როგორ შევუწყოთ ხელი ბედნიერებას ოჯახში?
ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
როგორ შევუწყოთ ხელი ბედნიერებას ოჯახში?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.
1. რატომ არის კანონიერი ქორწინება მნიშვნელოვანი ოჯახური ბედნიერებისთვის?
ქორწინებას საფუძველი იეჰოვამ, ბედნიერმა ღმერთმა, ჩაუყარა. ქორწინება მნიშვნელოვანია ოჯახური ბედნიერებისთვის, რადგან ის არა მარტო ხელს უწყობს წყვილებს შორის ახლო ურთიერთობას, არამედ იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ მშობლებმა მშვიდ გარემოში აღზარდონ შვილები. რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ქორწინებაზე? მას სურს, რომ ეს იყოს მუდმივი და კანონიერად დარეგისტრირებული კავშირი ქალსა და კაცს შორის (ლუკა 2:1—5). ღმერთს უნდა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგული იყოს (ებრაელები 13:4). იეჰოვა ქრისტიანებს განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების უფლებას მხოლოდ მეუღლის ღალატის შემთხვევაში აძლევს (წაიკითხეთ მათეს 19:3—6, 9).
2. როგორ უნდა მოექცეს ცოლ-ქმარი ერთმანეთს?
იეჰოვამ კაცი და ქალი ისე შექმნა, რომ ისინი დაქორწინების შემდეგ ერთმანეთის შემავსებელნი ყოფილიყვნენ (დაბადება 2:18). ქმარი, როგორც ოჯახისთავი, ვალდებულია არჩინოს ოჯახი და იზრუნოს ოჯახის წევრების სულიერ კეთილდღეობაზე. ქმარს ცოლი საკუთარ თავზე მეტად უნდა უყვარდეს. ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას უნდა ავლენდეს. რადგან ქმარიც და ცოლიც არასრულყოფილები არიან, მათ ერთმანეთის პატიება უნდა ისწავლონ, რათა ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32; 5:22—25, 33; 1 პეტრე 3:7).
3. უნდა დავანგრიო ოჯახი, თუ ბედნიერი არ ვარ?
თუ კი თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის სერიოზული უთანხმოებაა, ეცადეთ სიყვარულით მოექცეთ ერთმანეთს (1 კორინთელები 13:4, 5). ღვთის სიტყვა არ გირჩევთ მეუღლესთან დროებით დაშორებას, რათა ოჯახური პრობლემები ამგვარად მოაგვაროთ. მაგრამ, როცა ოჯახში გამოუვალი სიტუაციაა, ქრისტიანს შეუძლია გადაწყვიტოს, გადავა თუ არა ცალკე საცხოვრებლად (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:10—13).
4. ბავშვებო, რას მოელის ღმერთი თქვენგან?
იეჰოვას სურს, რომ ბედნიერები იყოთ. ის საუკეთესო რჩევებს გაძლევთ, რაც დაგეხმარებათ აზრიანად გაატაროთ ახალგაზრდობის წლები. ღმერთს უნდა, რომ დაუჯეროთ მშობლებს, რომლებსაც სიბრძნე და გამოცდილება აქვთ (კოლოსელები 3:20). იეჰოვა აფასებს ყველაფერს, რასაც მის განსადიდებლად აკეთებთ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:9—12:1; მათე 19:13—15; 21:15, 16).
5. მშობლებო, რა არის საჭირო თქვენი შვილების ბედნიერებისთვის?
მძიმე შრომაა საჭირო, რომ შვილები საკვებით, საცხოვრებლითა და ტანსაცმლით უზრუნველყოთ (1 ტიმოთე 5:8). იმისათვის, რომ თქვენი შვილები ბედნიერნი იყვნენ, მათ ღვთის სიყვარული უნდა ჩაუნერგოთ და მისი სიტყვა ასწავლოთ (ეფესოელები 6:4). თუ ღვთის მიმართ სიყვარულს გამოავლენთ, ამით ბავშვს კარგ მაგალითს მისცემთ. თუ შვილების აღზრდის დროს ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობთ, მათ სწორი აზროვნება ჩამოუყალიბდება (წაიკითხეთ კანონის 6:4—7; იგავების 22:6).
ბავშვებზე დადებითად იმოქმედებს, თუ შეაქებთ და წაახალისებთ, თუმცა მათი შეგონება და დასჯაც საჭიროა. თუ ასე აღზრდით შვილებს, ისეთს არაფერს გააკეთებენ, რაც მათ ბედნიერებას წაართმევს (იგავები 22:15). მაგრამ მშობელი უნდა მოერიდოს შვილის სასტიკად დასჯას (წაიკითხეთ კოლოსელების 3:21).
იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიაზე დაფუძნებული არაერთი წიგნი გამოსცეს, რომლებიც განსაკუთრებით მშობლებსა და შვილებს ეხება (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7, 11).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-14 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.