2015 წლის 11 დეკემბერი
აზერბაიჯანი
რაშად ნიფტალიევი დააჯარიმეს და დააპატიმრეს რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობისთვის
ბოლო 14 თვის მანძილზე რაშად ნიფტალიევი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, უკვე მეორედ დააპატიმრეს, რადგან ვერ გადაიხადა ჯარიმა, რომელიც რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობის გამო დააკისრეს. 2015 წლის 19 ნოემბერს ქალაქ განჯის (აზერბაიჯანი) სასამართლომ რაშად ნიფტალიევს 25 დღით პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ ვერ გადაიხადა დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმა, რაც „რელიგიური შეხვედრების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის“ დაეკისრა.
ამჟამად რაშად ნიფტალიევს მთლიანობაში 9 450 მანათის (11 375 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა ეკისრება. იგი თვლის, რომ ეს უსამართლობაა, მაგრამ იძულებულია, დაკისრებული ჯარიმის დასაფარავად მაინც გადაიხადოს ნაწილ-ნაწილ იმდენი, რამდენის საშუალებასაც მისი მცირე შემოსავალი იძლევა.
მოწმეები რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის გამო ისჯებიან
ბოლოს რაშად ნიფტალიევი 2015 წლის 14 ნოემბერს დააპატიმრეს; ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა სამართალდამცავებმა ქალაქ განჯაში, რომელიც აზერბაიჯანში სიდიდით მეორე ქალაქია, დაარბიეს რელიგიური შეხვედრა. სამართალდამცავებმა ჩაშალეს ეს მშვიდობიანი შეხვედრა და 27 დამსწრე კაპაზის რაიონული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ მათგან 12, მათ შორის რაშად ნიფტალიევი დაადანაშაულეს იმაში, რომ უკანონო რელიგიურ შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას. a დახურულ სასამართლო სხდომებზე, რომლებიც ჩატარდა 18 და 25 ნოემბერს, განჯაში კაპაზის რაიონულმა სასამართლომ ცხრა ბრალდებულს 2 000 მანათის (1 911 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა იმის გამო, რომ „შესაბამისი ნებართვის გარეშე ატარებდნენ რელიგიურ შეხვედრას“.
19 ნოემბერს რაშად ნიფტალიევი სასამართლოს აღმასრულებელმა გამოიძახა და მოსთხოვა, აეხსნა, რატომ ფარავდა ასე დიდხანს დაკისრებულ ჯარიმებს, რომლებიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ერთი და იმავე ბრალდების საფუძველზე ხუთჯერ დაეკისრა. რაშად ნიფტალიევმა ახსნა, რა ფასად უჯდება ამ თანხის დაფარვა და რა პირობებში უწევს ცხოვრება — მას საკმაოდ მცირე შემოსავალი აქვს და ამავე დროს, ავადმყოფ დედას ინახავს. მიუხედავად ამისა, სასამართლოს აღმასრულებელმა საქმე სასამართლოს გადასცა. საქმის მოსმენისთანავე კაპაზის რაიონულმა სასამართლომ რაშად ნიფტალიევი დააპატიმრა. შედეგად, რაშად ნიფტალიევს სასამართლომ კიდევ დააკისრა ჯარიმა 14 ნოემბერს რელიგიურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ამგვარად ჯარიმის ოდენობის გაზრდასთან ერთად იგი უსამართლოდ ისჯება რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის გამო.
რელიგიური შეხვედრების დარბევა
2010 წლიდან მოყოლებული განჯაში უკვე მერვედ დაარბიეს სამართალდამცავებმა კრების შეხვედრა. b ბოლოს მსგავსი პრეცედენტი 2015 წლის 14 ნოემბერს დაფიქსირდა. ყოველი თავდასხმის დროს ასეთი რამ ხდება: მოწმეები, რომლებიც საკუთარ სახლებში პატარ-პატარა ჯგუფებად იკრიბებიან, მშვიდობიანად ატარებენ შეხვედრას; ამ დროს სამართალდამცავები ჩხრეკის ორდერის ან სასამართლო განკარგულების გარეშე იჭრებიან მათთან ისე რომ, არც საკუთარ თავს წარადგენენ და არც იმას ხსნიან, თუ რა მიზეზით მივიდნენ მათთან. ისინი არბევენ შეხვედრას, ართმევენ დამსწრეებს პირად ბიბლიებს და რელიგიურ ლიტერატურას, ყველაფერს ვიდეოკამერით იღებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან დამსწრეებს.
