გამოსვლა 8:1—32
8 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «წადი ფარაონთან და უთხარი, ასე დამაბარა-თქო იეჰოვამ: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ.+
2 თუ არც ამჯერად გაუშვებ, ბაყაყებს დავასევ მთელ შენს ქვეყანას.+
3 მდინარე ნილოსი ბაყაყებით აივსება, ამოხტებიან და შეესევიან შენს სახლს, საძინებელს, საწოლს, შენს მსახურთა სახლებს, შენს ხალხს, შენს ღუმლებსა და ვარცლებს.+
4 დაგესევათ ბაყაყები შენ, შენს ხალხსა და შენს მსახურებს“».
5 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: «ასე უთხარი აარონს: „გაიწოდე ჯოხი, ხელში რომ გიჭირავს, მდინარეებისკენ, ნილოსის არხებისა და ჭაობებისკენ და ამოვლენ ბაყაყები ეგვიპტის მიწაზე“».
6 აარონმაც გაიწოდა ხელი ეგვიპტის წყლებისკენ; ამოვიდნენ ბაყაყები და მოედვნენ ეგვიპტის მიწას.
7 გრძნეულმა ქურუმებმაც იგივე გააკეთეს თავიანთი ჯადოქრობით და ამოვიდნენ ბაყაყები ეგვიპტის მიწაზე.+
8 ფარაონმა მოსესა და აარონს მოუხმო და უთხრა: „შეევედრეთ იეჰოვას, რომ მოგვაშოროს ბაყაყები მე და ჩემს ხალხს,+ და გავუშვებ თქვენს ხალხს, რომ მსხვერპლი შესწირონ იეჰოვას“.
9 მოსემ ფარაონს მიუგო: „მიბრძანე, როდის შევევედრო ღმერთს, რომ მოგშორდნენ ბაყაყები შენ, შენს ხალხს, შენს მსახურებსა და შენს სახლებს; მხოლოდ მდინარე ნილოსში დარჩებიან“.
10 მან მიუგო: „ხვალ“. მოსემ უთხრა: „შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი და გაიგებ, რომ არავინაა ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსგავსი.+
11 მოგშორდებიან ბაყაყები შენ, შენს სახლებს, შენს მსახურებსა და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარე ნილოსში დარჩებიან“.+
12 წავიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეევედრა მოსე იეჰოვას, მოეშორებინა ბაყაყები, ფარაონს რომ დაასია.+
13 შეისმინა იეჰოვამ მოსეს ვედრება და გაწყდნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში.
14 ხალხი ბაყაყებს გროვებად ახვავებდა და გროვებს თვლა არ ჰქონდა; აყროლდა ქვეყანა.
15 დაინახა ფარაონმა, რომ ქვეყანამ შვებით ამოისუნთქა; გაჯიუტდა+ და არ მოუსმინა მათ, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.
16 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აარონს უთხარი, გაიწოდოს ჯოხი, დაჰკრას მიწის მტვერს და მტვერი ქინქლად გადაიქცევა მთელი ეგვიპტის მიწაზე“.
17 ისინიც ასე მოიქცნენ. გაიწოდა აარონმა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, დაჰკრა მიწის მტვერს და ქინქლა დაესია კაცსაც და ცხოველსაც. მთელი ეგვიპტის მიწის მტვერი ქინქლად გადაიქცა.+
18 გრძნეულმა ქურუმებმაც სცადეს ქინქლის გაჩენა თავიანთი ჯადოქრობით,+ მაგრამ ვერ შეძლეს. დაესია ქინქლა კაცსაც და ცხოველსაც.
19 გრძნეულმა ქურუმებმა ფარაონს უთხრეს: „ეს ღვთის ხელია!“+ მაგრამ კვლავ გაჯიუტდა ფარაონი და არ მოუსმინა მათ, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.
20 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «დილით ადრე ადექი. გზაში დახვდი მდინარისკენ მიმავალ ფარაონს და უთხარი, ასე გეუბნება-თქო იეჰოვა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ.
21 თუ არ გაუშვებ ჩემს ხალხს, ბუზანკალს დაგასევთ შენ, შენს მსახურებს, შენს ხალხსა და შენს სახლებს. ბუზანკლით აივსება ეგვიპტელთა სახლები და მათი მიწა.
22 გოშენის მიწას კი, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობს, დავიფარავ; იმ დღეს იქ ერთი ბუზანკალიც არ იქნება.+ ასე გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა და ამ მიწაზე ძალაუფლება მე მაქვს.+
23 გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისგან. ეს სასწაული ხვალ მოხდება“».
24 ასეც გააკეთა იეჰოვამ. უამრავი ბუზანკალი შეუსია ფარაონის სახლს, მისი მსახურების სახლებსა და მთელი ეგვიპტის მიწას.+ ააოხრა ბუზანკალმა ქვეყანა.+
25 ბოლოს მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს, ოღონდ ამ მიწაზე“.
26 მოსემ მიუგო: „ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან, რაც იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, უნდა შევწიროთ, სისაძაგლეა ეგვიპტელებისთვის;+ და ეგვიპტელთა თვალწინ რომ შევწიროთ ის, რაც მათთვის სისაძაგლეა, ხომ ჩაგვქოლავენ?!
27 სამი დღის სავალზე წავალთ უდაბნოში და შევწირავთ მსხვერპლს იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, ზუსტად ისე, როგორც მან გვითხრა“.+
28 ფარაონმა უთხრა: „გაგიშვებთ და შესწირეთ უდაბნოში მსხვერპლი იეჰოვას, თქვენს ღმერთს. ოღონდ ასე შორს არ წახვიდეთ. შეევედრეთ ჩემთვის“.+
29 მოსემ მიუგო: „წავალ და შევევედრები იეჰოვას. ხვალ მოსცილდება ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს, ოღონდ ნუღარ მოგვატყუებს ფარაონი და გაუშვას ხალხი იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად“.+
30 წავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა იეჰოვას.+
31 შეისმინა იეჰოვამ მოსეს ვედრება და მოსცილდა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა.
32 მაგრამ ამჯერადაც გაჯიუტდა ფარაონი და არ გაუშვა ხალხი.