ბიოგრაფია
ბედნიერი ვარ, რომ დღემდე სულიერად მოწიფული მამაკაცების გვერდით ვმსახურობ
ჩემი მშობლები, ჯეიმზ და ჯესი სინკლერები, 1930-იანი წლების შუა პერიოდში, როცა მე ჯერ დაბადებულიც კი არ ვიყავი, ნიუ-იორკის ერთ უბანში, ბრონქსში დასახლდნენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც იქ გაიცნეს, იყო უილ სნედენი, რომელიც მათსავით შოტლანდიიდან იყო ჩასული. მათ გაცნობისთანავე თავიანთი ოჯახების ამბების მოყოლა დაიწყეს.
დედაჩემმა უილს უთხრა, რომ პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე მისი უფროსი ძმა და მამა ჩრდილოეთის ზღვაში ნავით თევზაობის დროს ნაღმზე აფეთქდნენ. უილმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, დედას უთხრა: „მამაშენი ჯოჯოხეთშია“. ასე უცნაურად გაიგო დედაჩემმა ჭეშმარიტება.
უილის ნათქვამმა დედაჩემს გული ატკინა, რადგან მამამისი კარგი ადამიანი იყო. შემდეგ უილმა უთხრა: „თუ შენთვის მანუგეშებელი იქნება, გეტყვი, რომ იესოც ჯოჯოხეთში იყო“. დედას გაახსენდა ეკლესიაში ნასწავლი ლოცვა, რომლის თანახმადაც იესო ჯოჯოხეთში წავიდა და მესამე დღეს აღდგა. ის ფიქრობდა: რატომ მოხვდა იესო ჯოჯოხეთში, თუ ის ბოროტების სატანჯველი ცეცხლოვანი ადგილია? ასე დაინტერესდა დედაჩემი ჭეშმარიტებით. მან ბრონქსში კრების შეხვედრებზე სიარული დაიწყო და 1940 წელს მოინათლა.
იმ პერიოდში ქრისტიან მშობლებს არ მოეთხოვებოდათ, რომ შვილებისთვის ბიბლია ესწავლებინათ. როცა დედა კრების შეხვედრებზე ან შაბათ-კვირას საქადაგებლად მიდიოდა, მე მამასთან მტოვებდა. რამდენიმე წელიწადში ჩვენც დავიწყეთ დედასთან ერთად კრების შეხვედრებზე სიარული. დედაჩემი გულმოდგინე მქადაგებელი იყო და არაერთი ბიბლიის შესწავლა ჰქონდა. ზოგჯერ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ, ერთადაც კი უტარებდა შესწავლას. სკოლის არდადეგების დროს დედას მსახურებაში დავყვებოდი. ამგვარად, ბიბლიიდან ბევრი რამე ვისწავლე და ქადაგებას მივეჩვიე.
სამწუხაროა, რომ პატარაობაში სათანადოდ არ ვაფასებდი ჭეშმარიტებას. ვფიქრობდი, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო. თუმცა 12 წლის ასაკში სამეფოს
მაუწყებელი გავხდი და რეგულარულად დავიწყე ქადაგება. 16 წლისამ თავი მივუძღვენი იეჰოვას და 1954 წლის 24 ივლისს ტორონტოში (კანადა) გამართულ კონგრესზე მოვინათლე.ბეთელში მსახურება
ჩემი კრებიდან ზოგიერთი ძმა ბეთელში მსახურობდა ან ყოფილი ბეთელელი იყო. ეს ძმები კარგ გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ძალიან მომწონდა მათი სწავლებისა და გადმოცემის უნარი. ჩემს მასწავლებლებს უნდოდათ, რომ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ მე ბეთელში მსახურება მინდოდა. ამიტომ პირველად ბეთელის ბლანკი ტორონტოში გამართულ კონგრესზე შევავსე, მეორედ კი — 1955 წელს იანკის სტადიონზე ჩატარებულ კონგრესზე (ნიუ-იორკი). მოწვევა მალევე მომივიდა. ასე რომ, 1955 წლის 19 სექტემბერს 17 წლის ასაკში ბრუკლინის ბეთელში დავიწყე მსახურება. მეორე დღესვე ადამს-სტრიტის 117-ში მდებარე საამკინძაოში დამასაქმეს. ვმუშაობდი დანადგართან, რომელიც სასტამბო თაბახს 32 გვერდად კეცავდა და წიგნის ასაკინძი დანადგარისთვის ამზადებდა.
