2021 წლის 12 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | სამი ძმა მოთმინებით იტანს ხანგრძლივ წინასწარ პატიმრობას
ამა წლის 23 ივნისს საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვილენ ავანესოვის და ალექსანდრე პარკოვის მეორე საჩივარი. პროკურორის მოთხოვნით სასამართლომ არსენ ავანესოვის საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა. საქმის ხელახლა განხილვას შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელი მოჰყვეს. სამივე ძმა პატიმრობაში რჩება.
2021 წლის 6 დეკემბერს როსტოვის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არსენის, ვილენისა და ალექსანდრეს საჩივარი. სამივე მათგანი კვლავ პატიმრობაში რჩება.
2021 წლის 29 ივლისს დონის როსტოვში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ არსენსა და ალექსანდრეს ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ვილენს — ექვსწლიანი. სამივე ძმამ ორ წელზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ზოგადი ინფორმაცია
არსენ ავანესოვი
დაბადების წელი: 1983 (ბაქო, აზერბაიჯანი)
ბიოგრაფია: შეისწავლა საინჟინრო საქმე და მუშაობდა მშენებლობაზე. ბავშვობიდან უყვარს რაგბის თამაში. ისწავლა ინგლისური და ფრანგული ენები.
მშობლების დახმარებით განივითარა ბიბლიური ფასეულობების სიყვარული. მოინათლა 2005 წელს.
ვილენ ავანესოვი
დაბადების წელი: 1952 (ბაქო, აზერბაიჯანი)
ბიოგრაფია: მუშაობდა ელექტრიკოსად და მშენებლად. უყვარს მზარეულობა, პურის ცხობა და კითხვა. ახალგაზრდობაში მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი ბიბლია იყო.
1980 წელს დაქორწინდა სტელაზე. მათ ჰყავთ ერთი ვაჟი, არსენი და ერთი ქალიშვილი, ელინა. 1988 წელს მთელმა ოჯახმა, როგორც დევნილებმა, თავი შეაფარა სომხეთს. იმავე წელს ერევანში (სომხეთი) მომხდარი მიწისძვრის შედეგად ოჯახს ეკონომიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც კვლავ მოუწიათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ისინი რუსეთში, დონის როსტოვში, გადავიდნენ საცხოვრებლად. ვილენი 2006 წელს მოინათლა.
ალექსანდრე პარკოვი
დაბადების წელი: 1967 (სპასკი, კემეროვოს ოლქი)
ბიოგრაფია: ადრეული ასაკიდანვე ისწავლა შრომის სიყვარული. ზრუნავდა ფერმაზე და მწყემსავდა საქონელს. მუშაობდა ტრაქტორის ოპერატორად, აგრეთვე ქმნიდა სხვადასხვა ნაკეთობას სპილენძისგან.
1990 წელს დაქორწინდა გალინაზე. მათ ერთად დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. ალექსანდრე 1992 წელს მოინათლა. ჰყავთ სამი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი.
სასამართლო საქმე
2019 წლის 22 მაისს სამართალდამცავებმა დონის როსტოვში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა სახლებში ჩხრეკები აწარმოეს. ძმა ვილენ ავანესოვი, მისი ვაჟი არსენი და ძმა ალექსანდრე პარკოვი განყოფილებაში გადაიყვანეს და თითქმის ორი წელი ამყოფეს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. 2021 წლის მარტში სამივენი სხვა იზოლატორში გადაიყვანეს.
ვილენის მეუღლე სტელას შეზღუდული აქვს ქმარ-შვილის მონახულება. გარდა ამისა, ის შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ალექსანდრეს მეუღლე გალინაც გაასამართლეს რწმენის გამო და ორი წლითა და სამი თვის ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდეს.
მსოფლიო საძმო ძალიან დამწუხრებულია ამ უსამართლო დაპატიმრებების გამო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება „საპყრობილეში მყოფნი, თითქოს [ჩვენც] მათთან ერთად [ვიყოთ] შეპყრობილნი“ (ებრაელები 13:3).