მთავარი თემა
სულ გადარბენაზე ხომ არ ხართ?
ხომ არ ფიქრობთ, რომ ძალიან დაკავებული ხართ? თუ ასეა, გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენთ. „სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა გადარბენაზეა“, — ნათქვამია ჟურნალ „ეკონომისტში“.
2015 წელს რვა ქვეყანაში ჩაატარეს გამოკითხვა. სრულ განაკვეთზე მომუშავე ბევრმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან უჭირთ, თავიანთ მოვალეობებს სახლშიც კარგად გაართვან თავი და სამუშაოზეც. ამის მიზეზად მათ გაზრდილი ხარჯები, დამატებითი სამუშაო საათები და სამსახურსა თუ ოჯახში დაკისრებული პასუხისმგებლობები დაასახელეს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში გამოკითხულთა უმეტესობა კვირაში საშუალოდ 47 საათს მუშაობს, მათგან თითქმის ყოველი მეხუთე კი — 60 საათს ან მეტს!
36 ქვეყანაში ჩატარებული სხვა გამოკითხვის დროს რესპოდენტთაგან ყოველმა მეოთხემ აღნიშნა, რომ თავისუფალ დროსაც კი აქვთ ისეთი განცდა, თითქოს სადღაც ეჩქარებათ ან რაღაცას ვერ ასწრებენ. ხშირად გადატვირთული ცხოვრების წესი ბავშვებზეც ძალიან ცუდად აისახება.
თუ გამუდმებით იმაზე მეტის გაკეთებას ვცდილობთ, ვიდრე დრო გვაძლევს ამის საშუალებას, შეიძლება გამოვიფიტოთ და სტრესი შევიქმნათ. შესაძლებელია უფრო გაწონასწორებული გავხდეთ? აქვს მნიშვნელობა ჩვენს შეხედულებებს, მიზნებსა თუ არჩევანს? სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, განვიხილოთ ოთხი მიზეზი, რის გამოც ზოგი ერთდროულად ბევრ საქმეს ეჭიდება.
1 ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის სურვილი
ერთი მამაკაცი, სახელად გარი იხსნებს: „კვირაში შვიდივე დღე ვმუშაობდი. ვცდილობდი, ჩემს შვილებს ყველაფერი საუკეთესო ჰქონოდათ. არ მინდოდა, მათაც მოჰკლებოდათ ის, რაც მე მაკლდა ბავშვობაში“. კარგი აღძვრების მიუხედავად, მშობლებს მართებთ, დროდადრო გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს. არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ, როცა ოჯახში დიდი თუ პატარა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ფულს და ნივთებს ანიჭებს, ისინი არც ცხოვრებით არიან კმაყოფილი, არც ბედნიერად გრძნობენ თავს და არც მაინცდამაინც კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ხოლო ისინი, რომლებიც მატერიალურ ნივთებზე გაწონასწორებულ თვალსაზრისს ინარჩუნებენ, ამ ყველაფრისგან დაცულნი არიან.
მშობლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილებს კარგი მომავალი ჰქონდეთ, ხშირად ბავშვებსაც და საკუთარ თავსაც საჭიროზე მეტად ტვირთავენ. მათ კი აქვთ კარგი აღძვრები, მაგრამ, როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, სინამდვილეში ორივე მხარეს, მშობლებსაც და შვილებსაც, დროის სიმცირის გამო სტრესი ექმნება (Putting Family First).
2 მცდარი შეხედულება — „რაც მეტი გაქვს, მით უკეთესი!“
სარეკლამო აგენტები ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ, თუ მათ მიერ შემოთავაზებულ უახლეს ნივთებს არ შევიძენთ, ბევრი რამ დაგვაკლდება. ჟურნალ „ეკონომისტში“ აღნიშნული იყო: „სინამდვილეში ახალ-ახალი ნივთების ნაირფეროვნება არჩევანის გაკეთებას კი არ აადვილებს, არამედ უფრო ართულებს. მომხმარებლებს, რომელთაც ისედაც ცოტა დრო აქვთ, უჭირთ, გადაწყვიტონ, რა იყიდონ, რას უყურონ ან რა ჭამონ“.
1930 წელს ერთ-ერთმა ცნობილმა ეკონომისტმა თქვა, რომ მომავალში ტექნოლოგიური წინსვლის წყალობით დასაქმებულებს უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნებოდათ. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი სიტყვები არ გამართლდა. ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ ჟურნალისტმა, ელიზაბეთ კოლბერტმა, ასეთი რამ დაწერა: „ნაცვლად იმისა, რომ სამსახურიდან დროულად წავიდნენ სახლში, ხალხი დამატებით საათებს მუშაობს, რადგან ყოველთვის არის რაღაც ახალი, რისი ყიდვაც სურთ და რის შესაძენადაც ფული სჭირდებათ“.