რადგანაც ბეჭდვა ვიცოდი, დაახლოებით ერთ თვეში ჟურნალების განყოფილებაში გადამიყვანეს. მაშინ და-ძმები პატარა მეტალის ფირფიტების შაბლონებს ამზადებდნენ, რომლებზეც „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი გამომწერების მისამართები იყო ამოტვიფრული. რამდენიმე თვეში გზავნილთა განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. განყოფილების ზედამხედველმა, ძმა კლაუს ჯენსენმა მითხრა, რომ თუ სურვილი მქონდა, შემეძლო დავხმარებოდი ძმას, რომელსაც სატვირთო მანქანით ლიტერატურა ნავსადგურში მიჰქონდა, საიდანაც მას მთელ მსოფლიოში გზავნიდნენ. გარდა ამისა, ფოსტაში მიჰქონდათ ჟურნალების რამდენიმე შეკვრა, რომლებიც შეერთებული შტატების კრებებს ეგზავნებოდა. ძმა ჯენსენი
ფიქრობდა, რომ ფიზიკური შრომა წამადგებოდა, რადგან ჩხირივით გამხდარი ვიყავი; სულ რაღაც 57 კილოგრამს ვიწონიდი. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა, რა იყო ჩემთვის უკეთესი. ფიზიკურმა შრომამ აშკარად მომაძლიერა.კრებებიდან ჟურნალების შეკვეთებსაც ეს განყოფილება იღებდა. ასე გავიგე იმ ენების შესახებ, რომლებზეც ბრუკლინში ჩვენი ჟურნალები იბეჭდებოდა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იგზავნებოდა. მიხაროდა, რომ ათიათასობით ჟურნალი ჩადიოდა დედამიწის შორეულ ქვეყნებში. რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ წლების შემდეგ ამ ქვეყნებიდან ბევრს პირადად ვესტუმრებოდი!
1961 წელს ბუღალტერიის განყოფილებაში გადამიყვანეს, რომელსაც ძმა გრანტ სუიტერი ხელმძღვანელობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ნეითან ნორმა, რომელიც ჩვენს საქმიანობას ედგა სათავეში, თავის ოფისში დამიბარა. მან მითხრა, რომ მის განყოფილებაში მომსახურე ძმა სამეფო მსახურების სკოლაში ერთთვიან კურსს გაივლიდა და დამთავრების შემდეგ სამსახურებრივ განყოფილებაში გააგრძელებდა მსახურებას. ასე რომ, მის ადგილას მე უნდა მემუშავა და დონ ადამსთან მეთანამშრომლა. საინტერესო დამთხვევაა, რომ 1955 წელს სწორედ დონმა გამომართვა ბეთელის ბლანკი. სხვა ორი ძმა, რომლებიც უკვე მუშაობდნენ ამ განყოფილებაში, იყვნენ რობერტ უოლენი და ჩარლზ მოლოჰენი. ჩვენ ოთხნი 50 წელზე მეტხანს ვთანამშრომლობდით. ნამდვილი ბედნიერებაა ასეთი სულიერად მოწიფული მამაკაცების გვერდით მსახურება! (ფსალმ. 133:1).
1970 წლიდან მოყოლებული ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ რამდენიმე კვირა სხვადასხვა ფილიალს ვინახულებდი. მოგვიანებით ამას სამხარეო მონახულება ეწოდა. მონახულების დროს ხდებოდა ბეთელის
ოჯახისა და მისიონერების სულიერად გაძლიერება და ფილიალის ანგარიშების შემოწმება. ძალიან მახარებდა იმ მისიონერებთან შეხვედრა, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა გაიარეს სკოლა „გალაადი“ და კვლავაც ერთგულად მსახურობდნენ უცხო ქვეყანაში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ მიზნით 90-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები და-ძმები მოვინახულე.ცხოვრების ერთგული თანამგზავრი
ბრუკლინის ბეთელის ოჯახის წევრები ნიუ-იორკის კრებებში იყვნენ განაწილებული. მე ბრონქსის კრებაში ვმსახურობდი. ამ უბანში არსებული პირველი კრება გაიზარდა და გაიყო. ძირძველ კრებას, სადაც მე დავდიოდი, „ზემო ბრონქსი“ ეწოდა.
1960-იანი წლების შუა პერიოდში ლატვიელი იეჰოვას მოწმეების ოჯახი სამხრეთ ბრონქსიდან ჩვენი კრების ტერიტორიაზე გადმოვიდა. მათმა უფროსმა ქალიშვილმა ლივიამ სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დაიწყო პიონერად მსახურება. რამდენიმე თვეში ის მასაჩუსეტსში გადავიდა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მე კრების სიახლეებს ვწერდი, ის კი ბოსტონში მსახურების საინტერესო შემთხვევებს მიზიარებდა.
