იესო ნავეს ძე 2:1—24

  • იესო ნავეს ძე იერიხონის დასაზვერად ორ კაცს გზავნის (1—3).

  • რახაბი მალავს მზვერავებს (4—7).

  • რახაბისთვის მიცემული პირობა (8—21ა).

    • სარკმელზე გამობმული ალისფერი თოკი (18).

  • მზვერავები ბრუნდებიან იესო ნავეს ძესთან (21ბ—24).

2  იესო ნავეს ძემ ფარულად გაგზავნა ორი მზვერავი შიტიმიდან+ და დაავალა: „წადით, დაზვერეთ ის მიწა და იერიხონი“. ისინიც წავიდნენ, მივიდნენ ერთი მეძავის, რახაბის,+ სახლში და იქ გაჩერდნენ.  იერიხონის მეფეს ამბავი მიუტანეს, ღამით ისრაელები მოსულან მიწის დასაზვერადო.  შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს, გამოიყვანე ის კაცები, შენს სახლში რომ მოვიდნენ და დარჩნენ, რადგან მიწის დასაზვერად არიანო მოსული.  ქალმა დამალა ის ორი კაცი, მეფის გამოგზავნილ კაცებს კი ასე მიუგო: „მოსვლით კი მოვიდნენ, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ,  შებინდებისას წავიდნენ, კარიბჭის დაკეტვამდე, ოღონდ საით, არ ვიცი. თუ ახლავე დაედევნებით, დაეწევით“  (მას ისინი ბანზე გაშლილ სელის კონებში ჰყავდა დამალული).  დაედევნენ მათ მეფის გაგზავნილი კაცები იორდანის მიმართულებით, ფონებისკენ.+ მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს კარიბჭე.  სანამ მზვერავები დაიძინებდნენ, ავიდა ქალი მათთან ბანზე  და უთხრა: „ვიცი, რომ მოგცემთ იეჰოვა ამ მიწას;+ თქვენმა შიშმა შეგვიპყრო,+ შეძრწუნებულნი არიან ამ მიწის მკვიდრნი თქვენ გამო.+ 10  გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვა თქვენ თვალწინ, როცა ეგვიპტიდან გამოხვედით,+ და რა დამართეთ ამორეველების ორ მეფეს, სიხონსა+ და ოგს,+ როგორ გაანადგურეთ ისინი იორდანის გაღმა. 11  როცა გავიგეთ ეს ამბავი, გული შეგვიკრთა და აღარავის შეგვრჩა მხნეობა თქვენი შიშით, რადგან თქვენი ღმერთი იეჰოვა ცისა და დედამიწის ღმერთია.+ 12  გთხოვთ, დაიფიცეთ იეჰოვა, რომ როგორც მე გაგიკეთეთ სიკეთე*, თქვენც ისევე გაუკეთებთ სიკეთეს* მამაჩემის სახლეულობას, და ნიშანს მომცემთ, რომ შეასრულებთ თქვენს სიტყვას. 13  ცოცხალი დატოვეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი და-ძმები და ყველა მათიანი; გვიხსენით სიკვდილისგან“.+ 14  კაცებმა მიუგეს მას: „მოვკვდებით და სიტყვას არ გადავალთ! თუ არ გაახმაურებთ ჩვენს ამბავს, ჩვენც გაგიკეთებთ სიკეთეს* და გიერთგულებთ, როცა იეჰოვა ამ მიწას მოგვცემს“. 15  შემდეგ მან თოკით ჩაუშვა ისინი სარკმლიდან, რადგან მისი სახლი გალავანზე იყო.+ 16  უთხრა მათ: „მთაში წადით და სამი დღე დაიმალეთ, მდევრებს რომ არ გადაეყაროთ; როცა მდევრები დაბრუნდებიან, თქვენს გზას დაადექით“. 17  კაცებმა მიუგეს მას: „ბრალი არ დაგვედება დადებული ფიცის გამო,+ 18  თუ ეს ალისფერი თოკი, რომლითაც ძირს ჩამოგვიშვი, სარკმელზე არ იქნება გამობმული მაშინ, როცა ამ მიწაზე შემოვალთ. შეკრიბე შენს სახლში მამაშენი, დედაშენი, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეულობა.+ 19  თუ შენი სახლიდან ვინმე გარეთ გამოვა, მისი სისხლი მისივე კისერზე იქნება, ჩვენ კი ბრალი არ დაგვედება. მაგრამ, თუ შენს სახლში ვინმეს ხელს ახლებენ, მისი სისხლი ჩვენს კისერზე იქნება. 20  თუ გაახმაურებ ჩვენს ამბავს,+ ბრალი არ დაგვედება დადებული ფიცის გამო“. 21  მან მიუგო: „თქვენი სიტყვისამებრ იყოს!“ გაუშვა ისინი და მზვერავებიც დაადგნენ თავიანთ გზას. შემდეგ ქალმა სარკმელს ალისფერი თოკი გამოაბა. 22  ისინი მთაში წავიდნენ და სამი დღე დარჩნენ იქ მდევრების დაბრუნებამდე. ეძებდნენ მათ მდევრები გზებზე, მაგრამ ვერ იპოვეს. 23  ჩამოვიდა ის ორი კაცი მთიდან. გადალახეს მათ მდინარე, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც თავს გადახდათ. 24  უთხრეს მათ იესო ნავეს ძეს: „ხელში ჩაგვიგდო იეჰოვამ მთელი ის მიწა!+ შეძრწუნებულნი არიან იმ მიწის მკვიდრნი ჩვენ გამო“.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).