იოანეს სახარება 13:1—38

  • იესო ფეხებს ჰბანს მოწაფეებს (1—20).

  • იესო ააშკარავებს გამცემის ვინაობას (21—30).

  • ახალი მცნება (31—35).

    • „თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (35).

  • „მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ!“ (36—38).

13  იესომ პასექის დღესასწაულამდე იცოდა, რომ ქვეყნიერების დატოვებისა და მამასთან წასვლის+ დრო დამდგარიყო,+ და რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.+  ვახშმის დროს ეშმაკს უკვე შთაეგონებინა სიმონის ძისთვის, იუდა ისკარიოტელისთვის,+ რომ გაეცა იესო.+  ვინაიდან იესომ იცოდა, რომ მამამ ყველაფერი მას გადასცა, რომ ღვთისგან იყო და ღმერთთან მიდიოდა,+  სუფრიდან წამოდგა, მოსასხამი გვერდზე გადადო, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.+  ტაშტში წყალი ჩაასხა, დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა და წელზე შემორტყმული პირსახოცით შემშრალება.  სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, მან ჰკითხა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“  იესომ მიუგო: „ახლა არ გესმის, რას ვაკეთებ, მაგრამ მერე გაიგებ“.  პეტრემ უთხრა მას: „არა, არ დაგაბანინებ ფეხებს!“ იესომ უპასუხა: „თუ არ დამაბანინებ,+ არ გექნება ჩემთან წილი!“  სიმონ-პეტრემ მიუგო: „უფალო, მაშინ მარტო ფეხები კი არა, ხელებიც და თავიც დამბანე!“ 10  იესომ უთხრა: „დაბანილს ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა. თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა“. 11  მან იცოდა, ვინ გასცემდა,+ ამიტომაც თქვა, ყველა არ ხართო სუფთა. 12  როცა მათ ფეხები დაბანა, მოსასხამი მოისხა, კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა მაგიდასთან და მათ უთხრა: «ხვდებით, რატომ დაგბანეთ ფეხები? 13  თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და მართლებიც ხართ, რადგან ასეცაა.+ 14  ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები,+ თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.+ 15  ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე გააკეთოთ.+ 16  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე მეტი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე მეტი; 17  ახლა იცით ყოველივე ეს, და თუ ასე მოიქცევით, ბედნიერნი იქნებით.+ 18  ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ; ვიცი, ვინც ამოვირჩიე, თუმცა უნდა შესრულდეს წმინდა წერილში ჩაწერილი:+ „მან, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი!“+ 19  სანამ ეს მოხდება, მანამ გეუბნებით, რათა, როცა მოხდება, ირწმუნოთ, რომ ეს მე ვარ.+ 20  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემს გაგზავნილს იღებს, მეც მიღებს,+ ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს».+ 21  ეს რომ თქვა, იესო ძლიერ დამწუხრდა და თქვა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს!“+ 22  დაბნეულმა მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს, ვისზე თქვაო.+ 23  იესოს გვერდით სუფრასთან იჯდა* ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა.+ 24  მაშინ სიმონ-პეტრემ თავით ანიშნა ამ მოწაფეს და ჰკითხა: „ვისზე ამბობს ამას?“ 25  ისიც მკერდზე მიეყრდნო იესოს და ჰკითხა: „უფალო, ვისზე ამბობ?“+ 26  იესომ უპასუხა: „მასზე, ვისაც ჩაწებულ პურს მივაწვდი“.+ ჩააწო პური, აიღო და მიაწოდა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. 27  მას შემდეგ, რაც იუდამ პური გამოართვა, სატანა შევიდა მასში.+ მაშინ იესომ უთხრა მას: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ!“ 28  მაგრამ სუფრასთან მყოფთა შორის არავინ იცოდა, რატომ უთხრა ეს, 29  და რადგან ყულაბა იუდას ჰქონდა,+ ზოგს ეგონა, რომ იესო სადღესასწაულოდ რაიმეს ყიდვას ან ღარიბებისთვის მოწყალების გაღებას ავალებდა. 30  იუდამ პური გამოართვა და გარეთ გავიდა. უკვე დაღამებულიყო.+ 31  მისი გასვლის შემდეგ, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე,+ და მისით განდიდდა ღმერთი. 32  თავად ღმერთი განადიდებს მას,+ მაშინვე განადიდებს. 33  შვილებო, კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან. მომძებნით, თუმცა თქვენც იმავეს გეუბნებით, რაც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი.+ 34  ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ,+ თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი!+ 35  ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“.+ 36  სიმონ-პეტრემ ჰკითხა: „უფალო, სად მიდიხარ?“ იესომ მიუგო: „სადაც მე მივდივარ, ახლა იქ ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“.+ 37  პეტრემ უთხრა მას: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? თავს გავწირავ შენთვის!“+ 38  იესომ უპასუხა: „თავს გაწირავ ჩემთვის?! ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ!“+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ინახად იჯდა“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.