რამდენიმე წლის შემდეგ ლივია სპეციალურ პიონერად დანიშნეს. მას სურდა, ბოლომდე დახარჯულიყო იეჰოვასთვის, ამიტომ ბეთელის ბლანკიც შეავსო. როცა 1971 წელს ლივია ბეთელში მოიწვიეს, ჩავთვალე, რომ ეს ნიშანი იყო იეჰოვასგან. 1973 წლის 27 ოქტომბერს დავქორწინდით. დიდი პატივი გვხვდა წილად, რომ ჩვენი საქორწინო მოხსენება ძმა ნორმა წაიკითხა. იგავების 18:22-ში ნათქვამია: „იპოვა ვინმემ კარგი ცოლი? სიკეთე უპოვია. იეჰოვას კეთილგანწყობას იძენს იგი“. იეჰოვას წყალობით მე და ლივია 40 წელზე მეტია, ბეთელში ვართ და დღემდე ბრონქსის ერთ-ერთ კრებაში ვმსახურობთ.
ქრისტეს ძმებთან ერთად მხარდამხარ მსახურება
ძმა ნორთან თანამშრომლობა ერთი სიამოვნება იყო. ის დაუღალავად ემსახურებოდა იეჰოვას და უსაზღვროდ აფასებდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომსახურე მისიონერებს. ზოგიერთი მათგანი პირველი იეჰოვას მოწმე იყო იმ ქვეყანაში, სადაც საქადაგებლად გაგზავნეს. სამწუხაროდ, 1976 წელს ძმა ნორი კიბოთი დაავადდა. ერთხელ ლოგინად ჩავარდნილმა მთხოვა, მისთვის ყველა ის პუბლიკაცია წამეკითხა, რომლებიც გამოსაცემად მზადდებოდა. მას უნდოდა, რომ ფრედერიკ ფრენციც მოსულიყო მოსასმენად. მოგვიანებით გავიგე, რომ ძმა ფრენცს მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული და თავად ნორი ხშირად უკითხავდა გამოსაცემად გამზადებულ პუბლიკაციებს.
ძმა ნორი 1977 წელს დაიღუპა. გვანუგეშებდა ის აზრი, რომ მან იეჰოვასადმი ერთგულმა დაასრულა მიწიერი ცხოვრება (გამოცხ. 2:10). მის შემდეგ ორგანიზაციას სათავეში ძმა ფრენცი ჩაუდგა.
იმ პერიოდში ძმა მილტონ ჰენშელის მდივანი ვიყავი, რომელიც ათწლეულების მანძილზე
ნეითან ნორთან თანამშრომლობდა. ძმა ჰენშელმა მითხრა, რომ ჩემი ძირითადი მოვალეობა ძმა ფრენცის დახმარება იქნებოდა. მისთვის რეგულარულად უნდა წამეკითხა დასაბეჭდად გამზადებული პუბლიკაციები. მას ბრწყინვალე მეხსიერება და კონცენტრირების უნარი ჰქონდა. ძმა ფრენცმა მიწიერი ცხოვრება 1992 წლის დეკემბერში დაასრულა. მიხარია, რომ წლების მანძილზე მისი დახმარების შესაძლებლობა მქონდა.ბეთელში მსახურების 61 წელმა ძალიან სწრაფად გაირბინა. მთელი გულით ველი იმ დროს, როცა ახალ ქვეყნიერებაში კვლავ შევხვდები ჩემს მშობლებს, რომლებიც ბოლომდე იეჰოვასადმი ერთგულები დარჩნენ (იოან. 5:28, 29). ამ ქვეყნიერებაში არაფერი შეედრება სულიერად მოწიფული ქრისტიანების გვერდით მსახურებას, რომელთა შესრულებული საქმეც მთელ მსოფლიოში მცხოვრები და-ძმების სულიერ კეთილდღეობას ემსახურება. სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების მანძილზე მე და ლივია არაერთხელ დავრწმუნდით, რომ „იეჰოვას სიხარული [ჩვენი] სიმაგრეა!“ (ნეემ. 8:10).
სასიხარულო ცნობის გავრცელებას ვერაფერი უშლის ხელს, რადგან ამ საქმის წინსვლა ადამიანზე არ არის დამოკიდებული. ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, წლების მანძილზე ღვთის ერთგული და-ძმების გვერდით მემსახურა. ცხებულთა უმეტესობა, რომლებთანაც ვთანამშრომლობდი, ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ იეჰოვასადმი მსახურებაში მრავალი წელი სწორედ ასეთი ერთგული ადამიანების გვერდით გავატარე!