2019 წლის 29 ოქტომბერი
ბრაზილია
რიოში წიგნების გამოფენაზე იეჰოვას მოწმეებმა სმენადაქვეითებულებისა და უსინათლოებისთვის სპეციალური კუთხე მოაწყვეს
იეჰოვას მოწმეებმა მონაწილეობა მიიღეს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ წიგნების მე-19 საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც მიმდინარეობდა 2019 წლის 30 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით. ბრაზილიაში გამართულ ამ უდიდეს კულტურულ ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იყო 520 გამომცემლობა, 600 000 ადამიანი ესტუმრა. ჩვენმა ძმებმა მოაწყვეს ჯიხური, რათა ვიზიტორებისთვის ჩვენი ვებგვერდი გაეცნოთ და მათთვის დაენახვებინათ, რომ იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციები ყველანაირი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. გამოფენაზე, რომელიც 10 დღე გრძელდებოდა, 258-მა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში 3 737 პუბლიკაცია გავრცელდა.
ჩვენს ჯიხურში გამოფენილი მასალა ძირითადად ყრუ-მუნჯების, სმენადაქვეითებულებისა და უსინათლოებისთვის იყო განკუთვნილი. ძმებმა სტუმრებს უჩვენეს ვიდეო ბრაზილიურ ჟესტების ენაზე. იქვე იყვნენ მოხალისე მაუწყებლები, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობდნენ ამ ენაზე და ეხმარებოდნენ სტუმრებს. ერთმა მოხალისემ გვითხრა: „ჩვენს მაგიდასთან მოსული სტუმრები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ და ჩვენთან საუბარი არ ეუხერხულებოდათ. იქვე ყოველთვის იდგა რომელიმე მოხალისე, რომელიც უხსნიდა მათ, როგორ ესარგებლათ ვებგვერდით JW.ORG და როგორ ხდებოდა ბიბლიის შესწავლა“.
ერთ დღეს ჩვენს ჯიხურთან ერთი მასწავლებელი მივიდა, რომელსაც თან ახლდა შვიდი სმენადაქვეითებული მოსწავლე. ის გაოცებული დარჩა, როდესაც მოზარდებისთვის განკუთვნილი მასალა დაათვალიერა ჩვენს ვებგვერდზე. მან უთხრა მოხალისეებს, რომ მშობლები ხშირად სთხოვდნენ, დახმარებოდა მათ შვილებთან მნიშვნელოვან და დელიკატურ თემებზე საუბრებში. მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ამის მერე თავისი მოსწავლეების მშობლებს ჩვენს ვებგვერდზე გაუმახვილებდა ყურადღებას.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს იმის შესაძლებლობაც ჰქონდათ, რომ ჩვენს ვებგვერდზე დაეთვალიერებინათ ადგილობრივ გუარანი, ტიკუნა და ხავანტე ენებზე ნათარგმნი მასალა. რიკარდო კარნეირო, იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი წარმომადგენელი, აღნიშნავს: „ჩვენი მიზანია, ადგილობრივმა ხალხმა მშობლიურ ენებზე შეძლოს ბიბლიის წაკითხვა და გაგება“.
რიოში წიგნის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ იმ მიზნით იმართება, რომ ხალხმა უფრო მეტად შეიყვაროს წიგნის კითხვა. ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს საზოგადოების ცხოვრების დონეს ბრაზილიაში. ჩვენს ჯიხურთან მისულ ათასობით ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, მშობლიურ ენაზე წაეკითხა ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა, რასაც შეუძლია ადამიანის ცხოვრება დროებით კი არა, მარადიულად გააუმჯობესოს (2 ტიმოთე 3:16, 17).