არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაიცანით „ტყის კაცი“

გაიცანით „ტყის კაცი“

გაიცანით „ტყის კაცი“

ტყეში უზარმაზარ ტყის ბინადარს გადავაწყდით. იგი ისე გაფაციცებით გვიყურებდა, რომ მის დანახვაზე სუნთქვა შეგვეკრა და თვალი ვეღარ მოვაშორეთ. ის ხის ტოტს ჩაბღაუჭებოდა და ტოტი მეტისმეტი სიმძიმისგან ჩაზნექილიყო. ჩვენ გაოცებული შევყურებდით, მას კი რეაქცია არ ჰქონდა. ეს გახლდათ ტყის ბინადართა შორის ყველაზე დიდი პრიმატი, ორანგუტანი, რომელიც ხეზე ცხოვრობს.

ორანგუტანი ადამიანის მსგავსი პრიმატია, ისევე როგორც გორილა და შიმპანზე. ეს უწყინარი ცხოველი განდეგილივით ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორი უდიდესი კუნძულის ბორნეოსა და სუმატრას გაუვალ ჯუნგლებში. მისი სახელი მომდინარეობს ორი ინდონეზიური სიტყვიდან „ორანგ უტანი“, რაც „ტყის კაცს“ ნიშნავს.

გინდათ გაიცნოთ მოწითალო ბეწვით დაფარული უზარმაზარი პრიმატი? მაშინ ჩვენთან ერთად იმოგზაურეთ ბორნეოში, ორანგუტანის სამშობლოში.

გაეცანით ტყის საოცარ ბინადარს

ორანგუტანების სანახავად ვეწვიეთ ტანჯუნგ-პუტინგის ეროვნულ პარკს. ამ პარკში უამრავი სახეობის ცხოველს ნახავთ. ყველაზე მეტად თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ორანგუტანი, რომელიც იქ ათასობითაა.

ჩვენი მოგზაურობა პატარა სადგურ კუმაიდან დაიწყო. ჩვენ ჩავსხედით ძრავიან ნავში, რომელსაც ადგილობრივები „კლოტოკს“ უწოდებენ. რაც უფრო აღმა მივუყვებოდით მდინარეს, მით უფრო ვიწროვდებოდა კალაპოტი და უფრო ღრმად შევდიოდით დაბურულ ჯუნგლებში. ნაპირებზე პალმები ხარობდა, ხოლო მღვრიე და მდორე წყალში ნიანგები მორიგ მსხვერპლს ელოდნენ. ამ ყველაფერს თან ერთვოდა ჯუნგლებისთვის ჩვეული ხმები, რაც ერთიორად ზრდიდა ჩვენში მძაფრ შეგრძნებებს.

ნავიდან რომ გადმოვედით, მთელ სხეულზე მწერებისგან დამცავი კრემი წავისვით და უღრან ტყეში შევედით. რამდენიმე წუთში სწორედ იმ მამალ ორანგუტანს გადავაწყდით, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიეთ. მის დაკუნთულ სხეულს უხეში, მოწითალო ბალანი ფარავდა, რომელიც შუადღის მზეზე სპილენძისფრად ელავდა.

ველურ პირობებში მამრი ორანგუტანის სხეულის სიგრძე 1,7 მეტრს აღწევს, მასა კი — 90 კილოგრამს. მდედრებთან შედარებით ის ორჯერ მეტს იწონის. ზრდასრულ მამრს ბრტყელი, მრგვალი პირისახე აქვს და დიდი, დანაოჭებული ლოყები. გარდა ამისა, მათ ჩამოკიდებული ყელი აქვთ, საიდანაც უჩვეულო ხმებს გამოსცემენ. ზოგჯერ მამრი ორანგუტანის ღრიალი საკმაოდ დიდხანს, ხუთ წუთამდე გრძელდება და 2 კილომეტრის მანძილზეც კი ისმის! იგი ღრიალით იზიდავს სქესობრივად მგრძნობიარე მდედრებს და ამგვარად მეტოქეებსაც აფრთხობს.

ხის კენწეროზე მოკალათებული გიგანტი

გზადაგზა ვხედავდით, როგორ დახტუნავდნენ ხიდან ხეზე ორანგუტანები. მათ გრძელი, მძლავრი და საოცრად მოქნილი კიდურები აქვთ. ისინი კაუჭისებრი გრძელი თითებით ადვილად ეჭიდებიან ტოტებს და მსუბუქად გადაადგილდებიან ერთი კენწეროდან მეორეზე.

