გამოსვლა 37:1—29
37 ბეცალელმა+ კიდობანი+ აკაციის ხისგან გააკეთა, სიგრძით ორწყრთა-ნახევარი*, სიგანით წყრთა-ნახევარი და სიმაღლითაც წყრთა-ნახევარი.+
2 ხალასი ოქროთი მოავარაყა შიგნიდან და გარედან და ოქროს არშია შემოავლო.+
3 ჩამოასხა 4 ოქროს რგოლი და დაამაგრა ოთხივე ფეხის ზემოთ, 2 რგოლი ერთ მხარეს დაამაგრა, 2 — მეორე მხარეს.
4 გააკეთა კეტები აკაციის ხისგან და ოქროთი მოავარაყა.+
5 გაუყარა კეტები კიდობნის გვერდებზე მიმაგრებულ რგოლებში მის სატარებლად.+
6 გაუკეთა ხალასი ოქროს სახურავი,+ სიგრძით ორწყრთა-ნახევარი და სიგანით წყრთა-ნახევარი.+
7 გამოჭედა 2 ოქროს ქერუბიმი+ და დაამაგრა სახურავის ორივე ბოლოზე:+
8 ერთი ქერუბიმი — ერთ ბოლოზე, მეორე კი — მეორე ბოლოზე. ქერუბიმები სახურავის ორივე ბოლოზე დაამაგრა.
9 ქერუბიმებს ფრთები ზემოთ ჰქონდათ აწვდილი და ფრთებით სახურავს ფარავდნენ;+ სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიმართული და სახურავს დაჰყურებდნენ.+
10 მაგიდა აკაციის ხისგან გააკეთა,+ სიგრძით 2 წყრთა, სიგანით 1 წყრთა და სიმაღლით წყრთა-ნახევარი.+
11 ის ხალასი ოქროთი მოავარაყა და ოქროს არშია შემოავლო.
12 შემდეგ შემოავლო ხელისგულის სიგანის* სარტყელი, სარტყელს კი — ოქროს არშია.
13 ჩამოასხა 4 ოქროს რგოლი და მიამაგრა მაგიდას ოთხივე კუთხეზე, ოთხივე ფეხთან.
14 კეტების გასაყრელი რგოლები მაგიდას სარტყელთან მიამაგრა სატარებლად.
15 მაგიდის სატარებელი კეტები აკაციის ხისგან გააკეთა და ოქროთი მოავარაყა.
16 ხალასი ოქროსგან დაამზადა მაგიდაზე დასალაგებელი ჭურჭელი: ლანგრები, თასები, ჯამები და დოქები, საიდანაც დასაღვრელი შესაწირავი იღვრებოდა.+
17 გააკეთა ხალასი ოქროს სალამპრე.+ სალამპრე გამოჭედა. მისი ძირი, ღერო, ჯამები, კვირტები და ყვავილები ერთიან ნაკეთობად გამოჭედა.+
18 სალამპრის ღეროდან 6 რტო გამოდიოდა, 3 რტო — ერთი მხრიდან და 3 — მეორე მხრიდან.
19 ერთ რტოზე იყო ნუშის ყვავილის მსგავსი 3 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით, მეორე რტოზეც ნუშის ყვავილის მსგავსი 3 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით. ასე გამოდიოდა სალამპრის ღეროდან 6 რტო.
20 სალამპრის ღეროზე იყო ნუშის ყვავილის მსგავსი 4 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით.
21 კვირტი იყო მოთავსებული ღეროდან გამოსული პირველი ორი რტოს ქვეშ, კვირტი იყო მომდევნო ორი რტოს ქვეშ და კვირტი იყო დანარჩენი ორი რტოს ქვეშაც, რადგან 6 რტო გამოდიოდა სალამპრის ღეროდან.
22 კვირტები, რტოები და მთლიანად სალამპრე ხალასი ოქროს ერთიან ნაკეთობად იყო გამოჭედილი.
23 გააკეთა ხალასი ოქროსგან 7 ლამპარი,+ მისი მაშები და საცეცხლურები.
24 სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა 1 ტალანტი* ხალასი ოქროთი გააკეთა.
25 საკმევლის სამსხვერპლო+ აკაციის ხისგან გააკეთა; სამსხვერპლო ოთხკუთხედის ფორმისა იყო, სიგრძითაც და სიგანითაც 1 წყრთა, ხოლო სიმაღლით 2 წყრთა. სამსხვერპლოს რქები ჰქონდა; რქები კუთხეებიდან ამოდიოდა.+
26 სამსხვერპლო — მისი ზედაპირი, გვერდები და რქები — ხალასი ოქროთი მოავარაყა; მას ზემოდან ოქროს არშია შემოავლო.
27 არშიის დაბლა, სამსხვერპლოს კეტების გასაყრელად და სატარებლად ორ მოპირდაპირე გვერდზე ორ-ორი ოქროს რგოლი გაუკეთა.
28 გააკეთა კეტები აკაციის ხისგან და ოქროთი მოავარაყა.
29 დაამზადა აგრეთვე წმინდა საცხები ზეთი+ და სუფთა სურნელოვანი საკმეველი,+ და კარგად შეაზავა ერთმანეთში.
სქოლიოები
^ წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.
^ დაახლ. 7,5 სმ. იხ. დანართი ბ14.
^ ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.