29 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2025
კამერუნი
გამოიცა „მათეს სახარება“ დუალა ენაზე
2025 წლის 19 იანვარს ქალაქ დუალაში (კამერუნი) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც 995 ადამიანი ესწრებოდა, კამერუნის ფილიალის კომიტეტის წევრმა, დაგლას დანსაირმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ დუალა ენაზე. პროგრამას აგრეთვე უსმენდა 43 ადამიანი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. ამ გამოცემის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი ვებსაიტიდან jw.org და აპლიკაციიდან „JW ბიბლიოთეკა“. ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება, როდესაც დასრულდება დუალა ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობა.
ქალაქ კამერუნში დუალა ენაზე დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. თავდაპირველად ბიბლია დუალა ენაზე მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიცა და მას დღემდე იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ბიბლიის „ძველ აღთქმაში“ მოხსენიებულია ღვთის სახელი იეჰოვა. იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა დუალა ენაზე 1950 წელს დაიწყეს; თუმცა 1970–1993 წლებში, მათი რელიგიური საქმიანობის აკრძალვის გამო, მთარგმნელობითი საქმე დროებით შეჩერდა. დღეისთვის კამერუნის ფილიალის ტერიტორიაზე დაახლოებით 900 მაუწყებელი მსახურობს 18 დუალაენოვან კრებაში. მათ ერთი სული აქვთ, როდის გამოიყენებენ ამ ახალ გამოცემას ბიბლიის შესწავლების დროს. ამჟამად დუალა ენაზე 900-ზე მეტი შესწავლა ტარდება.