მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე
სიცრუე, რომელმაც ღმერთი უმოწყალოდ წარმოგვიჩინა
რა სწამს ბევრს.
„სიკვდილისთანავე იმ მოკვდავთა სულები, რომლებმაც სიცოცხლეში ვერ მოინანიეს ცოდვები, ჯოჯოხეთში ხვდებიან, სადაც მარადიულ ცეცხლში იტანჯებიან“ (კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო). ზოგი რელიგიური წინამძღოლი აცხადებს, რომ ჯოჯოხეთში მყოფნი ღვთისგან სამუდამოდ მიტოვებულნი არიან.
ბიბლიური ჭეშმარიტება.
„სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4). „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). თუ სული კვდება და მან არაფერი იცის, როგორღა დაიტანჯება მარადიულ ცეცხლში?
ბიბლიაში ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც ხშირად ითარგმნება როგორც „ჯოჯოხეთი“, სინამდვილეში ნიშნავს კაცობრიობის საერთო სამარეს. მაგალითად, იობი, რომელიც საშინელი დაავადებით იტანჯებოდა, ლოცულობდა: «ნეტავ დამმალავდე სამარეში [„ჯოჯოხეთსა შინა“, ძველი აღთქმის ორტომეული (იდ-იგ)]» (იობი 14:13). იობს უნდოდა თავისი დაავადებისგან საფლავში დაესვენა და არა ისეთ ადგილას, სადაც მარადიულად დაიტანჯებოდა.
რატომ უნდა გვაინტერესებდეს.
სისასტიკე ღმერთს ვერ შეგვაყვარებს. პირიქით, ეს მის მიმართ უარყოფითად განგვაწყობს. „ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ არსებობდა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, — ამბობს როსიო, რომელიც მექსიკაში ცხოვრობს. — ისეთი შეძრწუნებული ვიყავი, რომ მეგონა, ღმერთს დადებითი თვისებები საერთოდ არ გააჩნდა. ვფიქრობდი, რომ ღმერთი მრისხანე და შეუწყნარებელი იყო“.
მაგრამ როსიომ გაიგო ბიბლიური ჭეშმარიტება ღვთის სასჯელისა და მკვდრების მდგომარეობის შესახებ და ღმერთზე თვალსაზრისი შეიცვალა. „ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ზურგიდან დიდი ტვირთი ჩამომხსნეს. ნელ-ნელა დავრწმუნდი, რომ ღმერთს მხოლოდ კარგი სურს ჩვენთვის. მივხვდი, რომ ღმერთს ვუყვარვართ და თურმე მისი შეყვარებაც შესაძლებელი ყოფილა. ღმერთი ჰგავს მზრუნველ მამას, რომელიც თავის შვილებს ხელჩაკიდებული ატარებს. მას საუკეთესო სურს მათთვის“ — ამბობს როსიო (ესაია 41:13).
ბევრი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შიშით ხდება ღვთისმოსავი. მაგრამ ღმერთს არ უნდა, მას შიშის გამო ემსახურებოდნენ. იესომ თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“ (მარკოზი 12:29, 30). უფრო მეტიც, როდესაც გვესმის, რომ ღმერთი უსამართლო არ არის, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მომავალშიც სამართლიან განაჩენს გამოიტანს. იობის მეგობრის, ელიჰუს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!“ (იობი 34:10).