დაბადება 40:1—23
40 ეგვიპტის მეფის მწდეთუხუცესმა*+ და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს.
2 განრისხდა ფარაონი იმ ორ მოხელეზე, მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესზე,+
3 და ჩაყარა მცველთა უფროსის+ სახლის საპატიმროში, იქ, სადაც იოსები იყო.+
4 მცველთა უფროსმა მათ იოსები მიუჩინა, რომ ეზრუნა მათზე.+ ისინი რამდენიმე ხანს იყვნენ საპატიმროში.
5 ეგვიპტის მეფის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა, რომლებიც საპყრობილეში იყვნენ, ერთ ღამეს ნახეს სიზმრები; თითოეულ სიზმარს თავისი ახსნა ჰქონდა.
6 დილით, როცა იოსები მათთან მივიდა, დამწუხრებულები დახვდნენ.
7 იოსებმა ფარაონის მოხელეებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მისი ბატონის სახლის საპატიმროში, ჰკითხა: „რატომ ხართ სახედაღვრემილნი?“
8 მათ მიუგეს: „სიზმრები ვნახეთ, მაგრამ ამხსნელი არავინ გვყავს“. იოსებმა უთხრა: „ღვთისგან არ არის ახსნა?!+ მომიყევით“.
9 მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი უამბო: „ვაზი მესიზმრა.
10 სამი რქა ჰქონდა. ვაზმა კვირტი გამოიტანა, გაიფურჩქნა და მტევნები დამწიფდა.
11 ხელში ფარაონის სასმისი მეჭირა. ავიღე ყურძენი, სასმისში ჩავწურე და ფარაონს მივაწოდე“.
12 იოსებმა უთხრა: „აი, როგორი ახსნა აქვს ამ სიზმარს: სამი რქა სამი დღეა.
13 სამ დღეში გაგიყვანს ფარაონი და დაგაბრუნებს შენს სამსახურში.+ კვლავ მიაწვდი ფარაონს სასმისს, როგორც ამას მწდეთუხუცესობის დროს აკეთებდი.+
14 ოღონდ არ დამივიწყო, როცა ხელი მოგემართება; გამიკეთე სიკეთე* და მახსენე ფარაონთან, იქნებ მეც გამიყვანო.
15 ებრაელთა მიწიდან მომიტაცეს;+ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ახლა დილეგში ვიჯდე“.+
16 როცა მცხობელთა უფროსმა დაინახა, რომ იოსებმა სიზმარი მწდეთუხუცესის სასიკეთოდ ახსნა, უთხრა: „მეც ვნახე სიზმარი: თავზე სამი კალათა მედგა, რომლებშიც თეთრი პური ელაგა.
17 სულ ზემოთა კალათაში ფარაონისთვის გამომცხვარი ნაირ-ნაირი ნახელავი ეწყო, რომელსაც ფრინველები ჭამდნენ ჩემს თავზე დადგმული კალათიდან“.
18 იოსებმა მიუგო: „აი, როგორი ახსნა აქვს ამ სიზმარს: სამი კალათა სამი დღეა.
19 სამ დღეში ფარაონი თავს მოგკვეთს, ძელზე ჩამოგკიდებს და შენს ხორცს ფრინველები შეჭამენ“.+
20 მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო.+ მან ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს; მოიყვანა მწდეთუხუცესიც და მეპურეთუხუცესიც.
21 მწდეთუხუცესი თავის ადგილზე დააბრუნა და ის კვლავ აწვდიდა ფარაონს სასმისს,
22 მეპურეთუხუცესი კი ძელზე ჩამოკიდა. ისე მოხდა, როგორც იოსებმა აუხსნა მათ.+
23 მაგრამ მწდეთუხუცესს იოსები არც კი გახსენებია, დაავიწყდა იგი.+
სქოლიოები
^ მაღალი წოდების სამეფო მოხელის ტიტული.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).