არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პირველი ქრისტიანები და რომის ღვთაებები

პირველი ქრისტიანები და რომის ღვთაებები

პირველი ქრისტიანები და რომის ღვთაებები

ბითინიის გამგებელი პლინიუს უმცროსი რომის იმპერატორ ტრაიანეს სწერდა: „აი ასეთი ზომები მივიღე მათ მიმართ, ვისაც ქრისტიანობაში ედებოდა ბრალი. თავიდან ვეკითხებოდი, ნამდვილად ქრისტიანები იყვნენ თუ არა. თუ დამიდასტურებდნენ, მეორედ და მესამედ ვეკითხებოდი და თან დასჯით ვემუქრებოდი. და თუ მაინც იტყოდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, სიკვდილით ვსჯიდი“. მათ შესახებ კი, ვინც ქრისტიანობას უარყოფდა, ქრისტეს დაგმობდა და იმპერატორის ქანდაკებასა და პლინიუსის მიერ სასამართლო დარბაზში მიტანილ ღვთაებების გამოსახულებებს სცემდა თაყვანს, პლინიუსი წერილში წერდა: „მართებულად მივიჩნიე მათი გათავისუფლება“.

პირველ ქრისტიანებს დევნიდნენ იმის გამო, რომ ისინი უარს ამბობდნენ იმპერატორისა და ღვთაებების თაყვანისცემაზე. მაგრამ როგორი დამოკიდებულება იყო რომის იმპერიაში სხვა რელიგიების მიმართ და რომელ ღმერთებს განადიდებდნენ ისინი? რატომ დევნიდნენ ქრისტიანებს, რომლებიც მსხვერპლს არ სწირავდნენ რომაელთა ღმერთებს? ამ კითხვებზე პასუხებიდან გავიგებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება იცდება.

რომის იმპერიაში გავრცელებული რელიგიები

რომის იმპერიაში მრავალი ენისა და კულტურის ადამიანი ცხოვრობდა, და შესაბამისად, მათ უამრავი ღვთაება ჰყავდათ. მართალია, რომაელებს იუდაიზმი შესაძლოა უცნაურ აღმსარებლობად მიაჩნდათ, მაგრამ მას აღიარებულ რელიგიად (რელიგიო ლისიტა) თვლიდნენ და მის უფლებებს იცავდნენ. დღეში ორჯერ იერუსალიმის ტაძარში იუდეველები ორ კრავსა და ერთ ხარს სწირავდნენ კეისრისა და რომისთვის. ამ შესაწირავებით ისინი ერთ ღმერთს ასიამოვნებდნენ თუ ბევრს, რომაელებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მათთვის მთავარი ის იყო, რომ ასეთი მოქმედებით იუდეველები იმპერიის ერთგულებას ამტკიცებდნენ.

წარმართული წეს-ჩვეულებები ადგილობრივ რელიგიებში სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა. ბერძნულმა მითოლოგიამ და მკითხაობამ რომის იმპერიაში ფართო აღიარება მოიპოვა. აღმოსავლური, ეგრეთ წოდებული, მისტიკური რელიგიები თავიანთ მიმდევრებს უკვდავებას, პირდაპირ გამოცხადებასა და მისტიკური რიტუალების მეშვეობით ღვთაებებთან კავშირს ჰპირდებოდა. ამ რელიგიებმა მყარად მოიკიდეს ფეხი მთელ იმპერიაში. ჩვენი ერის ადრეულ საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული ეგვიპტური კულტები — ღვთაება სერაპისი და ქალღმერთი ისისი, სირიელთა ქალღმერთი ატარგატისი და სპარსელთა მზის ღმერთი მითრა.

ბიბლიის წიგნი „საქმეები“ ნათლად აღწერს იმ წარმართულ გარემოს, რომელშიც ქრისტიანებს უწევდათ ცხოვრება. მაგალითად, კვიპროსის რომაელ პროკონსულს ურთიერთობა ჰქონდა იუდეველ ჯადოქართან (საქ. 13:6, 7). ლისტრელებს პავლე და ბარნაბა ბერძენთა ღმერთები ჰერმესი და ზევსი ეგონათ (საქ. 14:11—13). ფილიპეში პავლე შეხვდა მსახურ გოგონას, რომელიც მკითხაობდა (საქ. 16:16—18). ათენში პავლემ შენიშნა, რომ იქაურებს სხვებზე მეტად ეშინოდათ ღვთაებების. იმავე ქალაქში მან ნახა სამსხვერპლო, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“ (საქ. 17:22, 23). ეფესოელები ქალღმერთ არტემიდას ეთაყვანებოდნენ (საქ. 19:1, 23, 24, 34). კუნძულ მალტაზე მცხოვრებმა ხალხმა პავლეზე თქვა ღმერთიაო, რადგან შხამიანი გველის ნაკბენმა ვერაფერი ავნო (საქ. 28:3—6). ასეთ გარემოში ქრისტიანები ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა არ შეებღალათ.

რომაელთა ღვთაებები

იმპერია იზრდებოდა და რომაელები სულ უფრო და უფრო მეტ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი მათთვის ნაცნობი ღმერთების პროტოტიპები იყვნენ. რომაელმა დამპყრობლებმა ადვილად მიიღეს და აღიარეს უცხო ღმერთები. ამგვარად, რომაელთა რელიგია ისეთივე მრავალფეროვანი გახდა, როგორც მოსახლეობა. რომაელებისგან ერთი ღმერთის თაყვანისცემა არ მოითხოვებოდა. ხალხს შეეძლო ერთდროულად რამდენიმე ღვთაებისთვის ეცა თაყვანი.

რომაელებისთვის უზენაესი ღმერთი იუპიტერი იყო, რომელსაც აგრეთვე „ოპტიმუს მაქსიმუსსაც“ უწოდებდნენ, ანუ საუკეთესოს და უდიდესს. ის ადამიანებს ქარის, წვიმის, ელვისა და ჭექა-ქუხილის სახით ევლინებოდა. იუპიტერის და იუნონა, რომელიც მისი მეუღლეც იყო, მთვარესთან ასოცირდებოდა და ყველა ქალის მფარველს წარმოადგენდა. იუპიტერის ქალიშვილი მინერვა ხელოსნობის, მეცნიერების, ხელოვნებისა და ომის ქალღმერთი იყო.

რომაელების პანთეონს (ღმერთების ერთობლიობა) დასასრული არ ჰქონდა. ლარები და პენატები ოჯახის მფარველი ღვთაებები იყვნენ. ვესტა ოჯახური კერის ქალღმერთი იყო, ხოლო ორსახოვანი იანუსი — ყოველგვარი დასაწყისის ღვთაება. ყოველ ხელობას თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა. რომაელებს სწამდათ, რომ აბსტრაქტულ ცნებებსაც თავ-თავისი ღმერთი ჰყავდა. პაქსი მშვიდობის ღვთაება იყო, სალესი ჯანმრთელობისა, პუდიკიცია სიმორცხვისა და უბიწობისა, ფიდესი ერთგულებისა, ვირტუსი სიმამაცისა, ვოლუპტასი კი განცხრომისა. რომაელები თვლიდნენ, რომ მათი პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება ღმერთების ნება იყო. ნებისმიერ საქმეში ხელი რომ მომართოდათ, ისინი ღმერთების კეთილგანწყობის მოპოვებას რიტუალური ლოცვებით, მსხვერპლშეწირვითა და დღესასწაულებით ცდილობდნენ.

ღვთაებების ნება-სურვილის გასაგებად რომაელები ნიშნებს ეძებდნენ. ამისათვის ისინი უმთავრესად შეწირული ცხოველების შინაგან ორგანოებს იკვლევდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ორგანოების გარეგნული დათვალიერებით გაარკვევდნენ, იწონებდნენ თუ არა ღმერთები მათ მომავალ გეგმებს.

ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს რომაელებმა თავიანთი მთავარი ღვთაებები ბერძნულ ღვთაებებს შეუსაბამეს — იუპიტერი ზევსს, იუნონა ჰერას და ასე შემდეგ. მათ ბერძნულ ღვთაებებთან დაკავშირებული მითები გადმოიღეს. ცხადია, ეს მითები ღმერთებს კარგ შუქში არ წარმოაჩენდა, რადგან ადამიანებივით მათაც შეზღუდული შესაძლებლობები და ნაკლოვანებები ჰქონდათ. მაგალითად, ზევსი აღწერილია, როგორც მოძალადე და პედოფილი, რომელიც სქესობრივ ურთიერთობას ამყარებდა მოკვდავებთან და სავარაუდოდ უკვდავებთანაც. თეატრებში წარმოდგენილი ღვთაებების სამარცხვინო თავგადასავლები, რასაც მაყურებელი დიდი ოვაციით ხვდებოდა, ხალხს ამაზრზენი საქმეებისკენ უბიძგებდა.

განათლებული ადამიანების უმეტესობა ამ ლეგენდებს პირდაპირი გაგებით არ იგებდა. ზოგი მათ ალეგორიებად მიიჩნევდა. ამით შეიძლება აიხსნას პონტიუს პილატეს მიერ დასმული ცნობილი კითხვა, „რა არის ჭეშმარიტება?“ (იოან. 18:38). ამ კითხვიდან ჩანს იმდროინდელი განათლებული ადამიანების წარმოდგენა, რომ ამაო იყო ამა თუ იმ საკითხზე სიმართლის დადგენის ნებისმიერი მცდელობა.

იმპერატორის თაყვანისცემა

იმპერატორის თაყვანისცემას ავგუსტუსის მმართველობის (ძვ. წ. 27—ახ. წ. 14) დროს მიეცა დასაბამი. განსაკუთრებით აღმოსავლეთის ბერძნულენოვან პროვინციებში ბევრი ემადლიერებოდა ავგუსტუსს, რომელმაც ააყვავა იმპერია და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა მოიტანა. ხალხს ხილული მფარველი სჭირდებოდა. მათ სურდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც რელიგიური სხვაობებით გამოწვეულ პრობლემებს დაარეგულირებდა, ხალხს პატრიოტიზმის გრძნობას გაუღვივებდა და მთელ იმპერიას მის „მხსნელს“ დაუმორჩილებდა. შედეგად, დიდება, რომელიც ღმერთს ეკუთვნოდა, იმპერატორმა მიისაკუთრა.

მართალია, თავის სიცოცხლეში ავგუსტუსი ხალხს ნებას არ რთავდა, მისთვის ღმერთი ეწოდებინათ, მაგრამ ის ითხოვდა, რომ გაღმერთებული რომისთვის — „რომა დეასთვის“ — ეცათ თაყვანი. ავგუსტუსი სიკვდილის შემდეგ გააღმერთეს. პროვინციებში ამგვარმა რელიგიურმა და პატრიოტულმა სულისკვეთებამ იმპერიისა და მმართველების თაყვანისცემა დაამკვიდრა. იმპერიისა და იმპერატორის კულტი, რომელიც სწრაფად გავრცელდა პროვინციებში, ქვეყნის მიმართ პატივისცემისა და ერთგულების გამოხატვის საშუალება გახდა.

დომიციანე (ახ. წ. 81—96) პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც სიცოცხლეშივე მოითხოვა, მისთვის ეცათ თაყვანი. მისი მმართველობის პერიოდში დაიწყეს რომაელებმა ქრისტიანების იუდეველებისგან განსხვავება. ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ იმას, რასაც თავად „ახალ“ კულტს უწოდებდნენ. როგორც ჩანს, მოციქული იოანე დომიციანეს მმართველობისას გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე „იესოს შესახებ დამოწმების გამო“ (გამოცხ. 1:9).

