ლევიანები 19:1—37
19 იეჰოვამ მოსეს უთხრა:
2 «გადაეცი ისრაელებს: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
3 პატივი ეცით დედას და მამას.+ დაიცავით ჩემი შაბათები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
4 არ მიმართოთ უსარგებლო ღმერთებს+ და არ ჩამოასხათ კერპები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
5 თუ სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავთ იეჰოვას,+ ისე შესწირეთ, რომ მან მოგიწონოთ.+
6 შეწირული მსხვერპლი პირველ და მეორე დღეს ჭამეთ; რაც მოგრჩებათ, მესამე დღეს ცეცხლში დაწვით.+
7 თუ მესამე დღესაც შეჭამთ, ეს დანაშაულად ჩაგეთვლებათ და შესაწირავს ღმერთი არ მიიღებს.
8 ვინც შეჭამს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე, რადგან შებღალა ის, რაც წმინდაა იეჰოვასთვის. ის უნდა მოკვდეს.
9 როცა მოსავალს მოიმკი შენს მიწაზე, სრულად არ მომკა შენი მინდვრის ნაპირები და არ აკრიფო ის, რაც მოსავლის აღების დროს დაგიცვივდება.+
10 შენს ვენახში აქა-იქ შემორჩენილი ყურძენი აღარ დაკრიფო და არც ძირს დაცვენილი აკრიფო; ღარიბებსა+ და ხიზნებს დაუტოვე. მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი.
11 არ იქურდო,+ არ იცრუო;+ არ მოექცეთ ერთმანეთს ვერაგულად.
12 ტყუილზე არ დაიფიცო ჩემი სახელი,+ რათა არ შებღალო შენი ღვთის სახელი. მე ვარ იეჰოვა.
13 არაფერი გამოსძალო მოძმეს+ და არ გაძარცვო;+ დაქირავებულ მუშას გასამრჯელო დღის ბოლომდე გადაუხადე.+
14 არ დასწყევლო ყრუ და უსინათლოს წინ არაფერი დაუდო, ფეხი რომ არ წამოჰკრას.+ გეშინოდეს შენი ღვთისა.+ მე ვარ იეჰოვა.
15 ნურავის გამოუტან განაჩენს უსამართლოდ. ნუ იქნები მიკერძოებული — ნურც ღარიბს მიემხრობი და ნურც მდიდარს.+ სამართლიანად გაასამართლე შენი მოძმე.
16 ნუ შემოივლი შენს ხალხს იმისათვის, რომ მათთან ვინმეს ცილი დასწამო.+ შენი მოძმის სიცოცხლეს* ნუ ხელყოფ*.+ მე ვარ იეჰოვა.
17 არ შეიძულო შენი ძმა.+ აუცილებლად შეაგონე შენი მოძმე,+ რათა შენც არ შესცოდო.
18 არ იძიო შური+ შენს მოძმეზე და არც ბოღმა ჩაიდო გულში მის მიმართ. მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს.+ მე ვარ იეჰოვა.
19 დაიცავით ჩემი წესები: არ შეაჯვაროთ ორი სხვადასხვა შინაური ცხოველი, არ დათესოთ ორი სხვადასხვა მცენარის თესლი+ თქვენს მინდორში და არ ჩაიცვათ ორი სხვადასხვა ძაფით ნაქსოვი ტანსაცმელი.+
20 თუ კაცი მოახლე ქალთან დაწვება, რომელიც სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არც გამოსყიდულია და არც გათავისუფლებული, ორივენი უნდა დაისაჯონ, თუმცა ისინი არ უნდა დახოცონ, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა.
21 ამ კაცმა დანაშაულის შესაწირავი ვერძი შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიუყვანოს იეჰოვას.+
22 შესწიროს მღვდელმა დანაშაულის შესაწირავი ვერძი იეჰოვას წინაშე მისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად და მას ჩადენილი ცოდვა ეპატიება.
23 როცა იმ მიწაზე შეხვალთ და ნაყოფის მომცემ რომელიმე ხეს დარგავთ, მისი ნაყოფი უწმინდური იქნება თქვენთვის და არ უნდა ჭამოთ; სამი წელი აკრძალული გექნებათ მისი ჭამა; არ უნდა ჭამოთ.
24 მეოთხე წელს კი მისი ნაყოფი წმინდა იქნება; ის იეჰოვას სიხარულით შესწირეთ.+
25 მეხუთე წელს შეგიძლიათ ჭამოთ მისი ნაყოფი. თქვენს მოსავალს ესეც შეემატება. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
26 სისხლიანად არაფერი ჭამოთ.+
ნუ დაიწყებთ ნურც მისნობას და ნურც ჯადოქრობას.+
27 არ შეიკრიჭოთ თმა საფეთქლებთან და არ დაიმახინჯოთ წვერის კიდეები.+
28 არ დაისეროთ სხეული მკვდრის* გამო+ და სხეულზე არაფერი დაიხატოთ. მე ვარ იეჰოვა.
29 არ აქციო მეძავად შენი ასული და ამგვარად არ შეურაცხყო იგი,+ რათა არ წაიბილწოს მიწა მეძაობით და არ აივსოს აღვირახსნილობით.+
30 დაიცავით ჩემი შაბათები+ და მოწიწება გქონდეთ ჩემი წმინდა ადგილის მიმართ. მე ვარ იეჰოვა.
31 არ მიმართოთ არც სულების გამომძახებლებს+ და არც მკითხავებს,+ რათა არ გაგაუწმინდურონ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
32 ჭაღარას წამოუდექი+ და პატივი ეცი მოხუცებულს.+ გეშინოდეს შენი ღვთისა.+ მე ვარ იეჰოვა.
33 ცუდად არ მოეპყრო ხიზანს;+
34 არ განასხვაო ხიზანი მკვიდრისგან.+ საკუთარი თავივით შეიყვარე იგი, ვინაიდან ერთ დროს თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
35 პატიოსნად მოიქეცი, როცა რაიმეს ზომავ, წონი თუ წყავ.+
36 ზუსტი სასწორი, ზუსტი საწონი, ზუსტი ეფა და ზუსტი ჰინი უნდა გქონდეთ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეთ.
37 დაიცავით ჩემი წესები და სამართალი;+ მე ვარ იეჰოვა“».
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „სისხლს“.
^ ან შესაძლოა: „განზე ნუ გადგები, როცა შენი მოძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“.
^ ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).