ლევიანები 7:1—38
7 „ეს არის კანონი დანაშაულის შესაწირავზე,+ რომელიც წმინდაა:
2 დანაშაულის შესაწირავი იქ უნდა დაიკლას, სადაც დასაწვავი მსხვერპლი იკვლება, და მისი სისხლი+ სამსხვერპლოს ყველა მხრიდან უნდა მიესხუროს.+
3 მიიტანოს მღვდელმა მთელი მისი ქონი,+ დუმა, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის,
4 ღვიძლის ქონი და ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა.+
5 დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ ეს არის დანაშაულის შესაწირავი.
6 ჭამოს ის ყველა მამაკაცმა, ყველა მღვდელმა;+ წმინდა ადგილას ჭამონ. ეს შესაწირავი წმინდაა.+
7 დანაშაულის შესაწირავიც ისევე უნდა შეიწიროს, როგორც ცოდვის შესაწირავი. ხორცი იმ მღვდლისა იქნება, რომელიც გამოსყიდვის წესს შეასრულებს.+
8 დასაწვავი მსხვერპლის ტყავი+ იმ მღვდლისა იქნება, რომელთანაც მას შესაწირავად მიიყვანენ.
9 ღუმელში გამომცხვარი, ქვაბში ან კეცზე მომზადებული მარცვლეული შესაწირავი+ იმ მღვდლისა იქნება, რომელიც მას შესწირავს. ის მისი იქნება,+
10 ხოლო ზეთიანი+ ან მშრალი+ მარცვლეული შესაწირავი აარონის ყველა ვაჟისა იქნება; ყველა მათგანს თანაბრად უნდა შეხვდეს.
11 ეს არის კანონი სამშვიდობო მსხვერპლზე,+ რომელსაც იეჰოვასთან მიიტანენ:
12 თუ მას სამადლობელ მსხვერპლად სწირავენ,+ მაშინ სამადლობელ მსხვერპლთან ერთად მიიტანონ ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადები, ზეთწასმული უფუარი კვერები და ზეთში კარგად მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით მომზადებული რგოლისებრი კვერები.
13 ეს შესაწირავი საფუვრიან რგოლისებრ კვერებთან და სამადლობელ, სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად მიიტანონ.
14 თითოეული შესაწირავიდან თითო-თითო მიუტანონ იეჰოვას როგორც წმინდა წილი. ის იმ მღვდლისა იქნება, რომელიც სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს სამსხვერპლოს ასხურებს.+
15 სამადლობელი, სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს შეჭამონ; დილამდე არ შეინახონ.+
16 თუ მსხვერპლი აღთქმული+ ან ნებაყოფლობითია,+ ის შეწირვის დღეს უნდა ჭამონ; თუმცა, თუ რაიმე მორჩებათ, შეუძლიათ მეორე დღესაც ჭამონ,
17 მაგრამ, რაც მესამე დღისთვის მორჩებათ, ცეცხლში უნდა დაწვან.+
18 თუ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი მესამე დღეს შეიჭმება, ღმერთი მის შემწირველს არ მოიწონებს და მას ეს შეწირულად არ ჩაეთვლება; ეს ხორცი წაბილწულია და ვინც მას შეჭამს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.+
19 თუ ხორცი გაუწმინდურდება, ის არ უნდა ჭამონ, ცეცხლში უნდა დაწვან. წაუბილწველი ხორცი მხოლოდ მან უნდა ჭამოს, ვინც გაუწმინდურებული არ იქნება.
20 თუ იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს გაუწმინდურებული შეჭამს, ის უნდა მოკვდეს.+
21 თუ ვინმე შეეხება რაღაც უწმინდურს ან გაუწმინდურებულ ადამიანს,+ უწმინდურ ცხოველს+ ან უწმინდურ, საზიზღარ რამეს+ და იეჰოვასთვის განკუთვნილი სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს შეჭამს, უნდა მოკვდეს“.
22 შემდეგ იეჰოვამ მოსეს დაავალა:
23 «გადაეცი ისრაელებს: „არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის და არც თხის ქონი.+
24 მკვდარი ან დაგლეჯილი ცხოველის ქონი შეგიძლიათ ნებისმიერი რამისთვის გამოიყენოთ, მაგრამ არ ჭამოთ.+
25 ვინც იეჰოვასთვის განკუთვნილი ცეცხლში დასაწვავი შესაწირავის ქონს შეჭამს, უნდა მოკვდეს.
26 არც ფრინველის და არც ცხოველის სისხლი+ არ ჭამოთ, სადაც არ უნდა იცხოვროთ.
27 ვინც სისხლს შეჭამს, უნდა მოკვდეს“».+
28 შემდეგ იეჰოვამ მოსეს კვლავ დაავალა:
29 «გადაეცი ისრაელებს: „ვინც იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავს, ამ შესაწირავიდან ნაწილი იეჰოვას მიუტანოს.+
30 მკერდთან ერთად საკუთარი ხელით მიიტანოს ქონი,+ როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, და იეჰოვას წინაშე შეარხიოს როგორც შესარხევი შესაწირავი.+
31 ქონი მღვდელმა სამსხვერპლოზე დაწვას, რომ აბოლდეს;+ მკერდი კი აარონისა და მისი ვაჟების იქნება.+
32 შემწირველმა მღვდელს სამშვიდობო მსხვერპლიდან მარჯვენა ბარკალი მისცეს როგორც წმინდა წილი.+
33 მარჯვენა ბარკალი აარონის იმ ვაჟის წილი იქნება, რომელიც სამშვიდობო მსხვერპლის სისხლსა და ქონს ღმერთს მიუტანს.+
34 ისრაელების სამშვიდობო მსხვერპლიდან მკერდი, როგორც შესარხევი შესაწირავი, და ბარკალი, როგორც წმინდა წილი, მე მეკუთვნის და აარონ მღვდელსა და მის ვაჟებს ვაძლევ. ეს არის სამარადისო წესი ისრაელებისთვის“».+
35 ეს იყო მღვდლების, აარონისა და მისი ვაჟების, წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან იმ დღიდან მოყოლებული, როცა მოსემ ისინი იეჰოვას წარუდგინა, რომ მღვდლებად ემსახურათ.+
36 იეჰოვამ მათი ცხების დღეს+ ბრძანა, რომ ისრაელებს მათთვის ეს წილი მიეცათ. ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.
37 ეს არის კანონი დასაწვავ მსხვერპლზე,+ მარცვლეულ შესაწირავზე,+ ცოდვის შესაწირავზე,+ დანაშაულის შესაწირავზე,+ მღვდლად დანიშვნის შესაწირავსა+ და სამშვიდობო მსხვერპლზე.+
38 ამის შესახებ ელაპარაკა იეჰოვა მოსეს სინაის მთაზე+ იმ დღეს, რა დღესაც მოსემ ისრაელებს უბრძანა, რომ შესაწირავი მიეტანათ იეჰოვასთვის სინაის უდაბნოში.+