სამართალდამცავებს უკლებლივ ყველა დამსწრე, მათ შორის ბავშვები და ხანდაზმულები პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ. სასამართლო მოსმენა მოგვიანებით ინიშნება, თუმცა დაკავებულებს უფლებას აძლევენ, დაუკავშირდნენ თავიანთ ადვოკატებს და რამდენიმე დღეს გამოუყოფენ, რათა თავდასაცავად მოემზადონ. საინტერესოა, რომ ადგილობრივმა მედიამ დაპატიმრების რამდენიმე შემთხვევა გააშუქა; ტელევიზიითაც კი უჩვენეს პოლიციის განყოფილებაში დაკავებული მოწმეები.
მოწმეები ითხოვენ რეგისტრაციას, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებენ
ვინაიდან განჯაში იეჰოვას მოწმეებს რეგისტრაციაში არ ატარებენ, მთავრობის წარმომადგენლები მათ საქმიანობას არაკანონიერად მიიჩნევენ. განჯაში კაპაზის რაიონულმა სასამართლომ სწორედ ეს ფაქტი მიიღო მხედველობაში, როცა მათ, ვინც 14 ნოემბერს კრების შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას, ჯარიმები დააკისრა; სასამართლომ განაცხადა, რომ „იეჰოვას მოწმეებს არა აქვთ ოფიციალური ნებართვა, განჯაში თავიანთი საქმიანობა განახორციელონ“. c
სამწუხაროდ, აზერბაიჯანში არ არსებობს კანონი, რის საფუძველზეც შესაძლებელია, სახელმწიფოსგან მოითხოვო ნებართვა რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად. რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, „თაყვანისცემის მიზნით რელიგიური რიტუალებისა და ცერემონიების ჩატარება სავსებით დასაშვებია თაყვანისცემისთვის განკუთვნილ ადგილებში ... აგრეთვე მოქალაქეების კერძო სახლებსა თუ ბინებში“.
იეჰოვას მოწმეები რეგისტრაციაში არიან გატარებულნი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში; 2010 წლიდან მოყოლებული მოწმეებმა არაერთხელ მოითხოვეს განჯაში რეგისტრაცია. მაგრამ რელიგიურ გაერთიანებებთან თანამშრომლობის სახელმწიფო კომიტეტი ყოველ ჯერზე უარს ამბობდა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაშვებული ტექნიკური შეცდომების გამო ან საერთოდ არ განიხილავდა მათ. ბოლოს მოწმეებმა 2015 წლის 10 ნოემბერს შეიტანეს განჯაში განცხადება რეგისტრაციის თაობაზე, მაგრამ ის ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
შეზღუდვების მოხსნის მცდელობა
აზერბაიჯანში იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მოლაპარაკებები აწარმოონ მთავრობის წარმომადგენლებთან, რათა ისინი რეგისტრაციაში გაატარონ და პატივი სცენ მათ უფლებებს. ვინაიდან მოწმეები კვლავ ხდებიან უსამართლობის მსხვერპლი, აზერბაიჯანელმა მოწმეებმა 21 საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ ინციდენტების თაობაზე, რომელთა დროსაც დაირღვა მოწმეების რელიგიის თავისუფლებისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების უფლება.
იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანის მთავრობას სთხოვენ, რომ ნება დართონ, ისარგებლონ იმ უფლებებით, მათ შორის თაყვანისცემის თავისუფლების უფლებით, რაც კანონითაა გარანტირებული ყველა მოქალაქისთვის და შეწყვიტონ მათი სამართლებრივად დასჯა, ვინც რაშად ნიფტალიევის მსგავსად, მთელი გულით ასრულებს რელიგიურ მსახურებას.
a მათ ბრალი დასდეს ადმინისტრაციული კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც იკრძალება „რელიგიური შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება, ქუჩებში სხვადასხვა მსვლელობების მოწყობა და რელიგიური ცერემონიების გამართვა“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნებართვის გარეშე.
b სამართალდამცავებმა აგრეთვე დაარბიეს რელიგიური შეხვედრები ლენქორანში, ლოკბატანში, შამქირსა და ზაქათალაში.
c უფლებამოსილი პირები დაეყრდნენ რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონის მე-12 მუხლს, რომლის თანახმადაც „მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია ნებისმიერ რელიგიურ გაერთიანებას თავისი საქმიანობის განხორციელება, რაც შესაბამისი ორგანოს მიერ რეგისტრაციაში გატარდება და სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების რიცხვში შევა“. მართალია, ამ მუხლის თანახმად მოითხოვება ადგილობრივი იურიდიული პირების დარეგისტრირება, მაგრამ ის არ ზღუდავს თაყვანისცემის მიზნით შეკრებას. იხილეთ აგრეთვე შეკრების თავისუფლების შესახებ კანონის მე-4 მუხლი, რომლის თანახმადაც არ იზღუდება „რელიგიური ცერემონიები“.