ნაწილი 9
ისრაელები მეფეს ითხოვენ
ისრაელის პირველი მეფე, საული არ ემორჩილება იეჰოვას. მის ნაცვლად ტახტზე დავითი ადის, რომელსაც ღმერთი შეთანხმებას უდებს და მარადიულ სამეფოს ჰპირდება.
სამსონის სიკვდილის შემდეგ ისრაელში წინასწარმეტყველი და მსაჯული სამუელი იყო. სხვა ერებისგან განსხვავებით ისრაელებს მეფე არ ჰყავდათ. მათ სამუელს შესჩივლეს და მეფე მოითხოვეს. მართალია, ამან იეჰოვას გული ატკინა, მაგრამ მან სამუელს უბრძანა, შეესრულებინა მათი სურვილი. ღმერთმა მეფედ თავმდაბალი კაცი, საული შეარჩია. გავიდა დრო, საული გაამაყდა და აღარ ემორჩილებოდა იეჰოვას. ღმერთმა უარყო ის და სამუელს უთხრა, რომ მის ნაცვლად ახალგაზრდა დავითი აერჩია მეფედ. თუმცა დავითი მხოლოდ წლების შემდეგ გამეფდა.
ერთხელ ყმაწვილი დავითი თავისი ძმების მოსანახულებლად წავიდა. ისინი საულის ჯარში მსახურობდნენ. ისრაელის მოწინააღმდეგე ერთი ბუმბერაზი, რომელსაც გოლიათი ერქვა, დასცინოდა ისრაელის ჯარს და მათ ღმერთს. მასთან შერკინებას შიშით ვერავინ ბედავდა. აღშფოთებულმა დავითმა გადაწყვიტა, გოლიათს შებრძოლებოდა. სამმეტრიან გოლიათთან საბრძოლველად ახალგაზრდა დავითი შურდულითა და რამდენიმე ქვით გავიდა. გოლიათმა დასცინა დავითს, მაგრამ მან უთხრა, რომ ის მასზე უკეთ იყო შეიარაღებული, რადგან იეჰოვა ღმერთის სახელით იბრძოდა. დავითმა ერთი პატარა ქვით ძირს დასცა გოლიათი, შემდეგ კი მისივე ხმლით თავი მოჰკვეთა. შეშინებულმა ფილისტიმელებმა თავს გაქცევით უშველეს.
დავითის სიმამაცით მოხიბლულმა საულმა მთელი ჯარი მას ჩააბარა, მაგრამ მოგვიანებით შეშურდა მისი წარმატება. თავის გადასარჩენად დავითი წლების მანძილზე გაურბოდა საულს. მართალია, საული მის მოკვლას ცდილობდა, მაგრამ დავითი ბოლომდე მეფის ერთგული დარჩა, რადგან ის იეჰოვა ღმერთის ცხებული იყო. ბოლოს საული ბრძოლაში მოკლეს. იეჰოვას სიტყვისამებრ, საულის სიკვდილის შემდეგ დავითი გამეფდა.
„მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს“ (2 სამუელი 7:13)
მეფე დავითს ძალიან უნდოდა, იეჰოვასთვის ტაძარი აეშენებინა. მაგრამ იეჰოვამ უთხრა, რომ ტაძარს მისი მემკვიდრე ააშენებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტაძარს დავითის ძე, სოლომონი ააშენებდა. ღმერთს არც დავითი დაუტოვებია კურთხევის გარეშე და მასთან შეთანხმება დადო: მისი საგვარეულო ხაზი განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან ამ ხაზში მოვიდოდა მეფე ანუ ედემის ბაღში აღთქმული მხსნელი. ის იქნებოდა „მესია“, რაც „ცხებულს“ ნიშნავს. იეჰოვამ აღუთქვა მას, რომ მესია იქნებოდა იმ სამეფოს მეფე, რომელიც მარადიულად იარსებებდა.
მადლიერმა დავითმა ტაძრის მშენებლობისთვის დიდძალი მასალა და ძვირფასი ლითონები შეაგროვა. ღვთის შთაგონებით დავითმა არაერთი ფსალმუნი შეთხზა. სიცოცხლის ბოლოს მან თქვა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (2 სამუელი 23:2).
— 1 სამუელი; 2 სამუელი; 1 მატიანე; ესაია 9:7; მათე 21:9; ლუკა 1:32; იოანე 7:42