არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„კმაყოფილების ღიმილი მოჰგვარეთ იეჰოვას“

„კმაყოფილების ღიმილი მოჰგვარეთ იეჰოვას“

„გალაადის“ 131-ე კლასის გამოშვება

„კმაყოფილების ღიმილი მოჰგვარეთ იეჰოვას“

„გალაადის“ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და მათი კეთილის მსურველები შეიკრიბნენ 2011 წლის 10 სექტემბერს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 131-ე კლასის გამოსაშვები პროგრამის მოსასმენად. მომხსენებლები და კურსდამთავრებულები დილიდან დაძაბულნი იყვნენ. პროგრამის ბოლოს კი ყველას მოეხსნა დაძაბულობა. მოხსენებების, ინსცენირებისა და ინტერვიუების შემდეგ 9 063 დამსწრეს სიხარულისგან სახე უბრწყინავდა.

პროგრამა გახსნა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა და ამ პროგრამის თავმჯდომარემ, სტივენ ლეტმა. მან განიხილა ის ბიბლიური მუხლები, სადაც საუბარია იეჰოვა ღმერთის სიმბოლურ სხეულზე, და ყურადღება გაამახვილა იმ მონაკვეთებზე, საიდანაც ჩანს, თუ როგორ იყენებს იეჰოვა თვალებს, ყურებს, ხელებსა და მკლავებს.

მომხსენებელმა თავდაპირველად ისაუბრა 2 მატიანეს 16:9-ზე, სადაც ნათქვამია, რომ „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“. მან კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ მთლიანად იეჰოვასთვის მიეძღვნათ თავი და მთელი გულით ემსახურათ მისთვის. მან ურჩია მათ, რომ მიებაძათ ღვთისთვის და ადამიანებში მხოლოდ კარგი დაენახათ. შემდეგ ძმა ლეტმა განიხილა 1 პეტრეს 3:12, სადაც საუბარია, რომ იეჰოვას ყური მიპყრობილია მართალთა ვედრებისკენ. მან კურსდამთავრებულებს მოუწოდა, არასდროს შეეწყვიტათ იეჰოვასთან საუბარი და არასოდეს დაევიწყებინათ, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის მათი ლოცვების მოსასმენად.

მომხსენებელმა აგრეთვე განიხილა ესაიას 41:13. ამ მუხლში ჩაწერილია იეჰოვას დაპირება: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“. ძმა ლეტმა თბილად მიმართა კურსდამთავრებულებს: „ყურადღება მიაქციეთ, როგორი სითბოთი მოგვმართავს იეჰოვა. ის ხელს გვიწვდის და ხელზე გვკიდებს“. მან კურსდამთავრებულებს ურჩია, რომ იეჰოვასგან დახმარების მიღებაზე არასოდეს ეთქვათ უარი. აგრეთვე დასძინა, რომ ისინი მიჰბაძავდნენ იეჰოვას, თუ დახმარების ხელს გაუწვდიდნენ სხვებს.

ბოლოს ძმა ლეტმა წაიკითხა ესაიას 40:11. მან აუდიტორიას მოუწოდა, წარმოედგინათ, რა სათუთ გრძნობებს ავლენს ღმერთი. „იეჰოვა თავისი მკლავით გვაგროვებს, — თქვა მან. — და უბით გვატარებს“. როგორ უნდა გამოვეხმაუროთ მას? ძმა ლეტმა კურსდამთავრებულებს ურჩია, რომ კვლავაც ბატკნებივით მშვიდნი ყოფილიყვნენ, რათა იეჰოვას ისინი უბით ეტარებინა.

„ეს განძი ჩვენ თიხის ჭურჭელში გვაქვს“

ამ ბიბლიურ თემაზე ისაუბრა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დეივიდ სპლეინმა (2 კორინთელები 4:7). რა არის განძი? არის ეს ცოდნა ანუ სიბრძნე? „არა, — თქვა მომხსენებელმა. — განძი, რომელზეც მოციქული პავლე საუბრობდა, არის მსახურება, რომელიც ჭეშმარიტებას ცხადს ხდის“ (2 კორინთელები 4:1, 2, 5). ძმა სპლეინმა კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ მათ ეს ხუთი თვე სპეციალური მსახურებისთვის მომზადებას დაუთმეს. ეს მსახურება ძალიან დასაფასებელია.

