არჩეულ მასალაზე გადასვლა

ამჟამინდელი ფილიალის კომპლექსი ლილონგვეში. პატარა სურათები (საათის ისრის მიმართულებით): ბილ მაკლუკი, პირველი ფილიალის მსახური მალავიში; პოლიციელები ხურავენ ფილიალის შენობას, 1967 წელი; და სიხარულით ქადაგებს.

28 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
მალავი

მალავიში ფილიალის გახსნიდან 75 წელი გავიდა

გასაოცარი შეუპოვრობის ისტორია

მალავიში ფილიალის გახსნიდან 75 წელი გავიდა

2023 წელს 75 წელი გავიდა მალავიში იეჰოვას მოწმეების ფილიალის დაარსებიდან. ფილიალი 1948 წელს ქალაქ ბლანტაირში გაიხსნა.

1948 წლამდე იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობას მალავიში სამხრეთ აფრიკის ფილიალი უწევდა ზედამხედველობას. 1930-იან წლებში მალავიში და-ძმების რიცხვის სწრაფი ზრდა დაიწყო. 1934 წელს იქ, სულ რაღაც, 28 იეჰოვას მოწმე იყო, 1948 წლისთვის კი მათმა რაოდენობამ 5 600-ს გადააჭარბა. მაუწყებლების სწრაფი ზრდის გამო, 1948 წლის 1 სექტემბერს ქალაქ ბლანტაირში, ნაქირავებ ბინაში ფილიალი დაარსდა. ეს ფილიალი 1958 წლამდე, ახალი ბეთელის აშენებამდე ფუნქციონირებდა.

მარცხნივ: ჩიჩევა და ჩიტუმბუკა ენების მთარგმნელობითი ჯგუფი მალავის ფილიალის შენობის წინ, რომელიც 1958 წელს აშენდა. მათ შორის არის ბასტონ ნირენდა (მონიშნულია), რომელიც ამჟამად მალავის ფილიალის კომიტეტის წევრია. მარჯვნივ: 80 წლის ბასტონი მეუღლესთან, ვიოლეტასთან, ერთად დღეს.

დაახლოებით ათი წლის შემდეგ, 1967 წლის ოქტომბერში, მალავიში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა და შესაბამისად, მოხდა ფილიალის კონფისკაციაც. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებელი ძმები მაინც უწევდნენ ორგანიზებას სამქადაგებლო საქმეს და ზრუნავდნენ და-ძმებზე. მომდევნო 26 წლის განმავლობაში, ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო, იეჰოვას მოწმეები სასტიკი დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ამ პერიოდის მანძილზე ჩვენს და-ძმებს აპატიმრებდნენ და აწამებდნენ. ზოგიერთი მათგანი მოკლეს კიდეც. ზოგმა და-ძმამ თავი ახლომდებარე ქვეყნებს შეაფარა. ამ ქვეყნებს შორის იყო მოზამბიკი, ზამბია და ზიმბაბვე.

და-ძმები ჩიჩევა ენაზე თარგმნიან სულიერ საზრდოს.

1993 წლის 12 აგვისტოს აკრძალვა საბოლოოდ მოიხსნა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ზამბიაში მცხოვრები ძმები უწევდნენ ორგანიზებას ჩვენს საქმიანობას მალივიში. სწორედ ეს ძმები უძღვებოდნენ სამქადაგებლო საქმეს აკრძალვის დროსაც. ამის შემდეგ ძმებმა ქალაქ ლილონგვეში ორი სახლი შეიძინეს, რომლებიც დროებით ფილიალის როლს ასრულებდა. 1994 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ნებართვა გასცა, რომ ძმებს სათანადო ადგილი მოეძებნათ მალავის ახალი ფილიალის ასაშენებლად. 2001 წლის 19 მაისს ახალი ფილიალის კომპლექსის მიძღვნის პროგრამას 2000-ზე მეტი და-ძმა დაესწრო, რომელთა უმეტესობა ათწლეულები იტანდა დევნას და ინარჩუნებდა ერთგულებას. დამსწრეთა შორის იმყოფებოდა ტროფიმ ნსომბა, რომელიც აკრძალვის პერიოდში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. აი რა თქვა მან ფილიალის ახალ შენობებზე და მალაველი და-ძმების რიცხობრივ ზრდაზე: „იეჰოვამ საოცარი საჩუქარი გაგვიკეთა. მე და ჩემს ცოლს თავი სიზმარში გვგონია!“.

დღეს მალავიში 1 924 კრებაა, სადაც 109 000-ზე მეტი მაუწყებელია. მალავის ფილიალში 225 და-ძმა მსახურობს. ისინი მხარს უჭერენ ბიბლიური ლიტერატურის მთარგმნელობით საქმიანობას შვიდ ენაზე.

მალაველი და-ძმები, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს მალავიში მცხოვრები და-ძმები, რომლებიც ათწლეულებია, ღირსეულად წარადგენენ თავს, „როგორც ღვთის მსახურებს შეეფერებათ“ (2 კორინთელები 6:4).