ეზეკიელი 11:1—25
11 ამიტაცა სულმა და მიმიყვანა იეჰოვას ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, აღმოსავლეთს რომ გაჰყურებს.+ კარიბჭის შესასვლელთან 25 კაცი დავინახე, ხალხის მთავრები,+ მათ შორის აზურის ვაჟი იააზანია და ბენაიას ვაჟი ფელატია.
2 ღმერთმა მითხრა: „კაცის ძეო, ეს ის კაცები არიან, ბოროტებას რომ იზრახავენ და ცუდ რჩევას რომ იძლევიან ამ ქალაქის საუბედუროდ;
3 ამბობენ, ახლა ხომ სახლების შენების დროა,+ ეს ქალაქი ქვაბია,+ ჩვენ კი — ხორციო.
4 იწინასწარმეტყველე მათზე, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე“.+
5 მაშინ იეჰოვას სული გადმოვიდა ჩემზე;+ მან მითხრა: «გადაეცი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „მართალს ამბობ, ისრაელო, ვიცი, რასაც ფიქრობ.
6 თქვენ მრავალი დახოცეთ ქალაქში, მისი ქუჩები დახოცილებით აავსეთ“.+
7 ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ხორცი დახოცილები არიან, რომლითაც ქალაქი აავსეთ, ხოლო ქვაბი ქალაქია;+ ამოგიღებენ ამ ქვაბიდან.
8 მახვილის გეშინიათ+ და სწორედ მახვილს დაგკრავთ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
9 გამოგიყვანთ იქიდან, ჩაგაგდებთ უცხოელთა ხელში და აღვასრულებ განაჩენს თქვენზე.+
10 მახვილით დაეცემით;+ ისრაელის საზღვარზე გაგასამართლებთ+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+
11 არ იქნება ეს ქალაქი თქვენთვის ქვაბი და არც თქვენ იქნებით ხორცი მასში. ისრაელის საზღვარზე გაგასამართლებთ
12 და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, რადგან არ იცავდით ჩემს წესებს; თქვენ ჩემს კანონებს კი არ იცავდით,+ არამედ თქვენ გარშემო მცხოვრები ხალხების კანონებს“».+
13 როგორც კი დავასრულე წინასწარმეტყველება, მოკვდა ფელატია, ბენაიას ვაჟი. პირქვე დავემხვე და შევძახე: „ვაიმე, უზენაესო უფალო, იეჰოვა! ნუთუ დანარჩენ ისრაელებსაც შემუსრავ?!“+
14 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:
15 «კაცის ძეო, იერუსალიმის მკვიდრნი ეუბნებიან შენს მოძმეებს, შენი გამოსყიდვის უფლების მქონეთ, და მთელ ისრაელს, გაეცალეთ იეჰოვას, ეს მიწა ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ მოგვეცა ის სამკვიდროდო.
16 ამიტომ თქვი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შორს, სხვა ერებში გადავკარგე და სხვადასხვა მიწაზე მიმოვფანტე,+ ცოტა ხნით მაინც ვიქცევი მათთვის წმინდა ადგილად იმ ქვეყნებში, სადაც გაიფანტნენ“.+
17 ამიტომ თქვი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოგიყვანთ ხალხებიდან და გამოგკრებთ იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაფანტულნი ხართ, და მოგცემთ ისრაელის მიწას;+
18 დაბრუნდებიან და მოაშორებენ იქიდან ყველა სიბილწესა და სისაძაგლეს.+
19 მივცემ მათ გაუყოფელ გულს+ და ახალ სულს ჩავუდგამ;+ ქვის გულს მოვაშორებ+ და სათნო* გულს მივცემ,+
20 რათა მიჰყვნენ ჩემს წესებს და დაიცვან ჩემი სამართალი; მაშინ ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები.
21 ისინი კი, ვინც საძულველი და საზიზღარი საქმეების ჩადენას არ წყვეტენ, საკუთარი საქციელის შედეგებს იწვნევენ“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
22 ასწიეს ფრთები ქერუბიმებმა; ბორბლებიც მათ გვერდით იყო.+ მათ თავზევით ისრაელის ღვთის დიდება იყო დავანებული.+
23 შემდეგ იეჰოვას დიდება+ ქალაქს ასცილდა და მთის თავზე გაჩერდა, ქალაქის აღმოსავლეთით.+
24 ამიტაცა სულმა და ღვთის სულით ნაჩვენები ხილვის მეშვეობით ქალდეაში გადასახლებულ ხალხთან მიმიყვანა. მერე დამთავრდა ხილვა.
25 გადასახლებულ ხალხს ყველაფერი ვუამბე, რაც იეჰოვამ მახილვინა.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ხორცის“. იგულისხმება ისეთი გულის ადამიანი, რომელიც ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვება.