არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Ა4

ღვთის სახელი ებრაულ წერილებში

ღვთის სახელი ძველი ებრაული ასოებით, რომლებსაც ბაბილონში გადასახლებამდე იყენებდნენ.

ღვთის სახელი ებრაული ასოებით, რომლებსაც ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ.

ღვთის სახელი, რომელიც ოთხი ებრაული თანხმოვნითაა (יהוה) წარმოდგენილი, ებრაულ წერილებში თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება. წინამდებარე თარგმანში ტეტრაგრამატონის სახელით ცნობილი ეს ოთხი თანხმოვანი გადმოტანილია როგორც „იეჰოვა“. ბიბლიაში ეს სახელი ყველაზე ხშირად გამოიყენება. მართალია, ღვთივშთაგონებული დამწერები ღმერთთან მიმართებით მრავალ წოდებასა თუ ეპითეტს იყენებენ, როგორიცაა მაგალითად, „ყოვლისშემძლე“, „უზენაესი“, „უფალი“, მაგრამ ტეტრაგრამატონი ერთადერთი საკუთარი სახელია, რომლითაც ისინი ღმერთს მოიხსენიებენ.

ბიბლიის დამწერებს თავად იეჰოვა ღმერთმა შთააგონა, რომ მისი სახელი დაეწერათ. მაგალითად, წინასწარმეტყველმა იოელმა ღვთივშთაგონებით დაწერა: „ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32). ღმერთმა ფსალმუნმომღერალსაც დააწერინა: „იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18). მხოლოდ „ფსალმუნებში“ (პოეტური ნაწარმოებები, რომლებიც ღვთის ხალხს უნდა ემღერა და ხმამაღლა ეკითხა) ღვთის სახელი 700-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. მაშ, რატომ არ გვხვდება ღვთის სახელი ბიბლიის მრავალ თარგმანში? რატომაა ამ თარგმანში გამოყენებული სახელი „იეჰოვა“ ამ ფორმით და რას ნიშნავს ღვთის სახელი „იეჰოვა“?

„ფსალმუნების“ მკვდარი ზღვის ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც ახ. წ. I საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ტექსტი დაწერილია ებრაული ასოებით, რომლებსაც ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ, ტეტრაგრამატონი კი აშკარად განსხვავებული ძველი ებრაული ასოებითაა დაწერილი.

რატომ არ გვხვდება ღვთის სახელი ბიბლიის მრავალ თარგმანში? რამდენიმე მიზეზის გამო. ზოგის აზრით, ყოვლისშემძლე ღმერთს არ სჭირდება კონკრეტული სახელი. ზოგიც, როგორც ჩანს, იუდაისტური ტრადიციის გავლენაშია და შიშობს, რომ ღვთის სახელი არ შებღალოს, ამიტომ საერთოდ თავს არიდებს მის წარმოთქმას. ზოგს კი მიაჩნია, რომ ვინაიდან არავინ იცის, ზუსტად როგორ წარმოითქმება ღვთის სახელი, უმჯობესია მხოლოდ ისეთი წოდებების გამოყენება, როგორიცაა „უფალი“ ან „ღმერთი“. მაგრამ ქვემოთ განხილულ მიზეზთა გამო ასეთი მოსაზრებები საფუძველს მოკლებულია.

  • ვინც ამბობს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს არ სჭირდება საკუთარი სახელი, მას მხედველობიდან რჩება ის ფაქტი, რომ ღვთის სიტყვის უძველესი ხელნაწერები, მათ შორის ქრისტეს შობამდე დათარიღებული ხელნაწერები, შეიცავს ღვთის საკუთარ სახელს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღმერთმა ბიბლიის დამწერებს თავის სიტყვაში დაახლოებით 7 000-ჯერ ჩააწერინა საკუთარი სახელი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთს სურს, ვიცოდეთ მისი სახელი და სახელით მოვიხსენიებდეთ მას.

  • მთარგმნელებმა, რომლებმაც იუდაისტური ტრადიციის პატივისცემის გამო ამოიღეს ბიბლიიდან ღვთის სახელი, უგულებელყვეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი გადამწერები ღვთის სახელს არ წარმოთქვამდნენ, მათ არ ამოუღიათ ის ბიბლიის თავიანთი ხელნაწერებიდან. მკვდარ ზღვასთან ახლოს, კუმრანში ნაპოვნ უძველეს ხელნაწერებში არაერთ ადგილას არის მოხსენიებული ღვთის სახელი. ამასთანავე, ბიბლიის ზოგ თარგმანში ღვთის სახელის ნაცვლად დიდი ასოებით წერია წოდება „უფალი“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დედანში მის ადგილას ღვთის საკუთარი სახელი ეწერა. მაგრამ საინტერესოა, რატომ მისცეს მთარგმნელებმა თავს იმის უფლება, რომ ბიბლიიდან ამოეღოთ ღვთის სახელი, მაშინ როცა თავად აღიარებენ, რომ ის დედანში ათასობით ადგილასაა? რით ხსნიან ასეთ თამამ ნაბიჯს?

  • ის, ვინც ღვთის სახელის გამოყენებას უმართებულოდ მიიჩნევს იმის გამო, რომ არავინ იცის, ზუსტად როგორ წარმოითქმება ის, იესოს სახელს თავისუფლად იყენებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს ღვთის ძის სახელს ისე არ წარმოთქვამენ როგორც მას I საუკუნეში წარმოთქვამდნენ. იუდეველი ქრისტიანები სახელ „იესოს“, სავარაუდოდ, წარმოთქვამდნენ „იეშუად“, ხოლო წოდება „ქრისტეს“ — „მაშიახად“ ანუ „მესიად“. ბერძნულენოვანი ქრისტიანები მას „იესუს ქრისტოსს“ უწოდებდნენ, ლათინურენოვანი ქრისტიანები კი — „იესუს ქრისტუსს“. ღვთივშთაგონებით ბიბლიაში ჩაიწერა მისი სახელის ბერძნული ეკვივალენტი, რაც იმაზე მოწმობს, რომ I საუკუნის ქრისტიანები ამ სახელის იმ ფორმას იყენებდნენ, რომელიც მათ ენაში იყო გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სარედაქციო კომიტეტი გამართლებულად მიიჩნევს ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენებას, იმისდა მიუხედავად, რომ ზუსტად არავინ იცის, თუ როგორ წარმოთქვამდნენ მას ძველად ებრაელები.

რატომაა ამ თარგმანში სახელი „იეჰოვა“ ამ ფორმით გამოყენებული? ქართულ ენაში ტეტრაგრამატონის ოთხი ასო (יהוה) წარმოდგენილია ოთხი თანხმოვნით ჲჰვჰ. ძველებრაულში სიტყვები მხოლოდ თანხმოვნებით იწერებოდა და ეს ტეტრაგრამატონის შემთხვევაშიც ასე იყო. ვინც ძველებრაულზე მეტყველებდა, სიტყვებში სათანადო ხმოვნებს თავისუფლად სვამდა.

ებრაული წერილების დასრულებიდან დაახლოებით 1 000 წლის შემდეგ ებრაელმა სწავლულებმა შეიმუშავეს წარმოთქმის აღმნიშვნელი ნიშნების სისტემა, რაც მკითხველს სათანადო ხმოვნების ჩასმაში ეხმარებოდა. მაგრამ იმ დროს ცრურწმენის გამო ბევრი იუდეველი მიიჩნევდა, რომ ღვთის საკუთარი სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა. ამიტომ ისინი ღვთის სახელს წოდებებით ცვლიდნენ. როგორც ჩანს, ტეტრაგრამატონის გადმოტანისას მათ ღვთის სახელის აღმნიშვნელ ოთხ თანხმოვანთან დასვეს მისი შემცვლელი წოდებების ხმოვანთა აღმნიშვნელი ნიშნები. ასე რომ, ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების შემცველი ხელნაწერები ვერ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ წარმოითქმებოდა ეს სახელი ებრაულ ენაზე. ზოგის აზრით, მისი სწორი ფორმაა „იაჰვე“, ზოგი კი სხვა ფორმებს ანიჭებს უპირატესობას. ბერძნულ ენაზე შესრულებულ მკვდარი ზღვის ერთ-ერთ ხელნაწერში, რომელიც „ლევიანების“ ფრაგმენტს შეიცავს, ღვთის სახელი გადმოტანილია „იაოდ“. აღსანიშნავია ისიც, რომ ადრინდელი ბერძენი მწერლები იყენებდნენ შემდეგ ფორმებს: „იაე“, „იაბე“ და „იაუე“. თუმცა ამ საკითხს კატეგორიულად არ უნდა მივუდგეთ. ერთი რამ ფაქტია: ჩვენთვის უცნობია, როგორ წარმოთქვამდნენ ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები ღვთის სახელს ებრაულ ენაზე (დაბადება 13:4; გამოსვლა 3:15). თუმცა დაბეჯითებით ვიცით ის, რომ ღმერთი თავის ხალხთან ურთიერთობისას ხშირად მოიხსენიებდა საკუთარ სახელს, ისინიც მიმართავდნენ მას ამ სახელით და სხვებთან საუბრის დროსაც იხსენიებდნენ მას (გამოსვლა 6:2; 1 მეფეები 8:23; ფსალმუნი 99:9). და მაინც, რატომაა ამ თარგმანში სახელი „იეჰოვა“ ამ ფორმით გამოყენებული?

ღვთის სახელი დაბადების 15:2-ში (უილიამ ტინდალის ხუთწიგნეულის თარგმანი, 1530)

დავიწყოთ იმით, რომ ქართულ ენაში ღვთის სახელის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ღვთის სახელი ფორმით „იეოვა“ პირველად სულხან-საბა ორბელიანის (XVI-XVII სს.) რედაქციით გამოცემული ბიბლიის დანართში გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ქართული ენა ცვლილებას განიცდიდა და ამან, შესაბამისად, ღვთის სახელის ფორმების ცვლილებაც განაპირობა. მაგალითად, არქიმანტდრიტმა ნესტორ ყუბანეიშვილმა თავის წიგნში „საღვთო სჯული“, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში სკოლებში ისწავლებოდა, მოიხსენია ღვთის სახელი „იეგოვა“ (ღვთის სახელის ეს ფორმა ილია ჭავჭავაძესაც აქვს გამოყენებული). იმ დროს აგრეთვე იყენებდნენ ღვთის სახელს ფორმით „იეღოვა“ (ღვთის სახელის ეს ფორმა გამოყენებული აქვთ ისეთ მწერლებს, როგორებიც იყვნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე და იროდიონ ევდოშვილი). უფრო მოგვიანებით ქართველმა მწერლებმა თავიანთ ნაწარმოებებსა თუ თარგმანებში გამოიყენეს ღვთის სახელის ფორმა „იეჰოვა“. მათ შორის არიან: კონსტანტინე გამსახურდია, ლევან სანიკიძე და მურმან ლებანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ წყაროებში ღვთის სახელი სხვადასხვა ფორმით გვხვდება, გადაჭრით ვერ ვიტყვით, თუ რომელი ფორმაა უპირატესი. მთავარი ის კი არაა, თუ როგორ წარმოვთქვამთ ღვთის სახელს, არამედ იმის აღიარება, რომ ღმერთს აქვს საკუთარი სახელი და ის არ უნდა ჩანაცვლდეს წოდებით „უფალი“.

ღვთის სახელს სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებშიც ვხვდებით. მაგალითად, უილიამ ტინდალმა ხუთწიგნეულის თარგმანში, რომელიც 1530 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზე, ღვთის სახელის ფორმა „იეჰოუა“ გამოიყენა. XVI საუკუნეში ევროპაში ბიბლიის სხვა მთარგმნელებმაც გამოიყენეს ღვთის სახელის მსგავსი ფორმები. მათ შორის იყვნენ: სებასტიან მიუნსტერი (ლათინური ენა, 1534 წ.), პიერ-რობერტ ოლივეტანი (ფრანგული ენა, 1535 წ.), ანტონიო ბრუჩოლი (იტალიური ენა, 1540 წ.), კასიოდორო დე რეინა (ესპანური ენა, 1569 წ.).

ტეტრაგრამატონი „ჲჰვჰ“ ნიშნავს: „აქცევინებს“.

ზმნა „ჰვჰ“ ნიშნავს „გახდომას“, „გადაქცევას“.

რას ნიშნავს სახელი „იეჰოვა“? ებრაულ ენაში ეს სახელი მომდინარეობს ზმნიდან „გახდომა“, „გადაქცევა“. ბევრი ენათმეცნიერის აზრით, ღვთის სახელი ამ ებრაული ზმნის კაუზატიური ანუ შუალობითი ფორმაა. ამიტომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სარედაქციო კომიტეტი მიიჩნევს, რომ ღვთის სახელი სიტყვასიტყვით უნდა ითარგმნოს როგორც „აქცევინებს“ ანუ ის აქცევს ვინმეს ან რამეს იმად, რადაც საჭიროა. მეცნიერთა შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ დოგმატურები ვერ ვიქნებით. თუმცა ეს მნიშვნელობა კარგად აღწერს იეჰოვას, ფიზიკური სამყაროსა და გონიერი ქმნილებების შემოქმედს, რომელიც ახორციელებს ანუ რეალობად აქცევს თავის ნებასა და განზრახვებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობა არ შემოიფარგლება გამოსვლის 3:14-ში გამოყენებული მონათესავე ზმნის მნიშვნელობით, სადაც წერია: „მე ვიქცევი იმად, რადაც მოვისურვებ“ ან „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ . ეს სიტყვები ღვთის სახელის სრულ მნიშვნელობას არ გამოხატავს. ეს ფრაზა უბრალოდ ხაზს უსვამს ღვთის პიროვნების ერთ-ერთ მხარეს, კერძოდ იმას, რომ ის იქცევა იმად, რადაც საჭირო იქნება თავისი განზრახვების განსახორციელებლად. თუმცა ღვთის სახელის, „იეჰოვას“, მნიშვნელობა მხოლოდ ამ აზრის მატარებელი როდია. მისი სახელის მნიშვნელობა აგრეთვე გულისხმობს მისი ქმნილებების იმად ქცევას, რადაც საჭიროა, რომ მისი განზრახვები შესრულდეს.