არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობენ მშობლები

რას ამბობენ მშობლები

რას ამბობენ მშობლები

როგორ უნდა ასწავლოთ შვილებს მორჩილების ფასი? როგორ უნდა ჩაუნერგოთ მოზარდობის ასაკში პრაქტიკული უნარ-ჩვევები? აი, რას ამბობენ მშობლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

შინ თუ გარეთ გამოსადეგი უნარ-ჩვევები

„როდესაც ერთად ვსადილობთ და ვსაუბრობთ, ბავშვები მოსმენის კულტურას სწავლობენ. როცა ხედავენ, რომ დედიკო და მამიკო ყურადღებით უსმენენ მათ, ერთმანეთისა და საკუთარი თავის პატივისცემასაც სწავლობენ“ (რიჩარდი, დიდი ბრიტანეთი).

„სასიამოვნოა, როცა ვხედავთ, როგორი პატივისცემით ექცევიან ჩვენი შვილები ერთმანეთს და როგორ აგვარებენ ერთმანეთში უთანხმოებებს ჩვენი ჩარევის გარეშე. ისინი უფროსებთანაც თავისუფლად ურთიერთობენ“ (ჯონი, სამხრეთი აფრიკა).

„არც მე ვარ სრულყოფილი და ხანდახან უნებურად გულს ვტკენ ხოლმე შვილებს. ამ დროს აუცილებლად ვიხდი ბოდიშს“ (ჯანელი, ავსტრალია).

„ვცდილობთ, ბავშვებს საოჯახო საქმეებში მივაღებინოთ მონაწილეობა. ისინი სხვების მომსახურებას სწავლობენ და ამით საქმეც კეთდება და ოჯახში სიმშვიდეც ისადგურებს. ამასთან ერთად, ბავშვები კმაყოფილები და ბედნიერები არიან“ (კლაივი, ავსტრალია).

„ადვილი არ არის, მაგრამ შვილებს აუცილებლად უნდა ასწავლოთ, როგორ გაუგონ ერთმანეთს და პატივი სცენ; ასევე როგორ აპატიონ ერთმანეთს შეცდომები“ (იუკო, იაპონია).

ჰიგიენა და ჯანმრთელობა

„ბავშვებს პატარაობიდანვე ვასწავლეთ დაბანა და ეს პროცესი რომ სახალისო ყოფილიყო, ლამაზი ფორმის საპონს ვყიდულობდით, შამპუნსაც ისეთს ვარჩევდით, რომელზეც მულტფილმის გმირები ეხატა და ღრუბელსაც რომელიმე პატარა ცხოველის ფორმა ჰქონდა“ (ედგარი, მექსიკა).

„სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, წყალი არ იყო. ამიტომ ვცდილობდი, რომ ყოველთვის გვქონოდა საკმარისი წყალი და საპონი, სახლში მისვლისას პირველ რიგში ხელები რომ დაგვებანა“ (ენდიურენსი, ნიგერია).

„ბავშვებს ყოველდღე ჯანსაღ საკვებს ვაჭმევთ და ვუხსნით, რატომ არის აუცილებელი სწორი კვება. ისინი ძალიან ინტერესდებიან იმით, თუ რა მასალას ვიყენებ ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად და მეც ვთხოვ ხოლმე, რომ მომეხმარონ მომზადებაში. ეს დრო ურთიერთობის კარგი საშუალებაცაა“ (სანდრა, დიდი ბრიტანეთი).

„კარგია, როცა ადამიანი ვარჯიშობს და გვინდა, ამაში შვილებს კარგი მაგალითი მივცეთ. მათ უხარიათ, როცა ჩოგბურთს ან კალათბურთს ერთად ვთამაშობთ, დავრბივართ, ვცურავთ ან ველოსიპედებით ვსეირნობთ. იციან, რომ ვარჯიში მარტო სასარგებლო კი არა, სახალისოცაა“ (კერენი, ავსტრალია).

„ყველაზე მეტად, რაც ბავშვებს მშობლებისგან სჭირდებათ, არის დრო. ამას ვერაფერი შეცვლის — ვერც ფული, ვერც საჩუქრები და ვერც მოგზაურობები. მხოლოდ დილის საათებში ვმუშაობ, როცა ბავშვები სკოლაში არიან. ნაშუადღევს კი მთელ დროს მათთან ვატარებ“ (რომინა, იტალია).

