სიერა-ლეონე და გვინეა
1945—1990: „მრავალი ადამიანი სიმართლემდე“ მივიდა (დან. 12:3). (ნაწილი 3)
საიდუმლო გაერთიანება თავს გვესხმის
პირველად თავდასხმა კოინდუს მახლობლად მდებარე სოფელში მოხდა, სადაც მამაკაცების ჯგუფი ბიბლიას სწავლობდა და რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს. კისის ტომის მამაკაცების უმრავლესობის მსგავსად, ისინიც საიდუმლო გაერთიანების, „პოროს“ წევრები იყვნენ, რომელსაც სპირიტიზმთან ჰქონდა კავშირი. „როდესაც ბიბლიის მკვლევრებმა უარი თქვეს სპირიტული რიტუალების შესრულებაზე, ამ გაერთიანების ბელადი ძლიერ განრისხდა, — ჰყვება მისიონერი ჯეიმს მენსე, რომელიც სიერა-ლეონეში მსახურობდა. — მან და მისმა მხარდამჭერებმა სცემეს ძმები, წაართვეს პირადი ნივთები, გადაუწვეს სახლები, გაუკოჭეს ხელები, წაათრიეს მივარდნილ ადგილას და იქ დატოვეს; ფიქრობდნენ, რომ შიმშილისგან სული ამოხდებოდათ. ამ გაერთიანების წევრებს გამგებელიც უჭერდა მხარს და აქეზებდა კიდეც ამისკენ. ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიბლიის მკვლევრები სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ“.
მას შემდეგ, რაც კოინდუელმა იეჰოვას მოწმეებმა ამ ინციდენტის შესახებ ადგილობრივ პოლიციას აცნობეს, „პოროს“ ბელადი, მისი
თანამოაზრეები და იმ მხარის გამგებელი დააპატიმრეს. ისინი სასამართლოს წინაშე წარადგინეს და შესაბამისი განაჩენიც გამოუტანეს. გამგებელი დაახლოებით ნახევარი წლით გადააყენეს თანამდებობიდან. ამ გამარჯვებამ ბევრის ყურამდე მიაღწია და ახალ დაინტერესებულებს გაბედულება შემატა, რომ დასწრებოდნენ კრების შეხვედრებს. მოგვიანებით, იმ მხარის გამგებელმა აზრი შეიცვალა და ჭეშმარიტებით დაინტერესდა. როცა იქ სარაიონო კონგრესი გაიმართა, მან იზრუნა დელეგატების დაბინავებაზე და ჩვენებს ძროხაც კი აჩუქა.„პოროს“ სხვა ბელადებიც ჰყავდა, რომელთაც თავდასხმის სხვაგვარ მეთოდს მიმართეს — გადაწყვიტეს, „სირთულეები შეექმნათ დადგენილებებით“ (ფსალმ. 94:20). გაერთიანების იმ წევრებმა, რომლებიც პოლიტიკოსები იყვნენ, პარლამენტში წინადადება შეიტანეს, რომ აკრძალულიყო იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. ჩარლზ ჩაპელი იხსენებს: «გამგებელმა, რომელიც ერთ დროს გვეწინააღმდეგებოდა, პარლამენტში ჩვენს დასაცავად ხმა აღიმაღლა; მან ყველას წინაშე თქვა, რომ ორი წელი ჩვენთან სწავლობდა ბიბლიას. აგრეთვე ამბობდა, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურები ვიყავით, სხვებს ბევრ რამეს ვასწავლიდით და ვეხმარებოდით, ზნეობრივად სუფთად ეცხოვრათ. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღესაც ჩვენი ორგანიზაციის წევრი გახდებოდა. პარლამენტმა „პოროს“ მიერ წამოყენებული წინადადება მას შემდეგ უკუაგდო, რაც კიდევ ერთმა პარლამენტარმა, რომელსაც ადრე იეჰოვას მოწმეები ასწავლიდნენ ბიბლიას, მხარი დაუჭირა გამგებელს».
