„დავიწყებულ მსხვერპლთა“ გახსენება
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
„დავიწყებულ მსხვერპლთა“ გახსენება
ჰაიკაზმა, თხუთმეტი წლის იეჰოვას მოწმემ, 2001 წლის დასაწყისში ქალაქ ბერნში (შვეიცარია) ნახა გამოფენა „დავიწყებული მსხვერპლი“, რომელიც ეძღვნებოდა ნაცისტური რეჟიმის დროს დევნილ იეჰოვას მოწმეებს. დათვალიერების შემდეგ ჰაიკაზმა თქვა: „გაგონილი მქონდა ნაცისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეების არაადამიანური წამების შესახებ, მაგრამ პირველად ვნახე იმ დროის უტყუარი დოკუმენტები და ფოტოსურათები. გამოფენაზე ნანახმა, თვითმხილველთა მონაყოლმა და ისტორიკოსების კომენტარებმა ჩემს გულსა და გონებას ღრმა კვალი დააჩნია“.
რამდენიმე ხნის შემდეგ ჰაიკაზს სკოლაში დაავალეს მოხსენების დაწერა და თანაკლასელების წინაშე მისი წარდგენა. მან აიღო თემა „იეჰოვას მოწმეები ნაცისტური რეჟიმის დროს — დავიწყებული მსხვერპლი“. მასწავლებელს მოეწონა თემა, მაგრამ უთხრა, რომ მხოლოდ რელიგიური ლიტერატურა არ გამოეყენებინა. ჰაიკაზი სიხარულით დათანხმდა. ის გვიამბობს: «დავწერე რამდენიმე წიგნის მოკლე შინაარსი, რომელიც ეხებოდა ნაცისტურ პერიოდში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს. აგრეთვე აღვწერე, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე გამოფენამ „დავიწყებული მსხვერპლი“. მოხსენება შედგებოდა 43 გვერდისგან და მოიცავდა ილუსტრაციებსა და ფოტოსურათებს».
ჰაიკაზმა 2002 წლის ნოემბერში წარადგინა მოხსენება თანაკლასელების, მასწავლებლების, ოჯახისა და მეგობრების წინაშე. ამის შემდეგ მას დაუსვეს შეკითხვები, რამაც შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა, იქ მყოფთათვის მოეყოლა ბიბლიაზე დაფუძნებული საკუთარი მრწამსის შესახებ. ერთმა გოგონამ ჰკითხა, თუ რატომ აირჩია ეს თემა. ჰაიკაზმა განუმარტა, რომ ბევრი ისტორიული წიგნი არ მოიხსენიებს იეჰოვას მოწმეებს და მას სურდა, ხალხს სცოდნოდა, როგორ გაბედულად იცავდნენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ ქრისტიანულ მრწამსს. რა იყო მოხსენებით გამოსვლის შედეგი?
„ჩემი კლასელები განცვიფრებულები იყვნენ, — თქვა ჰაიკაზმა. — მათ არც კი ჰქონდათ გაგონილი, რომ იეჰოვას მოწმეები სასტიკად იდევნებოდნენ. ბევრმა არ იცოდა, რომ ნაცისტურ პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი იეჰოვას მოწმეები ატარებდნენ სპეციალურ ნიშანს — იისფერ სამკუთხედს“.
მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ჰაიკაზს მეტი შესაძლებლობა მიეცა, თანაკლასელებთან ემსჯელა, თუ ბიბლიის საფუძველზე იეჰოვას მოწმეებს რა შეხედულებები ჰქონდათ სისხლის გადასხმის, ალკოჰოლისა და ზნეობის შესახებ. „არც ერთი თანაკლასელი არ დამცინოდა“, — აღნიშნა ჰაიკაზმა. უფრო მეტიც, მისი მოხსენება ინახება სკოლის ბიბლიოთეკაში. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილი მამაცობა არასოდეს მიეცეს დავიწყებას.