ორანგუტანს შენიღბვის საოცარი უნარი აქვს. ის სწრაფად და მოხერხებულად უჩინარდება ტოტებსა და ფოთლებს მიღმა. მიწაზე კი არცთუ ისე მოხერხებულად, ხოხვით გადაადგილდება; ადამიანი მას თავისუფლად გაასწრებს.

ეს უზარმაზარი ცხოველი ერთადერთი პრიმატია, რომელიც თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ხის კენწეროზე ატარებს. საღამოობით ის ძილისთვის ემზადება. იგი დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლეზე კარგად დატოტვილ ხეს ირჩევს და პატარ-პატარა ტოტებისგან მოხერხებულ „ქვეშაგებს“ იწნის. ზოგჯერ ორანგუტანი წვიმისგან თავის დასაცავად „სახურავსაც“ იკეთებს და ტოტებს თავზე იყრის. ასე არასდროს იქცევიან შიმპანზეები და გორილები. სამზადისი ძილისთვის, სულ რაღაც, ხუთ წუთს გრძელდება.

გარდა იმისა, რომ ორანგუტანისთვის ხე კომფორტული საცხოვრებელია, ის მის ნაყოფსაც გემრიელად მიირთმევს. ამ ყველაფერთან ერთად მას კარგი მახსოვრობაც აქვს და იცის, რომელ ხეზე იპოვოს მწიფე ნაყოფი. ხილის გარდა, ორანგუტანის კვების „რაციონში“ შედის ხის ფესვები, ქერქი, ფოთლები, თაფლი და მწერები. იგი ჯოხის მეშვეობით გეახლებათ თაფლს და სხვადასხვა მწერიც ხის ფუღუროებიდან ჯოხით გამოჰყავს. ორანგუტანი 400-ზე მეტი ტიპის საკვებით საზრდოობს.

ცოტაც რომ გავიარეთ, ჩვენ წინ სრულიად განსხვავებული სურათი გადაიშალა — ბანანის გროვაზე მოკალათებული ორანგუტანები მადიანად შეექცეოდნენ ხის მწიფე ნაყოფს. ეს საკვები მათთვის ადამიანებს მიეცათ, რადგან ისინი მათთან იყვნენ გაზრდილი და არა ველურ ბუნებაში. მაიმუნებს არ ჰქონდათ ბუნებრივ საარსებო გარემოში ცხოვრების გამოცდილება და არც ის უნარ-ჩვევები, რაც საკვების მოსაპოვებლად არის აუცილებელი. ასე რომ, საკვების ასეთი უხვი მარაგი მათ ადამიანების წყალობით ჰქონდათ.

ორანგუტანების ოჯახური ცხოვრება

მალე საყვარელი, პატარა ორანგუტანებიც ვიხილეთ. ზოგი მათგანი დედის კისერზე იყო ჩამოკონწიალებული, ზოგიც ანცად დახტოდა მიწაზე და ხიდან ხეზე. მდედრი ორანგუტანი 45 წლამდე ცოცხლობს. ის სქესობრივ სიმწიფეს 15—16 წლის ასაკში აღწევს და ამის შემდეგ ყოველ 7—8 წელიწადში ერთხელ მაკდება. სიცოცხლის მანძილზე მდედრი ორანგუტანი არა უმეტეს სამ ნაშიერს იძლევა. სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთია იმ ძუძუმწოვართაგან, რომლებიც ყველაზე ძნელად მრავლდებიან.

პატარა ორანგუტანი მთლიანად დედაზეა დამოკიდებული. დედა ორანგუტანი თავის ნაშიერზე რვა წელზე მეტი ხნის მანძილზე ზრუნავს. ახალდაბადებული პრიმატი 24 საათის განმავლობაში დედაზეა მიწებებული. ასე გრძელდება მანამ, სანამ „ოჯახში“ კიდევ ერთი პატარა არ დაიბადება. ზრდასრული მდედრი ორანგუტანები ასეთი მზრუნველი დედების მაგალითზე სწავლობენ, თავად როგორ გახდნენ კარგი დედები.

მას შემდეგ, რაც პატარა, მამრი ორანგუტანი დედის კალთას მოსწყდება, ის დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას. მარტო დახეტიალობს ტყეში და დაახლოებით 15 კვადრატული კილომეტრის რადიუსით გადაადგილდება. ის გაურბის სხვა მამრ ორანგუტანებთან შეხვედრას და მდედრებსაც მხოლოდ დასაწყვილებლად ხვდება.