„შენმა ღმერთმა გაჭამოს!“
ისინი, რომლებმაც საიდუმლო გაერთიანებები დატოვეს, ოჯახის წევრებისგან სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ. ერთი კოინდუელი ახალგაზრდის, ჯონათან სელუს ზოგი ნათესავი „ჯუჯუს“ კულტის ქურუმი იყო, თანაც წინა ოთხი თაობიდან მოყოლებული. ბავშვობიდან ჯონათანს სწორედ ამ მსახურებისთვის ამზადებდნენ. როდესაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო, შეწყვიტა სპირიტულ რიტუალებში მონაწილეობა და მსხვერპლშეწირვა. ოჯახი, რა თქმა უნდა, სასტიკად შეეწინააღმდეგა; ცოტა გაუგებარია, მაგრამ ჯონათანი სკოლიდანაც კი გამოიყვანეს. უფრო მეტიც, როდესაც ქრისტიანულ კრებებზე მიდიოდა, საჭმელსაც არ აჭმევდნენ. „შენმა ღმერთმა გაჭამოს!“, — გესლიანად ეუბნებოდნენ. მაგრამ ჯონათანი
ქედს არ იხრიდა მათ წინაშე. გაგიკვირდებათ და, მას არც საჭმელი მოჰკლებია და არც წერა-კითხვის უცოდინარი დარჩენილა. მოგვიანებით, პიონერად დაიწყო მსახურება და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა დედამისმაც მიიღო ჭეშმარიტება.სხვა მიღწევები
1960 წელს ბოში, ვატერლოოში, კისიში, კოინდუში, ლენსარში, მაგბრაკაში, მაკენიში, მოიამბაში, პორტ-ლოკოში, ფრიტაუნში და ისეთ შორეულ ჩრდილოეთშიც კი, როგორიცაა კაბალა, უკვე არსებობდა კრებები და ჯგუფები. ამ წელს მაუწყებლების რიცხვი 182-დან 282-მდე გაიზარდა. განადან და ნიგერიიდან ბევრი სპეციალური პიონერი ჩავიდა სიერა-ლეონეში, რათა კრებებს დახმარებოდა და თეოკრატიული ზრდისთვის შეეწყო ხელი.
ახალმონათლულების უმეტესობა ორი ეთნიკური ჯგუფიდან, კრიოენოვანი და კისიენოვანი ჯგუფიდან იყო. კრიოენოვანი ხალხი ცხოვრობდა ფრიტაუნის შემოგარენში, კისიენოვანი კი — ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში. თუმცა, ჭეშმარიტების სინათლემ სხვა ტომებშიც შეაღწია, მაგალითად კურანკოში, ლიმბეში, ტემნეში (ჩრდილოეთი), მენდეში (სამხრეთი) და ა. შ.
1961 წელს ფრიტაუნის აღმოსავლეთის კრების სამეფო დარბაზის მიძღვნა მოხდა. ამის შემდეგ კოინდუს კრებამ ალიზით ნაშენი 300-ადგილიანი სამეფო დარბაზი მიუძღვნა იეჰოვას, რომელშიც აგრეთვე კონგრესები უნდა ჩატარებულიყო. მალე ორმოცმა უხუცესმა გაირა სამეფო მსახურების სკოლა; ეს იყო პირველი თეოკრატიული სკოლა, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდა. კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენა, რაც ამ წელს მოხდა, ის გახლდათ, რომ ძმებმა წამოიწყეს ახალი კამპანია; ისინი ავრცელებდნენ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ინგლისურ ენაზე. ეს კამპანია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
იეჰოვამ დიდად აკურთხა თავისი ხალხი. 1962 წლის 28 ივლისს ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა სიერა-ლეონეში.
