2020 წლის 10 ივლისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
გამოიცა კიდევ ექვსი ბიბლია!
ერთ-ერთი წინა სტატიიდან შევიტყვეთ, რომ ივნისის ბოლოს ექვსი ბიბლია გამოიცა. გვინდა, გახაროთ, რომ ამ მოვლენიდან ერთი კვირის თავზე კიდევ ექვსი ბიბლია გამოიცა. 2020 წლის 4 ივლისს გამოცხადდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემის შესახებ ბისლამა და ორომო ენებზე, მეორე დღეს, 5 ივლისს კი, გამოცხადდა, რომ ეს თარგმანი გამოიცა ლატვიურ და მარათულ ენებზეც. გარდა ამისა, 5 ივლისს გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბენგალურსა და კარენი ენის სგო დიალექტზე. მაუწყებლებმა ელექტრონული ფორმატით გამოცემული ბიბლიების შესახებ წინასწარ ჩაწერილი მოხსენებებიდან შეიტყვეს, რომლებიც ტრანსლაციის მეშვეობით გადაიცემოდა. ასეთმა საჩუქარმა დიდად გაახარა ისინი.
ბისლამა ენა
ფიჯის ფილიალის კომიტეტის წევრმა, მარკ სლეიგერმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბისლამა ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა. ვანუატუელი მაუწყებლები ტრანსლაციის მეშვეობით ბისლამა ენაზე ისმენდნენ პროგრამას, რომელიც ჟესტების ენაზეც ითარგმნებოდა.
მთარგმნელთა ორმა ჯგუფმა ბიბლიის თარგმნას სამ წელზე მეტი მოანდომა. ერთი მთარგმნელი და ამბობს: „და-ძმებს მოეწონებათ გადამუშავებული თარგმანი, რადგან ის მარტივად საკითხავია და სიტყვათა დაწერილობაც სამეტყველო ენასაა მორგებული. ამის წყალობით ყველანი ბევრად ადვილად გავიგებთ ჭეშმარიტებას“.
დარწმუნებული ვართ, რომ ბიბლიის გადამუშავებული თარგმანი დიდად წაადგება ბისლამა ენაზე მოსაუბრე 700-ზე მეტ და-ძმას როგორც პირადი შესწავლის, ისე მსახურების დროს.
ორომო ენა
ძმა დელროი უილიამსონმა, ეთიოპიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ ორომო ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. პროგრამა ტრანსლაციის მეშვეობით 12 548 და-ძმამ, მათ შორის, 2 000-მა ორომოენოვანმა მაუწყებელმა, მოისმინა.
ყველა მაუწყებელს რომ შეძლებოდა პროგრამის მოსმენა, ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით წინასწარ ჩაწერილი მოხსენებები ერთ-ერთი სატელიტური ტელევიზიის მეშვეობით გადაიცა. იმ მაუწყებლებმა, რომელთაც არც ამ ტექნიკურ საშუალებაზე მიუწვდებოდათ ხელი, პროგრამა ტელეფონით მოისმინეს.
აღნიშნული თარგმანის შესასრულებლად ხუთ მთარგმნელს ხუთი წელი დასჭირდა. ეს თარგმანი ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს და-ძმებს, რომლებიც ორომო ენაზე მოსაუბრე მილიონობით ადამიანთან ქადაგებენ.
ლატვიური ენა
12-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლატვიურ ენაზე. პროგრამა მოისმინეს ლატვიურმა და რუსულენოვანმა კრებებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბიბლიის გამოცემის შესახებ იოუნი პალმუმ, ფინეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა. თავის მოხსენებაში მან აღნიშნა: „ლატვიელ მკითხველს დიდი სიხარულით წარვუდგენთ თანამედროვე ენაზე შესრულებულ ადვილად წასაკითხ თარგმანს. ვიმედოვნებთ, რომ ღვთის სიტყვის შესწავლა და წაკითხულზე ფიქრი კიდევ უფრო მეტ სიხარულს მოგგვრით“.
ვინაიდან ბიბლიის ახალ თარგმანს კვლევაში დამხმარე არაერთი საშუალება ახლავს თან, ერთ-ერთმა ძმამ მთარგმნელობითი ჯგუფიდან აღნიშნა: „ეს თარგმანი სმარტფონივითაა, რადგან შეგიძლია სასურველ საკითხზე ადვილად მიიღო ამომწურავი ინფორმაცია“.
