არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 21 ივლისი
ავსტრია

იეჰოვას მოწმეების საპატივცემულოდ მემორიალური დაფა გაიხსნა

იეჰოვას მოწმეების საპატივცემულოდ მემორიალური დაფა გაიხსნა

ზელტერსი, გერმანია — ავსტრიაში, იმ ადგილას არსებულ მუზეუმში, სადაც ერთ დროს გიუცენის საკონცენტრაციო ბანაკი მდებარეობდა, 2014 წლის 13 აპრილს, კვირა დღეს, მემორიალური დაფა გაიხსნა იმ იეჰოვას მოწმეების საპატივცემულოდ, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის დროს ავადსახსენებელ მაუტჰაუზენის და გიუცენის საკონცენტრაციო ბანაკებში ისხდნენ; ამ მოწმეთა რიცხვი დაახლოებით 450-ს შეადგენდა. გახსნის ცერემონიას 130-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

იმ ადგილას არსებულ მუზეუმში, სადაც ერთ დროს გიუცენის საკონცენტრაციო ბანაკი მდებარეობდა, 2014 წლის 13 აპრილს მემორიალური დაფა გაიხსნა

წლების წინ, როცა მოწმეები მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მიიყვანეს, ერთ-ერთი ოფიცერი მათ დაემუქრა: „აქედან ვერც ერთი ბიბლიის მკვლევარი ვერ გახვალთ ცოცხალი“. მარტინ პოეტზინგერი, რომელმაც 9 წელი დაჰყო დახაუს, მაუტჰაუზენისა და გიუცენის საკონცენტრაციო ბანაკებში და რომელიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა (იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო, ბრუკლინი, ნიუ-იორკი), იხსენებდა იმ დროს, რომელიც მაუტჰაუზენის ბანაკში გაატარა: „გესტაპო რა მეთოდს აღარ მიმართავდა, რომ გავეტეხეთ და რწმენა შეერყიათ ჩვენთვის“.

მარტინ პოეტზინგერი (წინა რიგში, მარცხნიდან მეორე) 23 ყოფილ პატიმართან ერთად, გათავისუფლების შემდეგ (გიუცენის საკონცენტრაციო ბანაკი, 1945 წლის მაისი)

ზოგი მოწმე მაუტჰაუზენიდან გიუცენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. გიუცენი „სასიკვდილო ბანაკი“ იყო, სადაც ყოველდღიურად არაერთ კაცს ასალმებდნენ სიცოცხლეს. სიმტკიცე და რწმენა რომ შეენარჩუნებინათ, მოწმეები პატარა ჯგუფებად ღამ-ღამობით იკრიბებოდნენ და იმ ბიბლიურ მუხლებს განიხილავდნენ, რომლებიც ზეპირად ახსოვდათ. ერთხელ მათ ხელში ბიბლია ჩაუვარდათ. ის დაანაწევრეს, რის შემდეგაც ბიბლიის ფურცლები ხელიდან ხელში გადადიოდა. მოწმეები ამ ფურცლებს საწოლის ქვეშ ინახავდნენ და თითოეულ თავისუფალ წუთს ღვთის სიტყვის კითხვას უთმობდნენ.

მოწმეები ბიბლიურ ცნობას სხვებსაც უზიარებდნენ, თუმცა ამას დიდი სიფრთხილით აკეთებდნენ. ბიბლიის შესწავლა ბანაკში ხუთმა პოლონელმა პატიმარმა დაიწყო; საბოლოოდ, მოწმეებმა ისინი მალულად მონათლეს ხის გეჯაში, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით დაამზადეს. ერთმა მოწმემ, ფრანც დეშმა ესესის ოფიცერს უქადაგა, რომელიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა.

ვოლფრამ სლუპინა, იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანი ავსტრიაში, აღნიშნავს: „გვიხარია, რომ ის მოწმეები, რომლებიც მაუტჰაუზენისა და გიუცენის საკონცენტრაციო ბანაკებში ისხდნენ, კვლავაც ახსოვთ და აფასებენ თავიანთი რწმენისა და სიმტკიცის გამო. ამ მოწმეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ქრისტიანული თვისებები გამოევლინათ და ყველას მიმართ თანამგრძნობნი და გულკეთილნი ყოფილიყვნენ, რაც მათი მხრიდან ბოროტზე გამარჯვება იყო. ამ სანიმუშო ადამიანების ისტორია ნამდვილად არ უნდა მიეცეს დავიწყებას“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ავსტრია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110