გვინეის კარი ფართოდ გაიღო
ახლა ცოტა მეზობელ გვინეაზეც ვისაუბროთ (ძველად ამ ქვეყანას საფრანგეთის გვინეა ეწოდებოდა). 50-იან წლებში ძმებმა, რომლებიც უბრალოდ გავლით იყვნენ ამ ქვეყანაში, რამდენიმე ადამიანს უქადაგეს; საფრანგეთის კოლონიურ მთავრობას დიდად არ მოსწონდა ჩვენი საქმიანობა. თუმცა, 1958 წელს, როცა გვინეა გამოეყო საფრანგეთს და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ქვეყანაში მსახურების კარი ფართოდ გაიღო.
იმავე წლის ბოლოს ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე დაახლოებით 35 წლის ძმა, სახელად მანუელ დიოგო, დაჰომეადან (ამჟამად ბენინი) გვინეაში, ქალაქ ფრიაში გადავიდა საცხოვრებლად. ეს ქალაქი დედაქალაქიდან, კონაკრიდან, ჩრდილოეთით 80 კილომეტრში მდებარეობდა. იქ მან მუშაობა დაიწყო ბოქსიტის მაღაროში. მანუელი
მთელი მონდომებით შრომობდა ამ „ყამირ მიწაზე“ და დაუღალავად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას; მან საფრანგეთის ფილიალს წერილი მისწერა, სადაც სთხოვდა სპეციალური პიონერები გაეგზავნათ მასთან და ამასთან ერთად ლიტერატურაც მოითხოვა. წერილი ასე მთავრდებოდა: „ვლოცულობ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ეს საქმე, რადგან აქ სამკალი მართლაც ბევრია“.საფრანგეთის ფილიალმა მანუელს გამამხნევებელი წერილით უპასუხა და სთხოვა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო გვინეაში. ამასთანავე, მათ ერთი სპეციალური პიონერი გაგზავნეს მასთან, რომელიც უკეთ შეასწავლიდა მსახურების მეთოდებს. შედეგად, ამ სულით ანთებულ მქადაგებელს გაუათკეცდა ენთუზიაზმი და სიკვდილამდე შემართებით ქადაგებდა ქალაქ ფრიაში. ის 1968 წელს გარდაიცვალა.
1960 წელს ქვეყანაში სამხარეო ზედამხედველი უილფრედ გუჩი ჩავიდა, სადაც ორი აფრიკელი ძმა გაიცნო, რომლებიც იქ ქადაგებდნენ. თავის ანგარიშში მან ჩაწერა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იეჰოვას მოწმეების საქმიანობას გვინეაში საფრანგეთის ფილიალის ნაცვლად სიერა-ლეონეს ოფისი გაუწევდა მეთვალყურეობას. ეს ცვლილება განხორციელდა კიდეც 1961 წლის 1 მარტს. ერთ თვეში კრება ჩამოყალიბდა კონაკრიში. ეს იყო პირველი კრება ქვეყანაში.
სულიერი სინათლე ტროპიკულ ტყესაც მოეფინა
სასიხარულო ცნობა სამხრეთ გვინეაშიც გავრცელდა. ფალა გონდო, რომელიც ლიბერიაში ცხოვრობდა, გვინეაში, თავის მშობლიურ სოფელ ფოდედოში დაბრუნდა. ეს სოფელი გუეკედოს დასავლეთით 13 კილომეტრში მდებარეობდა. ფალა წარმოშობით კისის ტომიდან იყო. მან თან წაიღო წიგნი „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“. მან მართალია კითხვა არ იცოდა, მაგრამ შეეძლო სურათების დახმარებით აეხსნა თანატომელებისთვის წიგნის შინაარსი. «ხალხს ძალიან მოეწონა წიგნი; მას „ადამის და ევას წიგნი“ შეარქვეს, — იხსენებს ის».