მარათული ენა
ინდოეთში მარათულენოვანი კრებებისთვის მოეწყო სპეციალური შეხვედრა, რომელზეც ქვეყნის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა პუნეეტ აგარვალმა, გამოაცხადა, რომ მარათულ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
ექვსი მთარგმნელი სამი წლის მანძილზე მუშაობდა აღნიშნულ თარგმანზე. ერთმა მთარგმნელმა დამ აღნიშნა: „ეს თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს მშობლებს, ღვთის სიტყვა ასწავლონ შვილებს. აგრეთვე გაუადვილებს მაუწყებლებს, ბიბლიური ჭეშმარიტება გაუზიარონ ბიბლიური საკითხებით დაინტერესებულ პირებს“.
ერთმა მთარგმნელმა კი აღნიშნა: „სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ბიბლიაში ყველა იმ ადგილას აღდგა ღვთის სახელი, სადაც მას დედნისეულ ტექსტში ვხვდებით. მკითხველები თითქმის ყველა გვერდზე შეხვდებიან ღვთის სახელს. ეს მართლაც ჯეროვან პატივს მიაგებს ჩვენს ღმერთს, იეჰოვას!“.
მარათულ ენაზე ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში 83 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
ბენგალური ენა
ინდოეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა აშოკ პატელმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბენგალურ ენაზე. პროგრამა ტრანსლაციის მეშვეობით მოისმინა 1 200-ზე მეტმა მაუწყებელმა ინდოეთსა და ბანგლადეშში.
ბენგალური ენა სიდიდით მე-7 ენაა მსოფლიოში, რადგან მასზე 265 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ყველასთვის მეტ-ნაკლებად გასაგებ ენაზე რომ თარგმნილიყო, მთარგმნელები ინდოეთისა და ბანგლადეშის სხვადასხვა ნაწილიდან სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.
ძმა აშოკ პატელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა: „ბენგალური ენა პირველი იყო ინდო-არიულ ენებს შორის, რომელზეც ბიბლია ითარგმნა; ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ამ ენაზე ჯერ კიდევ 1801 წელს გამოიცა. ამ ძველი თარგმანის ერთ-ერთი ღირსება ის გახლდათ, რომ მასში შენარჩუნებული იყო ღვთის სახელი. თუმცა შედარებით გვიან შესრულებულ თარგმანებში ღვთის სახელი „უფლით“ ჩანაცვლდა. „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ყველა სხვა თარგმანზე იმით უპირატესობს, რომ ბევრად ზუსტი და იოლად გასაგებია“.
ბიბლიის ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ეს თარგმანი იმის დასტურია, რომ იეჰოვას უყვარს ყველა ენაზე მოსაუბრე ადამიანი და იწვევს მათ, გაიცნონ იგი და მისი ძე, იესო ქრისტე“.
კარენი ენა (სგო დიალექტი)
ძმა ჰიროში აოკიმ, მიანმის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ კარენი ენის სგო დიალექტზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. პროგრამა ტრანსლაციის მეშვეობით მოისმინა 510-მა დამსწრემ ექვსი კრებიდან და ოთხი ჯგუფიდან.
მთარგმნელობით ჯგუფს ერთ წელზე მეტი დასჭირდა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ამ ენაზე სათარგმნად. ერთმა ძმამ მთარგმნელობითი ჯგუფიდან თქვა: „კარენი ენის სგო დიალექტზე მოლაპარაკე და-ძმები თუ სხვები ნამდვილად დააფასებენ მათ ენაზე შესრულებულ თარგმანს, რადგან მასში აღდგენილია ღვთის სახელი და გამოყენებულია ცოცხალი ენა. თარგმანი ნათელი, ზუსტი და ადვილად გასაგებია. ვმადლობთ იეჰოვას ამ გასაოცარი საჩუქრისთვის, რომელიც ჩვენი გულის ენაზეა შესრულებული და კიდევ უფრო დაგვაახლოებს მასთან“.
სხვა მთარგმნელმა დასძინა: „ეს თარგმანი სალაპარაკო ენასაა მორგებული, რაც დაეხმარება მკითხველებს, ჩასწვდნენ ღვთის მსახურთა გრძნობებს, წარმოიდგინონ, რა ვითარებაში უხდებოდათ ცხოვრება და მიჰბაძონ მათ რწმენაში“.
ვხარობთ ჩვენს და-ძმებთან ერთად, რომელთაც ასეთი საოცარი საჩუქრები მიიღეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ბიბლიის ახალი თარგმანები დიდად წაადგება ამ ენებზე მოსაუბრე ხალხს, უფრო მეტად დაუახლოვდნენ იეჰოვას და იქადაგონ ჭეშმარიტება მის შესახებ (იოანე 17:17).