მამრებისგან განსხვავებით, მდედრი ორანგუტანები სიცოცხლის მანძილზე გაცილებით პატარა ტერიტორიაზე სახლობენ. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ რამდენიმე მდედრმა ერთდროულად გამოიყენოს ერთი და იგივე ხე, მაგრამ მხოლოდ „ფორმალური“ ურთიერთობით შემოიფარგლონ. სწორედ ამით გამოირჩევიან ორანგუტანები პრიმატთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებისგან. თუ გვინდა მეტი შევიტყოთ „ტყის კაცის“ შესახებ, კიდევ ერთ ადგილს ვეწვიოთ.

ლიკის ბანაკის მკვიდრნი

ინდონეზიის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ლიკის ბანაკი, რომლის სახელწოდება ანთროპოლოგ ლუის ლიკის სახელიდან მომდინარეობს. ეს არის ორანგუტანთა რეაბილიტაციის, დაცვისა და კვლევის ცენტრი. აქ ისინი შეჩვეული არიან ადამიანთა ყურადღებას და მათ არასდროს გაურბიან. უფრო მეტიც, პრიმატები ახლოს მიდიან მათთან და სხვადასხვა ილეთებსაც უჩვენებენ. ერთმა მდედრმა ორანგუტანმა ჩემი მეგობრის ქურთუკსაც კი წაატანა ხელი. მათი ახლოს ხილვით ძალიან ნასიამოვნები დავრჩით.

ბანაკ ლიკის ადმინისტრაცია მკაცრად აფრთხილებს ყველას, გაუფრთხილდნენ ორანგუტანებს, რადგანაც პრიმატთა ეს სახეობა გადაშენების პირასაა მისული. გარემოს ზოგი დამცველის მტკიცებით, თუ ორანგუტანები ველურ ბუნებაში დარჩებიან, 10 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში სრულიად გადაშენდებიან. ეს ვარაუდი საფუძველს არაა მოკლებული სამი ძირითადი მიზეზის გამო:

ტყეების გაჩეხვა. ბოლო 20 წლის მანძილზე ორანგუტანებისთვის საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიის 80 პროცენტი გაიჩეხა. მხოლოდ ინდონეზია, ყოველდღიურად, 51 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყის საფარს კარგავს. ეს წუთში 5 საფეხბურთო სტადიონის ფართობის დაკარგვის ტოლფასია!

ნადირობა. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაინტერესდა ნადირობით, ორანგუტანიც მისი ერთ-ერთი სამიზნე გახდა. ორანგუტანის თავის ქალა კონტრაბანდული საქონლის ბაზარზე 70 ამერიკულ დოლარად იყიდება. ზოგი იმას იმიზეზებს, რომ ორანგუტანი აჩანაგებს მარცვლეულ კულტურებს, ზოგი კი საკვებად იყენებს მის ხორცს.

ცხოველებით ვაჭრობა. შავ ბაზარზე ახალშობილი ორანგუტანის ფასი რამდენიმე ასეული ამერიკული დოლარიდან ათობით ათას ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით 1 000 პატარა ორანგუტანი იყიდება.

არაერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს დაიცვას ორანგუტანები გადაშენებისგან. ეს ორგანიზაციები აარსებენ სარეაბილიტაციო თუ შემეცნებით ცენტრებს, ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს. დიდი ყურადღება ეთმობა აგრეთვე ხე-ტყის უკანონო ჩეხვას.

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი მალე ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ და მთელ დედამიწას სამოთხედ აქცევს (გამოცხადება 11:18; ესაია 11:4—9; მათე 6:10). მაშინ გამართლდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: ‘ტყის ყველა ხე გამხიარულდება’ (ფსალმუნი 96:12). ყველა ცხოველი, მათ შორის ინდონეზიის ტყეების ბინადარი ორანგუტანი, არაერთი საფრთხის მიუხედავად, კვლავ იარსებებს დედამიწაზე.

[რუკა 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მალაიზია

ბორნეო

ინდონეზია

სუმატრა

ავსტრალია

[სურათი 16 გვერდზე]

ასე გამოიყურება ზრდასრული მამრი ორანგუტანი

[საავტორო უფლება]

© imagebroker/Alamy

[სურათები 17 გვერდზე]

ორანგუტანები ლამის ფრენენ ხიდან ხეზე, მიწაზე კი დახოხავენ

[საავტორო უფლებები]

Top: © moodboard/Alamy; bottom: Orangutan in the Camp Leakey of Tanjung Puting National Park, managed by BTNTP, UPT Ditjen PHKA Dephut

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Orangutans move through the trees with ease but are much slower on the ground

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Orangutan in the Camp Leakey of Tanjung Puting National Park, managed by BTNTP, UPT Ditjen PHKA Dephut