ცოტა ხანში ფალა ლიბერიაში დაბრუნდა, მოინათლა და მოგვიანებით სპეციალური პიონერი გახდა. ის თვეში ორჯერ ჩადიოდა ფოდედოში და ბიბლიას ასწავლიდა 30-კაციან ჯგუფს. მალე მას
შეუერთდა კიდევ ერთი სპეციალური პიონერი, ბორბორ სისი ლიბერიიდან, რომელიც აგრეთვე კისის ტომიდან იყო. მათ კიდევ ერთ სხვა ჯგუფთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა გუეკედოში. საბოლოოდ, ორივე ჯგუფი კრებად იქცა.დრო გადიოდა და კისის ტომში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდებოდა იეჰოვას მოწმე. ადგილობრივ ბელადებს შეუმჩნეველი არ რჩებოდათ მათში მომხდარი დადებითი ცვლილებები. ისინი ბევრი რამით გამოირჩეოდნენ თანასოფლელებისგან — იყვნენ მშრომელი, პატიოსანი და მშვიდობისმოყვარული ადამიანები. ამიტომ, როცა ძმებმა ადგილობრივ ბელადებს ფოდედოში სამეფო დარბაზის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი სთხოვეს, მათ დაუყოვნებლივ გამოუყვეს სამი ჰექტარი მიწა. დარბაზის მშენებლობა 1964 წელს დასრულდა. ეს იყო პირველი სამეფო დარბაზი გვინეაში.
სულიერი ძვრები კონაკრიში
კონაკრიში ნელ-ნელა იძაბებოდა სიტუაცია. შექმნილი პოლიტიკური ქაოსის გამო მთავრობა ეჭვის თვალით უყურებდა უცხოელებს. ოთხ მისიონერს უარი უთხრეს ქვეყანაში მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის მიღებაზე და ქვეყნიდან გააძევეს. ორი ძმა, რომლებიც განას მოქალაქეები იყვნენ, ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს და ორი თვით ციხეში გამოამწყვდიეს.
გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი, სახელად ემანუელ ოვუსუ-ანსა კვლავ დააპატიმრეს. მას ციხეში საკმაოდ რთულ და გაუსაძლის პირობებში უწევდა ყოფნა. ციხის ბინძურ საკანში მან ასეთი წერილი დაწერა: „სულიერად ძლიერად ვარ, მაგრამ ფიზიკურად ვარ სუსტად. მიუხედავად იმისა, რომ სულ სიცხეები მაქვს, მაინც ვქადაგებ. ბოლო თვეში 67 საათი ვიქადაგე და ორი ბიბლიის შესწავლა დავიწყე“. გავიდა დრო და ემანუელის ერთ-ერთი შემსწავლელი იეჰოვას მოწმე გახდა. 5 თვის შემდეგ ემანუელი გაათავისუფლეს და სიერა-ლეონეში გადაასახლეს. სამწუხაროდ, კონაკრიში მხოლოდ ერთი მაუწყებელი დარჩა.
1969 წელს, როცა სიტუაცია ნელ-ნელა ჩაწყნარდა, ქალაქში სპეციალური პიონერები ჩავიდნენ. მთავრობის ნებართვით, იქ სამეფო დარბაზმა დაიწყო ფუნქციონირება. მალე შეხვედრებს 30 დაინტერესებული ესწრებოდა.
ვინაიდან დაპატიმრების საფრთხე კვლავ არსებობდა, ძმები დიდი სიფრთხილით ქადაგებდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც საზოგადოების აშკარა ნდობა მოიპოვეს, უფრო გააფართოეს თავიანთი საქმიანობა. 1973 წელს ამ პატარა კრებამ 6 000 ბუკლეტი გაავრცელა. მოგვიანებით, მათ დაიწყეს ჟურნალების შეთავაზება დაწესებულებებსა და საქმიან უბნებში. თანდათანობით მთავრობამ დაინახა, თუ რა საქმიანობას ეწეოდა ეს ხალხი და მიხვდა, რომ ისინი ნამდვილად ღირებულ საქმეს ასრულებდნენ. საბოლოოდ, ამ შეუდრეკელი და-ძმების მოთმინება იმით დაჯილდოვდა, რომ 1993 წლის 15 დეკემბერს იეჰოვას მოწმეები ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირდნენ სახელით „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კავშირი გვინეაში“.