დასჯის მეთოდები

„მივხვდით, რომ დასჯის რომელიმე ერთი მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს. ბევრი რამ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ბავშვთან გულახდილად და სერიოზულად ვსაუბრობთ, ზოგჯერ კი ვუკრძალავთ იმის გაკეთებას, რაც ძალიან მოსწონს“ (ოგბიტი, ნიგერია).

„ბავშვებს ვამეორებინებთ ხოლმე მიცემულ მითითებებს, რომ დავრწმუნდეთ, სწორად გაიგეს თუ არა, რაც ვუთხარით. შემდეგ ზედმიწევნით მივყვებით იმას, რაც ვთქვით. შვილები რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჩვენს მითითებებს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სათანადოდ ვსჯით“ (კლაივი, ავსტრალია).

„ძალიან ეფექტური გამოდგა, როცა შენიშვნის მიცემისას ბავშვის სიმაღლეზე ვიხრები. ასე უფრო ადვილად ვიქცევ მათ ყურადღებას. ისინი ჩემი სახის გამომეტყველებასაც კითხულობენ და ადვილად ხვდებიან, რისი თქმა მინდა“ (ჯენიფერი, ავსტრალია).

«ჩვენს ბიჭებს არასოდეს ვეუბნებით: „რა ხართ ამისთანა, რომ არასოდეს არ გვისმენთ!“ მაშინაც კი, როცა მართლა არ გვისმენენ. არც ერთმანეთის თანდასწრებით ვსჯით; ჩუმად ვსაყვედურობთ ხოლმე ან გვერდზე გაგვყავს და იქ ვეუბნებით სათქმელს» (რუდი, მოზამბიკი).

„ბავშვები ადვილად ექცევიან გავლენაში და უნდათ, რომ სხვებს ჰბაძავდნენ. ამიტომ სკოლაში თუ სხვაგან ცუდ გავლენაში რომ არ მოექცნენ, შვილებს თავად ვაძლევთ ზნეობრიობის კარგ მაგალითს და ამით, ასე ვთქვათ, ცუდ ზეგავლენას ვანეიტრალებთ. მაღალზნეობრივი ბიბლიური ნორმების დაფასება ეხმარება მათ, ისეთი არაფერი გააკეთონ, რაც ზიანს მოუტანს“ (გრეგუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა).

„დასჯის დროს უნდა იყოთ მტკიცე, სამართლიანი და პრინციპული. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა მოჰყვება არასწორ საქციელს და ის, რომ ურჩობის შემთხვევაში ზუსტად ისე დაისჯებიან, როგორც უთხარით“ (ოუენი, ინგლისი).

[სურათი 14 გვერდზე]

„მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21).

[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]

ერთი ოჯახის მაგალითი

მარტოხელა წარმატებული მშობელი

ინტერვიუ ლუსინდა ფორსტერთან

როგორც მარტოხელა მშობელი, რა სირთულეს აწყდებით ხშირად?

საერთოდ, მშობლის ტვირთი რთული სატარებელია, მით უმეტეს, თუ მარტო გიწევს მისი ტარება. ძალიან ძნელია, მუდმივად აკონტროლო შენი დრო და ენერგია, რომ ბავშვები უყურადღებოდ არ დაგრჩეს. დროა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვს გარკვეული პრინციპები და ბიბლიური ფასეულობები ჩაუნერგო. ამასთანავე, დრო განტვირთვისთვის და ერთად სიცილისთვისაც უნდა გამონახო. ხშირად ნორმალურად დასვენებას ვერ ვასწრებ იმდენი საქმე მაქვს სახლში.

როგორ ინარჩუნებთ თქვენს გოგონებთან ახლო ურთიერთობას?

მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვები შეიძლება გულმოსულები იყვნენ და თავს დაუცველად გრძნობდნენ. როცა მათთან ურთიერთობა მეძაბება, პირისპირ ვესაუბრები ხოლმე მშვიდი ტონით და თან თვალებში ვუყურებ. ველოდები, როდის დავმშვიდდებით ყველანი და შემდეგ გამოვთქვამ ჩემს წუხილს, ოღონდ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. შვილებს აზრის გამოთქმის საშუალებას ვაძლევ, ყურადღებით ვუსმენ და ვაჩვენებ, რომ მთელი გულით ვაფასებ მათ აზრს. ვინტერესდები სკოლაში მათი სწავლით და საქებარ სიტყვებსაც არ ვიშურებ. ყოველთვის ერთად ვჭამთ მშვიდ და წყნარ გარემოში. ძალიან ხშირად გამოვხატავ ჩემს სიყვარულს სიტყვებით.

როგორ სჯით შვილებს?

ბავშვებმა კარგად უნდა იცოდნენ, რა წესები აქვთ დადგენილი და ეს წესები არ უნდა იყოს ცვალებადი. შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, და, ამავე დროს, სიმტკიცესაც ვავლენ. ერთად ვმსჯელობთ და ვუხსნი, თუ რატომ არის ესა თუ ის საქციელი არასწორი. დასჯამდე ბევრ შეკითხვას ვუსვამ, რომ გავიგო, რას ფიქრობენ და რას გრძნობენ; შედეგად, შემიძლია განვსაზღვრო, რატომ მოიქცნენ არასწორად. თუ რამე შემეშალა, მაგალითად, რაიმე არასწორად დავასკვენი, ბოდიშს ვიხდი.

როგორ ასწავლით შვილებს სხვების პატივისცემას?

შვილებს ხშირად ვახსენებ იესოს ნათქვამს, რომ სხვებს ისე მოექცნენ, როგორც თავად უნდათ, რომ ექცეოდნენ (ლუკ. 6:31). გოგონებს ვეუბნები, რომ თუ შესაძლებელია, ერთმანეთში წამოჭრილი პრობლემები თვითონვე მოაგვარონ; ვასწავლი, რომ, მაშინაც კი, როცა გაბრაზებულები არიან, ერთმანეთს თავაზიანად და რბილად უპასუხონ.

როგორ ისვენებთ?

ყოველთვის არა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სადმე კარგ ადგილას წავიდეთ დასასვენებლად. ზოგჯერ გაზეთებში ვეძებთ, სად შეიძლება იაფად დასვენება. ვაწყობთ პიკნიკებს, დავდივართ სანერგეებში და ლამაზ ხეებს და ყვავილებს ვათვალიერებთ. ჩვენს ბაღში მოგვყავს მწვანილი და გვსიამოვნებს, როცა საკუთარ ბაღში მოყვანილი მწვანილით ვამზადებთ სადილს. გვესმის, რომ დასვენება აუცილებელია, ამიტომ ჩვენს სახლთან ახლოს ერთი პარკია და ზოგჯერ იქ გავდივართ ხოლმე და ვისვენებთ.

რა განიჭებთ სიხარულს?

ადვილი არ არის შვილების მარტო გაზრდა, მაგრამ ჩვენმა მდგომარეობამ მე და ჩემი შვილები უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ვისწავლეთ, დავაფასოთ ის, რასაც ღმერთი გვაძლევს. ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, როგორ იზრდებიან ჩემი შვილები და როგორ ყალიბდებიან შესანიშნავ პიროვნებებად. ამ ასაკში მათ ჩემთან ყოფნა უნდათ და მეც ძალიან მსიამოვნებს მათ გვერდით ყოფნა. ისინი ადვილად ხვდებიან, როდის ვარ კარგ ხასიათზე და როდის — ცუდზე. ზოგჯერ მოდიან და მეხუტებიან, რითაც მაგრძნობინებენ, რომ ვუყვარვარ. ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს მშობლისთვის! მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩვენი ოჯახი განსაკუთრებით გრძნობს ჩვენი მზრუნველი შემოქმედის ხელს, რომელსაც არასოდეს მივუტოვებივართ რთულ სიტუაციებში. მისი სიტყვა ძალას მაძლევს, რომ კარგი დედა ვიყო (ესაია 41:13).

[სურათი]

ლუსინდა თავის ორ ქალიშვილთან, ბრისთან და შეისთან ერთად