თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა
თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა
რუსტამი რუსეთში ცხოვრობს, მას საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს. წარსულში ის არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს ძვირად დაუჯდებოდა. მან მიატოვა მოწევა და ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება. მიუხედავად ამისა, მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობის გამო სულ მოთენთილობას გრძნობდა.
მართალია, მუშაობას დილის რვა საათზე იწყებდა, მაგრამ ათ საათამდე გამოფხიზლება უჭირდა და ხშირად ავადმყოფობდა. რუსტამმა ცხოვრების წესის შეცვლა გადაწყვიტა. შედეგებზე ის თავად გვესაუბრება: „ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ავადმყოფობის გამო სამუშაო სულ ორჯერ გავაცდინე. თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხნედ და ხალისიანად ვარ. ცხოვრებით ვხარობ“.
რამი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ნეპალში ცხოვრობს. იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, ცუდი სანიტარიული პირობებია, იქაურობა კოღოებითა და ბუზებითაა სავსე. ადრე რამსა და მისი ოჯახის წევრებს სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებოდათ, ხშირად თვალის ინფექციაც აწუხებდათ. ცხოვრებაში ცვლილება მათაც მოახდინეს, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
ადამიანები თავიანთი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში ვერ ხედავენ კავშირს ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობას შორის. ისინი თვლიან, რომ კარგი ჯანმრთელობა უბრალოდ გამართლებაა და მისი სრულად გაკონტროლება შეუძლებელია. ასეთი ფატალისტური შეხედულების გამო მრავალი არ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ ცხოვრება უფრო ნაყოფიერი გახადოს.
ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, სინამდვილეში ყველას შეუძლია საკუთარი თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ამგვარად, თქვენ შეძლებთ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას და შეგნებულად არ მოისწრაფებთ სიცოცხლეს.
მშობლებს შეუძლიათ სიტყვითა თუ საქმით დაეხმარონ შვილებს ჯანსაღი წესით ცხოვრებაში, თუ კარგ ჩვევებს ჩაუნერგავენ. ჯანმრთელობისთვის დახარჯული დრო და სახსრები იმით აგვინაზღაურდება, რომ ავადმყოფობა ნაკლებად შეგვაწუხებს და მკურნალობაში ზედმეტი დრო და სახსრები არ დაგვეხარჯება. ინგლისურში ასეთი გამოთქმა არსებობს: „უნცია თავდაცვა გირვანქა განკურნებას უდრისო“.
მომდევნო სტატიებში განხილული იქნება ხუთი ძირითადი რჩევა, რომელიც რუსტამს, რამსა და სხვა მრავალს დაეხმარა. მათი გათვალისწინება თქვენც დაგეხმარებათ.
[სურათი 3 გვერდზე]
რუსტამი
[სურათი 3 გვერდზე]
რამი და მისი ოჯახის წევრები დასალევად სუფთა წყალს იღებენ