ეზეკიელი 6:1—14

  • ისრაელის მთათა წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი (1—14).

    • საზიზღარი კერპების დამცირება (4—6).

    • „გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (7).

6  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, შებრუნდი ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ.  უთხარი, ისრაელის მთებო, ისმინეთ-თქო უზენაესი უფლის, იეჰოვას, სიტყვა! აი, რას ეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა მთებსა და გორებს, მდინარეებსა და ველებს: „მე მოგივლენთ მახვილს და გავანადგურებ თქვენს სათაყვანო მაღლობებს.  დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები და დაილეწება თქვენი სასაკმევლეები;+ დახოცილებს მათივე საზიზღარი კერპების*+ წინ დავყრი.  ისრაელების გვამებს თავიანთი საზიზღარი კერპების წინ დავყრი და თქვენი სამსხვერპლოების გარშემო მიმოვფანტავ თქვენს ძვლებს.+  განადგურდება ყველა ის ქალაქი, სადაც თქვენ ცხოვრობთ,+ დაინგრევა და მიწასთან გასწორდება სათაყვანო მაღლობები;+ დაიმტვრევა და გაპარტახდება თქვენი სამსხვერპლოები, შეიმუსრება თქვენი საზიზღარი კერპები და დაილეწება თქვენი სასაკმევლეები; გაცამტვერდება თქვენი ნახელავი.  დახოცილები ეყრებიან თქვენ შორის+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+  მაგრამ ყველას არ შეგმუსრავთ; ზოგიერთი თქვენგანი მახვილს გადაურჩებით, როცა ერებს შორის, სხვადასხვა მიწაზე გაიფანტებით.+  ტყვეობაში მყოფი გადარჩენილები არ დამივიწყებენ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც იცხოვრებენ.+ მიხვდებიან, რომ გული მატკინა მათმა ორგულობამ, ზურგი რომ მაქციეს,+ და იმან, მზერა საზიზღარი კერპებისკენ რომ აქვთ მიპყრობილი.+ შერცხვებათ იმ ბოროტი და საძულველი საქმეების გამო, რასაც სჩადიოდნენ,+ და შეზიზღდებათ ეს ყოველივე. 10  გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა და ტყუილად არ ვემუქრებოდი, უბედურებას დაგატეხთ-მეთქი“.+ 11  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ხელი ხელს შემოჰკარი, ფეხი დააბაკუნე და იგლოვე ისრაელების მიერ ჩადენილი ბოროტი და საძულველი საქმეების გამო, ვინაიდან ისინი მახვილით, შიმშილითა და ჭირით გაწყდებიან.+ 12  შორს მყოფი ჭირით მოკვდება, ახლოს მყოფი მახვილით განიგმირება, ხოლო ვინც ამ ყოველივეს გადაურჩება, შიმშილით მოკვდება; გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.+ 13  მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა დახოცილები საზიზღარ კერპებს შორის ეყრებიან, სამსხვერპლოების გარშემო,+ ყველა მაღალ გორაზე, ყველა მთის მწვერვალზე, ყველა ფოთოლხშირი და დიდი დატოტვილი ხის ქვეშ — იქ, სადაც შეწირული მსხვერპლის საამო სურნელებით აამებდნენ თავიანთ საზიზღარ კერპებს.+ 14  ხელს აღვმართავ მათზე და გავაპარტახებ მათ მიწას; დიბლის მხარეს მდებარე უდაბნოზე მეტად გაუდაბურდება მათი სამკვიდრო. გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».

სქოლიოები

ამ ფრაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შესაძლოა ენათესავებოდეს სიტყვა „ნეხვს“.