინასწარმეტყველად მიაჩნიათ“.+  ბოლოს უპასუხეს, არ ვიცით, საიდან ჰქონდაო.  იესომ მიუგო: „მაშინ არც მე გეტყვით, რა უფლებით ვაკეთებ ამას“.  შემდეგ ხალხს ასეთ იგავს მოუყვა: «ერთმა კაცმა ვენახი+ გააშენა და მევენახეებს იჯარით მისცა, თვითონ კი შორს გაემგზავრა დიდი ხნით.+ 10  რთველი რომ მოახლოვდა, მან მევენახეებს მონა გაუგზავნა თავისი წილის მისაღებად. მაგრამ მევენახეებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს.+ 11  კიდევ ერთი მონა გაუგზავნა. მასაც სცემეს, დაამცირეს და ხელცარიელი გაუშვეს. 12  მესამეც გაგზავნა და არც ის დაინდეს, დაჭრეს და გარეთ გააგდეს. 13  მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: „როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს+ გავუგზავნი; მას მაინც მოეპყრობიან პატივისცემით“. 14  როცა ის მევენახეებმა დაინახეს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა, მოდი მოვკლათ და მისი მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. 15  გაათრიეს იგი ვენახიდან და მოკლეს.+ რას უზამს მათ ვენახის პატრონი? 16  მივა, დახოცავს იმ მევენახეებს და ვენახს სხვებს ჩააბარებს». ამ იგავის მოსმენის შემდეგ თქვეს: „ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს მოხდეს!“ 17  იესომ შეხედა მათ და უთხრა: „მაშ, რას ნიშნავს, წმინდა წერილებში რომ წერია, მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადებ ქვად იქცაო?+ 18  ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა,+ ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს“. 19  მაშინ მწიგნობრებმა და უფროსმა მღვდლებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ იესო ამ იგავში მათ გულისხმობდა, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.+ 20  ისინი ჯერ ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდნენ, მერე კი მოსყიდული ხალხი მიუგზავნეს, რომლებსაც გულწრფელ ადამიანებად უნდა მოეჩვენებინათ მისთვის თავი, რომ სიტყვაში გამოეჭირათ,+ ხელისუფლებისთვის გადაეცათ და გამგებლის ხელში ჩაეგდოთ. 21  მათ ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ, ჭეშმარიტებას ასწავლი, მიკერძოებას არ იჩენ და ღვთის გზას სწორად ასწავლი. 22  უნდა ვუხდიდეთ გადასახადებს კეისარს?“ 23  იესო მიუხვდა მათ ცბიერებას და უთხრა: 24  „მაჩვენეთ დინარი. ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. 25  მაშინ უთხრა: „ამიტომ კეისრისა კეისარს+ მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს!“+ 26  ვერ გამოიჭირეს ის სიტყვაში ხალხის წინაშე. მისი პასუხით გაოცებულებმა ხმა ვეღარ ამოიღეს. 27  შემდეგ იესოსთან სადუკეველები მივიდნენ, რომელთაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომის,+ და უთხრეს:+ 28  „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ კაცს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.+ 29  იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ უშვილოდ მოკვდა. 30  ასე დაემართა მეორესაც, 31  შემდეგ კი ის ქალი მესამემ შეირთო. მასაც და ყველა დანარჩენსაც, მეშვიდეს ჩათვლით, იგივე დაემართათ, უშვილოდ დაიხოცნენ. 32  ბოლოს ქალიც მოკვდა. 33  აღდგომისას რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად!“ 34  იესომ მიუგო: «ამ ქვეყნიერებაში* ცოლებს ირთავენ და თხოვდებიან, 35  ხოლო ვინც მომავლისა* და მკვდრეთით აღდგომის ღირსად ითვლება, არც ცოლს ირთავს და არც თხოვდება.+ 36  ისინი აღარც კვდებიან, არამედ ისე არიან, როგორც ანგელოზები; და ვინაიდან აღდგომის შვილები არიან, ისინი ღვთის შვილები არიან. 37  მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა, როცა ეკლიანი ბუჩქის შესახებ დაწერა — მან იეჰოვას* „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“ უწოდა.+ 38  ის მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან».+ 39  ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა უთხრა: „კარგად თქვი, მოძღვარო!“ 40  კითხვის დასმა ვეღარ გაუბედეს. 41  მან ჰკითხა მათ: «როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა,+ 42  როცა დავითი თვითონ ამბობს ფსალმუნების წიგნში, იეჰოვამ* ჩემს უფალს უთხრა, იჯექი ჩემ მარჯვნივ, 43  სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევო?+ 44  თუ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?!» 45  როცა მთელი ხალხი უსმენდა, მან თავის მოწაფეებს უთხრა: 46  „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული, მოედნებზე მისალმება, წინა ადგილები სინაგოგებში და საპატიო ადგილები ნადიმებზე,+ 47  ისინი ქვრივთა ქონებას ჭამენ და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო მკაცრად დაისჯებიან“.

სქოლიოები

ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).