დომინიკელთა რესპუბლიკა
„ლომივით ვიბრძოდი“
ლუის ედუარდო მონტასი
-
დაიბადა: 1906 წ.
-
მოინათლა: 1947 წ.
-
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი თანამდებობის პირი დიქტატორ რაფაელ ტრუხილიოს პოლიტიკურ პარტიაში. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ სიკვდილამდე, 2000 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.
ლუისი ტრუხილიოს ნათესავი იყო და მმართველი პარტიის, „პარტიდო დომინიკანას“ (დომინიკური პარტია), ფინანსებს განაგებდა. მიუხედავად ამისა, მას სძულდა ტრუხილიოს რეჟიმი და რამდენჯერმე სცადა თანამდებობის დატოვება, მაგრამ დიქტატორი ამის უფლებას არ აძლევდა.
მას შემდეგ, რაც ტრუხილიომ ლუისს ორი ძმა მოუკლა, მან ორჯერ სცადა დიქტატორის მოკვლა, თუმცა მასზე ეჭვი არავის მიუტანია. ლუისი მედიუმებსაც მიმართავდა რჩევისთვის, თუ როგორ მოეკლა იგი. ის ტრუხილიოზე ამბობდა: „ის მხეცივით იქცევა და ყველას ზემოდან დაჰყურებს“. ერთხელ მედიუმის მაგიდაზე დაინახა წიგნი „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ და კითხვა დაიწყო. წიგნმა იმდენად დააინტერესა, რომ ის სახლში წაიღო. წაკითხვის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს იყო ჭეშმარიტება, რომელსაც ეძებდა.
ერთხელ ქალაქ სიუდად-ტრუხილიოში ყოფნისას ლუისი იეჰოვას მოწმეების შეხვედრას დაესწრო და რამდენიმე წიგნი და ჟურნალი აიღო. მთელი ღამე ლიტერატურის კითხვაში გაატარა, შემდეგ მან ბიბლიის შესწავლა მოითხოვა. როცა სულიერად მოძლიერდა, გადაწყვიტა, თანამდებობა დაეტოვებინა. ეს რომ დიქტატორმა გაიგო, მას პრესტიჟული თანამდებობა, პუერტო-რიკოში დომინიკელთა რესპუბლიკის კონსულის პოსტი, შესთავაზა. ლუისმა უარი თქვა შემოთავაზებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.
ლუისი იხსენებს: „რისი ატანა აღარ მომიწია, ხელისუფლებამ რანაირი მახე აღარ დამიგო. მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, უარი მეთქვა ქვეყნიურ სიამეებზე“. ლუისი სასიხარულო ცნობას იმდენად გულმოდგინედ ქადაგებდა, რომ ადგილობრივმა კათოლიკე მღვდლებმა მას „მქადაგებელი“ შეარქვეს. ის 1947 წლის 5 ოქტომბერს მოინათლა, კრების შეხვედრაზე პირველად დასწრებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მონათვლის შემდეგ ლუისი იძებნებოდა, ბოლოს დაიჭირეს და სამარტოო საკანში ჩასვეს. მისი მოკვლა არაერთხელ სცადეს. ყოველთვის, როცა იჭერდნენ, ის სასამართლოში გაბედულად ამოწმებდა. „ჩემი რწმენის დასაცავად გააფთრებული ლომივით ვიბრძოდი. ის დრო სასიამოვნოდ მახსენდება“, — ამბობს ლუისი.
ღვთისადმი ლუისის ერთგულება საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. დომინიკელთა რესპუბლიკაში გამომავალი გაზეთი „ელ-სიგლო“ 1994 წელს მის შესახებ წერდა: „ბატონი ლუის ედუარდო მონტასი მთელ სან-კრისტობალში ცნობილია, როგორც გონიერი ადამიანი. ის თანამგრძნობი და რბილი ხასიათისაა. ყველაფერი, რაც ამ კაცის შესახებ არის შემონახული სან-კრისტობალის ისტორიაში, ძირითადად, მის ქრისტიანულ რწმენას უკავშირდება“.