არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„სერიოზულად დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა იყო ჩემი ცხოვრება“

„სერიოზულად დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა იყო ჩემი ცხოვრება“
  • დაბადების წელი: 1941

  • ქვეყანა: ავსტრალია

  • წარსულში: სიგარეტზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული

მოკლე ბიოგრაფია:

 გავიზარდე ახალი სამხრეთ უელსის პატარა ქალაქ უორიალდაში. აქაური ხალხი სოფლის მეურნეობას მისდევს, მოჰყავთ ბოსტნეული და მარცვლეული, მოშენებული ჰყავთ ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი. უორიალდა სუფთა ქალაქია, აქ იშვიათად ხდება დანაშაული.

ათი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი ვიყავი. 13 წლისამ მუშაობა დავიწყე, რომ ოჯახს დავხმარებოდი. რადგან განათლება არ მქონდა, სამუშაოდ ფერმაში მოვეწყვე. 15 წლის ასაკში უკვე მეჯინიბედ ვმუშაობდი და ცხენებს ვხედნიდი.

ეს დრო სასიამოვნოდ მახსენდება, თუმცა ცუდი მოგონებებიც შემომრჩა. ერთი მხრივ, ჩემი სამუშაო ძალიან მიყვარდა და გარემოც მხიბლავდა. საღამოობით, როცა ნიავს ტყის სურნელი მოჰქონდა, კოცონს ვანთებდი და მთვარისა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით ვტკბებოდი. ხშირად ვფიქრობდი, შეუძლებელია ასეთ ლამაზ და საოცარ სამყაროს შემოქმედი არ ჰყავდეს-მეთქი. მეორე მხრივ, ფერმაში ცუდი საზოგადოების გავლენაში მოვექეცი. გარშემო სულ ლანძღვა-გინება მესმოდა; მალე ბილწსიტყვაობა და მოწევა ჩვევად მექცა.

18 წლის რომ გავხდი, სიდნეიში წავედი. ჯარში მინდოდა მსახურება, მაგრამ უარი მითხრეს, რადგან საშუალო განათლება არ მქონდა მიღებული. სიდნეიში სამუშაო ვიშოვე და იქ ერთი წელი დავყავი. პირველად იეჰოვას მოწმეებს მაშინ შევხვდი. მათ კრების შეხვედრაზე დამპატიჟეს. შეხვედრას რომ დავესწარი, მივხვდი, რომ ჭეშმარიტება მათთან იყო.

ერთი წლის შემდეგ ისევ ტყეს მივაშურე და გუნდივინდში, კუინზლენდში, დავსახლდი. სამუშაო ვიშოვე და დავქორწინდი. დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, ისევ სმას მივყავი ხელი.

მე და ჩემს მეუღლეს ორი ვაჟი შეგვეძინა. აი მაშინ უკვე სერიოზულად დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა იყო ჩემი ცხოვრება. გამახსენდა ყველაფერი, რაც სიდნეიში იეჰოვას მოწმეების შეხვედრაზე მოვისმინე და მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა.

სახლში ძველი „საგუშაგო კოშკი“ ვიპოვე, სადაც მითითებული იყო იეჰოვას მოწმეების ფილიალის მისამართი ავსტრალიაში. მაშინვე მივწერე ფილიალს წერილი და დახმარება ვთხოვე. სწრაფადვე მომაკითხა ერთმა კეთილმა და კარგმა ადამიანმა. მალე მისი დახმარებით ბიბლიის შესწავლა დავიწყე.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

მივხვდი, რომ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები უნდა მომეხდინა. ჩემს გულს განსაკუთრებით შეეხო 2 კორინთელების 7:1. ეს მუხლი მოგვიწოდებს, რომ „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“.

გადავწყვიტე, სიგარეტი გადამეგდო და სმისთვის თავი დამენებებინა. ამის გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან ეს მავნე ჩვევები ლამის ჩემი ცხოვრების ნაწილად იყო ქცეული. მიუხედავად ამისა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ღვთის მოსაწონად მეცხოვრა. ძალიან დამეხმარა რომაელების 12:2-ში ჩაწერილი პრინციპი: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით“. მავნე ჩვევები რომ დამეძლია, საჭირო იყო, პირველ რიგში, აზროვნება შემეცვალა, ჩემი საქციელისთვის იეჰოვას თვალით შემეხედა და დამენახა, რომ რასაც ვაკეთებდი, საზიანო იყო. ღვთის დახმარებით, შევძელი მიმეტოვებინა სმა და მოწევა.

„მავნე ჩვევები რომ დამეძლია, საჭირო იყო, პირველ რიგში, აზროვნება შემეცვალა“

ყველაზე მეტად გამიჭირდა გინებას გადავჩვეოდი. ზეპირად ვიცოდი ეფესოელების 4:29-ში ჩაწერილი რჩევა: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა“, მაგრამ მაინც მიჭირდა მისი გათვალისწინება. ვფიქრობდი ესაიას 40:26-ში ჩაწერილ სიტყვებზეც: „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“. ჩემთვის ვმსჯელობდი: თუ ღმერთს ამხელა სამყაროს შექმნის ძალა ჰქონდა, მეც უეჭველად მომცემდა საკმარის ძალას ცუდი ჩვევების დასაძლევად. განუწყვეტელი ლოცვისა და ძალისხმევის შედეგად საბოლოოდ გადავეჩვიე ლანძღვა-გინებას.

კურთხევები:

 ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, ადამიანებთან საუბრის შესაძლებლობა ნაკლებად მქონდა, თანაც იმ მიდამოებში სადაც ვმუშაობდი, ბევრი ხალხი არ ცხოვრობდა. იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე ვისწავლე, როგორ უნდა დავლაპარაკებოდი ადამიანებს. ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად მოწმეებისგან ისიც ვისწავლე, როგორ მექადაგა სხვებისთვის ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათე 6:9, 10; 24:14).

ბოლო რამდენიმე წელია, იეჰოვას მოწმეების კრებაში უხუცესად ვმსახურობ. ჩემთვის დიდი პატივია, თანამორწმუნეების დასახმარებლად თავი არ დავზოგო.

ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ჩემნაირ უწიგნურ კაცს, ამდენი რამ ასწავლა (ესაია 54:13). სრულიად ვეთანხმები იგავების 10:22-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს“.