„ისინი სიმტკიცისთვის ქებას იმსახურებენ“
„ისინი სიმტკიცისთვის ქებას იმსახურებენ“
თავისი ავადსახსენებელი მმართველობის დროს გერმანიის კანცლერმა, ადოლფ ჰიტლერმა ათობით ათასი წერილი მიიღო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა 1945 წელს ბერლინი აიღეს, ბევრი ასეთი წერილი მოსკოვში წაიღეს. ეს წერილები დღემდე იქ ინახება. ისტორიკოსმა ჰენრიკ ებერლიმ შეისწავლა მოსკოვის არქივებში შენახული ათასობით ასეთი წერილი, რათა გაეგო, ვინ სწერდა ჰიტლერს წერილებს და რატომ. ებერლიმ თავის წიგნში „წერილები ჰიტლერს“ შემდეგი დასკვნები გააკეთა:
„ჰიტლერს წერილებს სწერდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მონაზვნები, მღვდლები, უმუშევრები, ცნობილი კომერსანტები, ადმირალები და უბრალო მეომრები. ზოგი ჰიტლერს ხელახლა დაბადებულ მესიას უწოდებდა, ზოგი კი მას ბოროტების განსახიერებად მიიჩნევდა“. უგზავნიდნენ ჰიტლერს ეკლესიის ლიდერები წერილებს, სადაც აშკარად გამოხატავდნენ პროტესტს ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ? ასეთი წერილები თითებზე ჩამოსათვლელი იყო.
თუმცა, მოსკოვის არქივებში ებერლიმ აღმოაჩინა საქაღალდე, სადაც არაერთი წერილი ინახებოდა, რომელიც ჰიტლერს იეჰოვას მოწმეებმა ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაუგზავნეს გერმანიის სხვადასხვა კუთხიდან. ფაქტობრივად, ჰიტლერმა მოწმეებისგან დაახლოებით 20 000 წერილი და დეპეშა მიიღო მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან. იმ დროს ათასობით მოწმე დააპატიმრეს და ასობით მათგანი სიკვდილით დასაჯეს ან წამებით მოკლეს. ისტორიკოსმა ებერლიმ აღნიშნა: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაცისტურ რეჟიმს მილიონები ემსხვერპლნენ, დაღუპულ იეჰოვას მოწმეთა რიცხვი მათთან შედარებით მცირეა. მიუხედავად ამისა, ეს ხალხი მტკიცედ და ერთსულოვნად აღუდგა წინ ნაცისტურ რეჟიმს, რისთვისაც ქებას იმსახურებენ“.