მომხსენებელმა ახსნა, რომ „თიხის ჭურჭელი“ ჩვენი ფიზიკური სხეულია. მან განსხვავება გააკეთა თიხის ჭურჭელსა და ოქროს ჭურჭელს შორის. ოქროს ჭურჭელს ხშირად არ იყენებენ, თიხის ჭურჭელი კი ყოველდღიური ხმარებისთვის არის განკუთვნილი. თუ განძს ოქროს ჭურჭელში შევინახავთ, ჭურჭელზე უფრო გადავიტანთ ყურადღებას, ვიდრე იმ განძზე, რომელიც შიგნით არის. „თქვენ საკუთარ თავზე არ უნდა გაამახვილოთ ყურადღება, — თქვა ძმა სპლეინმა. — როგორც მისიონერებმა, ხალხის ყურადღება იეჰოვასკენ უნდა მიმართოთ. თქვენ უბრალო, თიხის ჭურჭელი ხართ“.

მომხსენებელმა თქვა, რომ ბიბლიურ დროში ზოგიერთი თიხის ჭურჭელი ცეცხლგამძლე იყო, ზოგი კი მოჭიქული, რათა ადვილად არ დამსხვრეულიყო. რით ჰგვანან მისიონერები თიხის ჭურჭელს? პირველი თვეების განმავლობაში მისიონერებს, უეჭველია, ექნებათ სირთულეები, რაც მათ მოჭიქული თიხის ჭურჭელივით გაამაგრებს. ისინი დიდ ყურადღებას აღარ მიაქცევენ კრიტიკას და აღარც ადვილად განაწყენდებიან. ბოლოს ძმა სპლეინმა კურსდამთავრებულებს მიმართა: „დაინახავთ, რომ გაცილებით ძლიერები ხართ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. იეჰოვამ ეს განძი, მსახურება, ანგელოზებს კი არა, თქვენ, თიხის ჭურჭლებს, მოგანდოთ. ეს კი იმის ნიშანია, რომ იეჰოვა გენდობათ“.

„თუ ქვეითებთან ერთად დარბიხართ, შეეჯიბრებით ცხენებს სირბილში“?

„რამდენ ხანს და რამდენად სწრაფად შეგიძლიათ სირბილი?“ — ასეთი კითხვა დაუსვა კურსდამთავრებულებს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა სამუელ ჰერდმა. რატომ დასვა მან ეს კითხვა? მომხსენებელმა კურსდამთავრებულთა და წინასწარმეტყველ იერემიას მსახურება ერთმანეთს შეადარა. ამ ერთგული კაცისთვის ადვილი არ იყო იმ სირთულეების გადატანა, რომელსაც ხვდებოდა. მაგრამ მას წინ უფრო დიდი პრობლემები ელოდა. ამიტომ იეჰოვამ ჰკითხა მას: „თუ ქვეითებთან ერთად სირბილი გღლის, ცხენებს როგორღა შეეჯიბრები სირბილში?“ (იერემია 12:5).

ძმა ჰერდმა კურსდამთავრებულებს მიმართა: «შეიძლება ფიქრობთ, რომ ცხენებს ეჯიბრებით სირბილში, რადგან ამ სკოლაში ბევრი გამოცდა ჩააბარეთ. მაგრამ სინამდვილეში თქვენ ქვეითებთან ერთად გარბიხართ და არა ცხენებთან. მისიონერად მსახურების დროს ცხენებთან ერთად ირბენთ ანუ უფრო დიდ სირთულეებს შეხვდებით, ვიდრე დღეს წარმოგიდგენიათ. „გალაადმა“ მოგამზადათ, რომ ცხენებთან ერთად ირბინოთ და არ დაიღალოთ». მან კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რეგულარულად შეესწავლათ ბიბლია, ელოცათ და კვლავაც გაზრდილიყვნენ სულიერად.

ძმა ჰერდმა უთხრა მათ, რომ ზოგიერთს გულგატეხილობა დაეუფლებოდა იქ, სადაც იმსახურებდნენ. ზოგი შეიძლება დაავადებულიყო ან არასრულფასოვნების გრძნობა დაუფლებოდა. მაგრამ მან დაარწმუნა ისინი, რომ მიიღებდნენ ძალას, რომელიც ნებისმიერ სირთულეს დააძლევინებდა და არ დაიღლებოდნენ. „არა აქვს მნიშვნელობა, ცხენებთან გარბიხართ თუ ქვეითებთან, გჯეროდეთ, რომ იეჰოვა თავისი ძლიერი მკლავით ფინიშამდე მიგიყვანთ, — უთხრა მათ მომხსენებელმა. — ამგვარად თქვენ საუკეთესოდ შეასრულებთ მისიონერულ მსახურებას და იეჰოვას დიდებასა და ქებას მოუტანთ“.

