რეკლამის მაცდუნებელი ძალა
რეკლამის მაცდუნებელი ძალა
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის პოლონეთიდან
ტომეკი ტელევიზორის ეკრანს მიშტერებია. ის სულგანაბული უყურებს რეკლამას, რომელიც მსმენელს არწმუნებს: „თქვენი ვაჟი ამ სამოსში უფრო ძლიერი და ათლეტური გამოჩნდება და მეგობრების ყურადღების ცენტრში მოექცევა. უყიდეთ თქვენს შვილს!“ ტომეკზე ადვილად იმოქმედა რეკლამისთვის შერჩეულმა მაცდუნებელმა ტონმა და უმალვე მამასთან გაიქცა. მან ხვეწნა-მუდარით უთხრა მას: „მამი, მიყიდე, რა!“
▪ რატომ იზიდავს ბავშვებს ის ნივთები, რასაც რეკლამას უკეთებენ? „მათ უნდათ, ჰქონდეთ ის, რაც სხვებს აქვთ. მათ არ სურთ, რომ თანატოლებმა ზემოდან დაუწყონ ყურება“, — ამბობს ერთი პედაგოგი პოლონეთში გამომავალ ჟურნალ „რეზიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ზოგი ბავშვი ტირილით, ხვეწნა-მუდარითა თუ ბუტიაობით თავს აცოდებს მშობელს და ისიც ყიდულობს ყველაფერს, რასაც შვილი სთხოვს.
რატომ მოქმედებს რეკლამა ასე მაცდუნებლად ბავშვებზე? რეკლამაში „ბევრს არაფერს ამბობენ ფასზე, ხარისხზე ან ვარგისიანობაზე“, — აღნიშნავს ფსიქოლოგი იოლანტა ვონსი. რეკლამის მიზანია, იმოქმედოს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ვონსი დასძენს: „მოზარდები ვერ ათვითცნობიერებენ, რომ რეკლამებში მოთხრობილი სინამდვილეს არ შეეფერება . . . ისინი არ ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა მოსმენილი ინფორმაცია ფაქტებს“. და მაშინაც კი, როცა ამას აკეთებენ, მათი ცოდნა იმდენად მწირია, რომ უჭირთ ზუსტად განსაზღვრონ, რამდენად გამოსადეგია ის, რასაც რეკლამა უკეთდება.
როგორ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები რეკლამის საზიანო გავლენისგან? პირველ რიგში, „ბავშვებს დრო უნდა გამოუყოთ და აუხსნათ, რომ ადამიანის ღირსება იმით არ განისაზღვრება, თუ რა ფირმის ფეხსაცმელი [ან ტანსაცმელი] აცვია“, — ნათქვამია ზემოხსენებულ ჟურნალში. აუხსენით შვილებს, რომ უახლესი მოდელის სათამაშოების გარეშეც შეიძლება ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. გარდა ამისა, მშობლებს თავად უნდა ესმოდეთ, თუ რამდენად მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია რეკლამას ბავშვებზე. „არ უნდა დავუშვათ, რეკლამამ გვიკარნახოს, რა იქნება ჩვენი შვილებისთვის კარგი“, — გვირჩევს ვონსი.
ბიბლიაში სასარგებლო რჩევებია ჩაწერილი ყველა მშობლისთვის. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოანე 2:15, 16).
ნუთუ არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ რეკლამები აღვივებს „თვალთა სურვილს“ და ასაკის მიუხედავად, ყველას ‘ქონებით ტრაბახისკენ’ გვიბიძგებს? საყურადღებოა მოციქულ იოანეს შემდეგი სიტყვები: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17).
მშობლები, რომლებიც რეგულარულად უთმობენ დროს შვილებთან ურთიერთობასა და საუბარს, მათ ბიბლიის პრინციპებს ასწავლიან. ამის შედეგად, ბავშვებმა იციან, რა არის მათთვის ფასეული (კანონი 6:5—7). ისინი ადვილად აღარ მოექცევიან მაცდუნებელი რეკლამის გავლენაში და აღარ აიძულებენ მშობლებს, რომ უყიდონ ის, რაც მოუნდებათ.