6 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
მარტივი კონსტრუქციის საკონგრესო დარბაზების მშენებლობა აფრიკაში
2024 წლის 12 ოქტომბერს უგანდაში იეჰოვას მოწმეთა სამ ახალ საკონგრესო დარბაზში მიძღვნის პროგრამა ჩატარდა. სამივე დარბაზი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ლტოლვილთა ბანაკებში აშენდა. აღნიშნული დარბაზები იმ პროგრამის ფარგლებში აიგო, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა და საკონგრესო დარბაზების მარტივი კონსტრუქციით აშენებას გულისხმობს. ამ პროგრამის მიზანია, სწრაფად და ბიუჯეტურად აშენდეს უბრალო, მაგრამ კონგრესებისთვის შესაფერისი კონსტრუქციები შორეულ ტერიტორიებზე (2 კორინთელები 8:13–15). აღნიშნულ ღონისძიებას დიდი სარგებლობა მოაქვს აფრიკაში მცხოვრები ათასობით იეჰოვას მოწმისთვის. 2024 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 100 ამგვარი პროექტი დასრულდება, 2025 წლისთვის კი 30 საკონგრესო დარბაზის მშენებლობა იგეგმება.
საკონგრესო დარბაზის მარტივი კონსტრუქციით აგება ადგილობრივი საჭიროებებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ხდება. მაგალითად, ზოგ ტერიტორიაზე მზისგან და წვიმისგან დასაცავად დგამენ კარავს, რომელიც 650 ადამიანზეა გათვლილი, ზოგან კი ისეთ კონსტრუქციებს აგებენ, სადაც დაახლოებით 2 000 ადამიანი ეტევა. ამ შენობა-ნაგებობებში უამინდობის დროსაც შეიძლება პროგრამის ყურადღებით მოსმენა. ისინი აღჭურვილია აუდიო-ვიდეო აპარატურით. აგრეთვე იქ არის სცენა და აუზი ნათლობისთვის. უგანდაში მცხოვრები ერთი იეჰოვას მოწმე იხსენებს: „ადრე კონგრესები ღია ცის ქვეშ ტარდებოდა. თუ ამ დროს გაწვიმდებოდა, თავიდან ბოლომდე ვსველდებოდით. ზოგჯერ კოკისპირულად წვიმდა და იძულებული ვიყავით, თავი სადმე სხვაგან შეგვეფარებინა. ამის გამო პროგრამას კარგად ვეღარ ვისმენდით. ახლა კი მოსმენაში ხელს აღარაფერი გვიშლის და შეგვიძლია პროგრამით სრულად ვისარგებლოთ. მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომ ასეთი შესანიშნავი საკონგრესო დარბაზი გვაქვს!“.
ანგოლაში მცხოვრები ერთი იეჰოვას მოწმე ამ დარბაზებთან დაკავშირებით ასეთ რამეს ამბობს: „ადრე რამდენიმე დღეს ვანდომებდით დროებითი კონსტრუქციების აწყობას, სადაც სარაიონო და რეგიონულ კონგრესებს ვატარებდით. ამიტომ ხშირად ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ პროგრამის მოსმენის თავი აღარ გვქონდა. ახლა კი მთელი ყურადღებით ვისმენთ კონგრესის პროგრამას და თანაქრისტიანებთან ურთიერთობაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს“.
საკონგრესო დარბაზების მშენებლობის საჭიროება ბევრ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე დღითი დღე იზრდება. მარტო აფრიკაში 100-ზე მეტი დარბაზია საჭირო. მსგავსი შენობები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშიც უნდა აშენდეს. ამიტომ ეს პროგრამა უფრო და უფრო მეტი ადგილობრივი მოხალისის გადამზადებას ითვალისწინებს, რათა ამგვარი შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო უნარები შეიძინონ. დასავლეთ აფრიკის ფილიალის კომიტეტის წევრი ბენ პრიჩარდი ამბობს: „ჩვენი თანაქრისტიანების უმრავლესობა პროფესიით მშენებლები არ არიან. მიუხედავად ამისა, ისინი მოწადინებული არიან, ისწავლონ ასეთი კონსტრუქციების დაგეგმარება და აშენება. როგორც ფილიპელების 4:13-ში წერია, მათ იეჰოვა საჭირო ძალებს აძლევს ამ სამუშაოს შესასრულებლად“.
ძალიან გვიხარია, რომ ამ ინიციატივის წყალობით ფასდაუდებელი საქმე სრულდება. ასეთი დარბაზების საჭიროება სულ უფრო და უფრო იზრდება. გვჯერა, იეჰოვა მისცემს ძალებს თავის მსახურებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ ღონისძიების მხარდასაჭერად (ფილიპელები 2:13).