იოანემ წიგნი გამოცხადება გადასახლებაში ყოფნისას დაწერა. წიგნში ის მოიხსენიებს ქრისტიან კაცს, ანტიპას, რომელიც პერგამონში, იმპერატორის თაყვანისმცემლობის ცენტრში მოკლეს (გამოცხ. 2:12, 13). მთავრობამ შესაძლოა იმ დროიდან მოსთხოვა ქრისტიანებს, მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო რელიგიის რიტუალებში. ეს ზუსტად ასე იყო თუ არა, ცნობილი არ არის, თუმცა იმის თქმა კი შეიძლება, რომ ახ. წ. დაახლოებით 112 წელს, როგორც ზემოხსენებულ ტრაიანეს მიმართ მიწერილ წერილში იყო აღნიშნული, პლინიუსი ბითინიელი ქრისტიანებისგან ამგვარი რიტუალების შესრულებას ითხოვდა.

ტრაიანემ შეაქო პლინიუსი იმის გამო, რომ ის საქმეს თავს კარგად ართმევდა და მიუთითა: ქრისტიანები, რომლებიც თაყვანს არ სცემდნენ რომაელთა ღმერთებს, სიკვდილით დაესაჯათ. „მაგრამ, ვინც უარყოფს ქრისტიანობას და ამას სახალხოდ ცხადყოფს ჩვენი ღვთაებების თაყვანისცემით, დაე, ეპატიოს (თუნდაც ადრე ეჭვმიტანილი ყოფილიყო), რადგან მოინანია“ — წერდა ტრაიანე.

რომაელებისთვის წარმოუდგენელი იყო ისეთი რელიგია, რომელიც თავისი მიმდევრებისგან განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვდა. თუ რომაელთა ღვთაებებისთვის ეს სულერთი იყო, ქრისტიანთა ღმერთისთვის რატომღა იყო ასე მნიშვნელოვანი? რომაელები ფიქრობდნენ, რომ მათი ღვთაებების თაყვანისცემა არსებული პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერას ნიშნავდა. ასე რომ, ღვთაებების თაყვანისცემაზე უარის თქმა, სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი იყო. პლინიუსი მიხვდა, რომ ქრისტიანების უმეტესობას თავიანთ მრწამსზე უარს ვერანაირად ვერ ათქმევინებდა. კომპრომისზე წასვლა მათთვის იეჰოვას ღალატს ნიშნავდა და მრავალი ქრისტიანი იმპერატორის თაყვანისცემას სიკვდილს ამჯობინებდა.

რატომ უნდა იპყრობდეს ეს დღეს ჩვენს ყურადღებას? ზოგ ქვეყანაში ხელისუფლება თავისი ქვეშევრდომებისგან ეროვნული სიმბოლოების თაყვანისცემას ითხოვს. ჩვენ ქრისტიანები ვართ და პატივს ვცემთ ხელისუფლებას (რომ. 13:1). მაგრამ, როცა საქმე ეხება ცერემონიებს, რაშიც შეიძლება დროშისთვის სალმის მიცემაც შედიოდეს, ჩვენ იეჰოვასადმი ვავლენთ განსაკუთრებულ ერთგულებას და ვითვალისწინებთ მის სიტყვაში ჩაწერილ რჩევას: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“; „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 კორ. 10:14; 1 იოან. 5:21; ნაუმ. 1:2). იესომ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (ლუკ. 4:8). ამიტომ მოდით, ყოველთვის ვუერთგულოთ ღმერთს, რომელსაც ვეთაყვანებით!

[ჩანართი 5 გვერდზე]

ჭეშმარიტი ქრისტიანები განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენენ იეჰოვა ღმერთისადმი

[სურათი 3 გვერდზე]

პირველი ქრისტიანები უარს ამბობდნენ იმპერატორისა და ღვთაებების თაყვანისცემაზე

იმპერატორი დომიციანე

ზევსი

[საავტორო უფლებები]

Emperor Domitian: Todd Bolen/Bible Places.com; Zeus: Photograph by Todd Bolen/Bible Places.com, taken at Archaeological Museum of Istanbul

[სურათი 4 გვერდზე]

ეფესოელი ქრისტიანები თაყვანს არ სცემდნენ ქალღმერთ არტემიდას (საქ. 19:23—41)