21 დეკემბერი, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
იეჰოვას მოწმეებმა ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის ასაშენებლად ნებართვა მიიღეს
2023 წლის 27 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეებმა ნებართვა მიიღეს ქალაქ ფიშკილში (ნიუ-იორკი, აშშ.) არსებული ბეთელის ტერიტორიაზე ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის ასაშენებლად. მშენებლობის დაწყება უკვე შესაძლებელია.
ფიშკილის ბეთელის კომპლექსი მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ჩრდილოეთით, 64 კილომეტრში მდებარეობს. იქ მომსახურე და-ძმების საქმიანობის ძირითადი სფეროებია ტექნიკური მხარდაჭერა და ზოგადად, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
სამშენებლო კომპლექსი განთავსდება არსებული საცხოვრებელი შენობების გვერდით და 23 ჰექტარს დაიკავებს. ეს მოიცავს ორსართულიან ადმინისტრაციულ შენობას (4 366 მ2), ტექნიკური მომსახურების შენობას (1 393 მ2) და გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ შენობას (1 393 მ2). Პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს გარე სივრცეს გართობისა და დასვენებისთვის. ყველაფერი ისე არის დაგეგმილი, რომ მშენებლობის პროცესში ზიანი არ მიადგეს გარემოს.
საქმის ძირითად ნაწილს Სამშენებლო კომპანიები შეასრულებენ. თუმცა მშენებლობის პროცესს ბეთელში მომსახურე ძმები გაუწევენ მეთვალყურეობას. Პროექტი უნდა დასრულდეს 2025 წლის ოქტომბერში.
ჯეისონ კეილი, რომელიც ფიშკილში, ბეთელის ბიუროში მსახურობს, აღნიშნავს: „აქამდე ფიშკილის ბეთელი ძირითადად საცხოვრებელი შენობებისგან შედგებოდა, რომელთაც არ გააჩნდათ საერთო სივრცე. თუმცა ამ ახალ კომპლექსში გვექნება შეხვედრებისთვის და ერთად მუშაობისთვის განკუთვნილი ადგილები. ერთი სული გვაქვს, როდის დასრულდება მშენებლობა“.
ძალიან გვახარებს ამ პროექტის დაწყება, რადგან ფიშკილის ბეთელში მომსახურე და-ძმებს ეს ბევრ რამეში გაუწევს დახმარებას. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ მხარი დაუჭიროს ამ შესანიშნავ პროექტს (ფსალმუნი 127:1).