პროგრამის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი

„ბევრი შეაგროვე“. ამ მოხსენებით გამოვიდა შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრი ჯონ ეკრანი. მან ისაუბრა წინასწარმეტყველ ელიასა და ქვრივის შემთხვევაზე, რომელსაც ვაჟებს ართმევდნენ, რომ მონებად გაეყიდათ (2 მეფეები 4:1—7). ქვრივს ერთი პატარა დოქი ზეთის მეტი არაფერი გააჩნდა. ელიამ ურჩია მას, რომ მეზობლებისგან ეთხოვა დოქები, და უთხრა: „ბევრი შეაგროვე“. ელიას მეშვეობით იეჰოვამ სასწაული მოახდინა და შეგროვილი დოქები ზეთით აავსო. ქვრივმა ზეთი გაყიდა და შემოსული თანხით ვალი გადაიხადა. მორჩენილი თანხა გარკვეული ხანი ოჯახის სარჩენადაც ეყო.

რისი სწავლა შეუძლიათ ამ შემთხვევიდან მომავალ მისიონერებს? როდესაც ქვრივმა ჭურჭელი შეაგროვა, როგორც ჩანს, მან ეს ჭურჭელი დიდხანს არ არჩია. „ალბათ მან ყველანაირი ჭურჭელი შეაგროვა, რომელშიც ზეთის ჩასხმა შეიძლებოდა, — თქვა მომხსენებელმა. — და, ალბათ, რაც უფრო დიდი იყო ჭურჭელი, მით უკეთესი იყო“. შემდეგ ძმა ეკრანმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს, რომ ნებისმიერი, დიდი თუ პატარა დავალება, შეესრულებინათ. „ნუ იქნებით პრეტენზიულები“, — თქვა მან. ძმა ეკრანმა ისიც აღნიშნა, რომ რაც უფრო ზუსტად მიჰყვებოდა ქვრივი ელიას მითითებას, მით უფრო მეტ კურთხევას მიიღებდა. რაც უფრო გულმოდგინედ ვემსახურებით ღმერთს და ვავლენთ მისადმი რწმენას, მით უფრო მეტ კურთხევას ვიღებთ მისგან. „თავს ნუ დაზოგავთ“, — უთხრა ბოლოს მომხსენებელმა კურსდამთავრებულებს.

„ერთი ლუკმა არიან ჩვენთვის“. ამ თემაზე ისაუბრა თეოკრატიული სკოლების განყოფილების ზედამხედველმა, უილიამ სამუელსონმა. მან იმსჯელა რიცხვების 14:9-ზე და აღნიშნა, თუ რა კარგი მაგალითი დაგვიტოვეს იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ. გამოთქმა „ერთი ლუკმა“ იმაზე მიუთითებდა, რომ ქანაანელების დაპყრობა ადვილი იქნებოდა ისრაელებისთვის, რაც მათ გაამხნევებდა და გააძლიერებდა. რისი სწავლა შეუძლიათ კურსდამთავრებულებს აქედან? „მსახურების დროს სირთულეებს ისე შეხედეთ, როგორც თქვენი რწმენის გამაძლიერებელ და განმამტკიცებელ საშუალებას“, — ამ სიტყვებით დაასრულა მომხსენებელმა თავისი გამოსვლა.

„გაუძლებს მათი რწმენის ხომალდი ქარიშხალს?“. სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა, სემ რობერსონმა, განიხილა მოციქულ პავლეს სიტყვები, რომელიც საუბრობდა მათზე, რომლებსაც „რწმენა ხომალდივით დაემსხვრათ“ (1 ტიმოთე 1:19). მან მოუწოდა კურსდამთავრებულებს, სხვებს დახმარებოდნენ იეჰოვა ღმერთისადმი მტკიცე რწმენის განვითარებაში. „თქვენი საქმე შეიძლება შევადაროთ მჭედლის საქმეს“, — თქვა მან. მჭედელი ჭედავს ჯაჭვს ღუზისთვის, რომელსაც გემის გადარჩენა შეუძლია. მისიონერებიც ეხმარებიან ბიბლიის შემსწავლელებს ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში, რომელიც ხსნისთვის არის აუცილებელი.

მომხსენებელმა ჯაჭვის რგოლები შეადარა 2 პეტრეს 1:5—8-ში მოხსენიებულ რვა თვისებას. ძმა რობერსონმა აღნიშნა, რომ თუ მისიონერები ბიბლიის შემსწავლელებს დაანახვებდნენ, როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებებს, ისინიც არასდროს დაშორდებოდნენ მას და ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებდნენ, რომელიც მათ რწმენას საფრთხეს შეუქმნიდა.

შემთხვევები და ინტერვიუები

„გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა მაიკლ ბარნეტმა კურსდამთავრებულებს სთხოვა, მოეყოლათ სამქადაგებლო მსახურების დროს მომხდარი შემთხვევები, რომლებიც სწავლის პერიოდში ჰქონდათ. მათ მსმენებლებს გაუზიარეს, თუ როგორ ქადაგებდნენ სავაჭრო ცენტრებში, აეროპორტში, კარდაკარ და ტელეფონზეც კი, როცა მათ ვინმე შეცდომით ურეკავდა.

შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრმა, მაიკლ ჰანსენმა ინტერვიუ აიღო სამი ძმისგან, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მისიონერებად მსახურობდნენ. ესენი იყვნენ: სტივენ მაკდოუელი, რომელიც პანამაში მსახურობდა, მარკ ნიუმარი, რომელიც კენიაში მსახურობდა და უილიამ იაზოვსკი, რომელიც პარაგვაიში მსახურობდა. მათმა შემთხვევებმა ხაზი გაუსვა პროგრამის ამ ნაწილის თემას, სახელწოდებით „სიხარული პოვეთ იეჰოვას ნების შესრულებაში“ (ფსალმუნი 40:8). მარკ ნიუმარმა აღნიშა, თუ რამხელა სიხარული მოუტანა მას და მის მეუღლეს მისიონერულმა მსახურებამ. ისინი ბედნიერები იყვნენ, რომ დაუმეგობრდნენ ადგილობრივ მოწმეებს. მათ ახარებდათ ისიც, რომ ძმები მიჰყვებოდნენ მითითებებს და დიდ ცვლილებებს ახდენდნენ თავიანთ ცხოვრებაში. არანაკლებ სასიხარულო იყო იმის დანახვაც, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ მათი ძალისხმევა. მან კურსდამთავრებულები დაარწმუნა, რომ წინ უდიდესი სიხარული ელოდათ.

მას შემდეგ, რაც 131-ე კლასის კურსდამთავრებულებმა მადლიერების გამომხატველი წერილი წაიკითხეს, ძმა ლეტმა მოუწოდა მათ, რომ ბრძნულად ემოქმედათ და ამით დაასრულა პროგრამა. „თუ ასე მოიქცევით, იეჰოვას კმაყოფილების ღიმილს მოჰგვრით“, — უთხრა მათ ძმა ლეტმა. ეს მისიონერები აუცილებლად მოჰგვრიან ღიმილს იეჰოვას, თუ ერთგულად შეასრულებენ თავიანთ დავალებას (ესაია 65:19).

[ცხრილი⁄რუკა 31 გვერდზე]

კლასის სტატისტიკა

ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც მისიონერები არიან 10

საშუალო ასაკი 34,7

მონათვლის შემდეგ მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 19,0

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 13,5

[რუკა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ქვემოთ მოცემულია ქვეყნები, სადაც მისიონერები გააგზავნეს

ქვეყნები, სადაც მისიონერები იმსახურებენ

ბენინი

ბრაზილია

ბულგარეთი

ბურუნდი

კამერუნი

კანადა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

გერმანია

განა

ჰონკონგი

ინდონეზია

კენია

ლიბერია

ლიტვა

მალაიზია

მოზამბიკი

ნეპალი

პანამა

პარაგვაი

სიერა-ლეონე

სლოვაკეთი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

შეერთებული შტატები

ვენესუელა

[სურათი 30 გვერდზე]

სკოლა „გალაადში“ სწავლების დროს მსახურებაში მომხდარი შემთხვევის ინსცენირება

[სურათი 31 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 131-ე კლასის გამოშვება

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მარცხნიდან მარჯვნივ:

1) კ. ლეში, ნ. ლეში, პ. შაკარჯიანი, ტ. შაკარჯიანი, რ. ბედენი, კ. ბედენი, ტ. ნეში, ლ. ნეში;

2) ე. ტრენბლეი, კ. ტრენბლეი, დ. გარვი, გ. გარვი, რ. გონტი, პ. გონტი, ჟ. ლაუ, ჯ. ლაუ;

3) შ. დეივისი, ს. დეივისი, ჯ. სარჯენტი, ჯ. სარჯენტი, ჩ. ფონსაკა, ს. ფონსაკა, ე. ტენარდი, ა. ტენარდი;

4) ა. პეტრაიოტენი, რ. პეტრაიოტენი, ნ. რეიესი, ნ. რეიესი, ბ. აიზიმინგერი, შ. აიზიმინგერი, ჯ. ჰაკერი, ჩ. ჰაკერი;

5) ე. ჰარტმენი, ტ. ჰარტმენი, უ. გულიე, კ. გულიე, ჯ. ტომასი, ე. ტომასი, ნ. ოკაზაკი, მ. ოკაზაკი;

6) კ. მილზი, ა. მილზი, ლ. ბენინგი, ტ. ბენინგი, ს. სოუბისკი, ტ. სოუბისკი, ლ. განიონი, ი. განიონი;

7) ბ. ჰანსენი, მ. ჰანსენი, ა. ფეიჰი, მ. ფეიჰი, ჯ. დელგორი, ჯ. დელგორი, მ. ანდერსონი, რ. ანდერსონი.