იოანეს გამოცხადება 3:1—22
3 «სარდისის კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ის, ვისაც ღვთის შვიდი სული+ და შვიდი ვარსკვლავი აქვს:+ „ვიცი შენი საქმეები; ცოცხლის სახელი გაქვს, თუმცა მკვდარი ხარ.+
2 გამოფხიზლდი+ და განამტკიცე ისინი, ვინც კინაღამ დაიხოცნენ, რადგან შენი ბოლომდე მიყვანილი საქმე ჩემი ღვთის წინაშე ჯერ არ მინახავს.
3 ამიტომ გახსოვდეს, რაც მიიღე და მოისმინე; კვლავაც დაიცავი ეს ყოველივე და მოინანიე.+ თუ არ გამოფხიზლდები, ქურდივით მოვალ+ და ვერ გაიგებ, რომელ საათზე დაგადგები თავს.+
4 თუმცა გყავს სარდისში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბილწავთ სამოსი.+ ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრი სამოსით შემოსილნი,+ რადგან იმსახურებენ ამას.
5 მძლეველი+ თეთრი სამოსით შეიმოსება.+ არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან+ და მამაჩემისა და მისი ანგელოზების წინაშე ვაღიარებ, რომ ვიცნობ მას.+
6 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“.
7 ფილადელფიის კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო წმინდა+ და ჭეშმარიტი,+ ვისაც დავითის გასაღები+ აქვს, ვის გაღებულსაც ვერავინ კეტავს და ვის დაკეტილსაც ვერავინ აღებს:
8 „ვიცი შენი საქმეები (გაგიღე კარი,+ რომელსაც ვერავინ დაკეტავს). ისიც ვიცი, რომ გაქვს მცირეოდენი ძალა, რომ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
9 მათ, ვინც სატანის სინაგოგიდან არიან და ცრუობენ, იუდეველები ვართო,+ ვაიძულებ, რომ მოვიდნენ და შენს ფეხებთან დაემხონ; გავაგებინებ მათ, რომ შეგიყვარე.
10 რაკი ყოველთვის გახსოვდა ის, რაც ჩემი მოთმინების შესახებ გქონდა გაგებული*,+ დაგიცავ გამოცდის საათისგან,+ რომელიც მთელ დედამიწას დაუდგება მის მკვიდრთა გამოსაცდელად.
11 მე მალე მოვალ.+ ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს, რომ არავინ წაგართვას გვირგვინი.+
12 მძლეველს ჩემი ღვთის ტაძარში სვეტად ვაქცევ და ის აღარასოდეს გავა გარეთ. დავაწერ მას ჩემი ღვთის სახელს, ჩემი ღვთის ქალაქის სახელს,+ ახალ იერუსალიმს,+ რომელიც ზეციდან ჩემი ღვთისგან ჩამოდის, და ჩემს ახალ სახელს.+
13 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“.
14 ლაოდიკეის კრების+ ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ამინი,+ ერთგული და ჭეშმარიტი+ მოწმე,+ ღვთის ქმნილებათაგან პირველი:+
15 „ვიცი შენი საქმეები; არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი!
16 რაკი ნელთბილი ხარ, არც ცხელი ხარ+ და არც ცივი,+ ამოგანთხევ პირიდან.
17 რაკი ამბობ, მდიდარი ვარ,+ დიდძალი ქონება მაქვს და არაფერი მჭირდებაო, არადა, საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა და შიშველი ხარ,
18 გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, თეთრი სამოსელი, რათა შეიმოსო და დაიფარო სამარცხვინო სიშიშვლე,+ და თვალის მალამო, თვალებზე რომ შეიზილო+ და დაინახო.+
19 ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და დავსჯი.+ ამიტომ გამოიჩინე მოშურნეობა და მოინანიე.+
20 კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. ვინც ჩემს ხმას გაიგებს და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ერთად ვივახშმებ, ის კი — ჩემთან ერთად.
21 მძლეველს+ ნებას მივცემ, რომ ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე,+ როგორც მე გავხდი მძლეველი და მამაჩემთან ერთად დავჯექი+ მის ტახტზე.
22 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“».
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „რაკი მომბაძე მოთმინებაში“.