3 სხვების მოლოდინის გამართლების სურვილი
ზოგი დამატებით საათებს იმიტომ მუშაობს, რომ დამსაქმებლის მოწონება დაიმსახუროს. სხვებს კი, თუ გვიანობამდე არ იმუშავებენ, შეიძლება თანამშრომლებმა თავი დამნაშავედ აგრძნობინონ. ზოგი ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მზადაა, საჭიროზე მეტხანს იმუშაოს ან ნებისმიერ დროს გამოცხადდეს სამსახურში.
შეიძლება მშობლებმა თავი ვალდებულად ჩათვალონ, სხვა ოჯახების მსგავსად ცხოვრების სწრაფ ტემპს აუწყონ ფეხი, რათა ბავშვებს არაფერი „მოაკლონ“.
4 თვითრეალიზების სურვილი
შეერთებულ შტატებში მცხოვრები ტიმი ამბობს: „ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე, ამიტომ მთელ დროს ვუთმობდი. მეგონა, რომ ასე დავიმკვიდრებდი ადგილს საზოგადოებაში“.
ტიმის მსგავსად ბევრს ღირსების გრძნობა მაშინ უმაღლდება, როცა ბევრ საქმეს აკეთებს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს „ადამიანის სოციალურ სტატუსს მისი საქმიანობა განსაზღვრავს,“ — აღნიშნავს ელიზაბეთ კოლბერტი. „რაც უფრო დაკავებული ხარ, მით უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის იმიჯი გაქვს“, — დასძენს იგი.
იყავით გაწონასწორებული
გულმოდგინებისა და შრომისმოყვარეობისკენ ბიბლიაც მოგვიწოდებს (იგავები 13:4). თუმცა ღვთის სიტყვა იმასაც გვირჩევს, რომ გაწონასწორებული ვიყოთ. ეკლესიასტეს 4:6-ში ნათქვამია: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“.
ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, თუ ამ მხრივ გაწონასწორებული შეხედულება გვექნება. მაგრამ იბადება კითხვა: ნამდვილად შესაძლებელია ამის მიღწევა? რა თქმა უნდა! განვიხილოთ ოთხი რჩევა.
1 გადახედეთ თქვენს ფასეულობებსა და მიზნებს
სავსებით ნორმალურია, გსურდეთ, ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ, მაგრამ საინტერესოა, რა ქონებას უნდა ფლობდეთ, ფინანსურად წარმატებულად რომ ჩაითვალოთ? განისაზღვრება წარმატება მხოლოდ ფულით ან ნივთებით? ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ შეიძლება გადამეტებულმა დასვენებამ და გართობამ სტრესი შეგიქმნათ, რადგან დრო აღარ დაგრჩეთ აუცილებელი საქმეებისთვის.
ზემოხსენებული ტიმი დასძენს: „მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენს ფასეულობებსა და მიზნებს გადავხედეთ და ცხოვრების გამარტივება გადავწყვიტეთ. აგრეთვე ვიმსჯელეთ ჩვენს მდგომარეობასა და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე. დავისახეთ სამომავლო მიზნები და დავგეგმეთ, როგორ მიგვეღწია მათთვის“.
2 ნუ აჰყვებით ყიდვის მანიით შეპყრობილ საზოგადოებას
ბიბლია მოგვიწოდებს, რომ არ ავყვეთ „თვალთა სურვილს“ (1 იოანე 2:15—17). რეკლამებმა შეიძლება კიდევ უფრო გააღვივოს ჩვენში რაღაცის შეძენის სურვილი და იმისკენ გვიბიძგოს, რომ მეტი ვიმუშაოთ ან ხანგრძლივი თუ ძვირადღირებული შვებულებები მოვიწყოთ. მართალია, რეკლამა გარკვეულწილად ახდენს ჩვენზე გავლენას, მაგრამ შეგვიძლია ვმართოთ საკუთარი თავი, განვსაზღვროთ, სინამდვილეში რა გვჭირდება და ყველაფერი არ მოვინდომოთ, რასაც გვთავაზობენ.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოებას ჩვენზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ ამჩნევთ, რომ თქვენ გარშემო ადამიანები ახალ-ახალი ნივთების შეძენის სურვილით არიან შეპყრობილნი და წარმატებას მხოლოდ ფულში ხედავენ, უმჯობესი იქნება, ისეთი მეგობრები აირჩიოთ, რომლებიც მათგან განსხვავებული ფასეულობებით ცხოვრობენ. ბიბლიის წიგნ „იგავების“ 13:20-ში ნათქვამია: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“.
3 წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენს იმუშავებთ
დაელაპარაკეთ უფროსს და აუხსენით, რა პრიორიტეტები გაქვთ. თავს ნუ დაიდანაშაულებთ იმის გამო,
რომ სამუშაოს მთლიანად არ ხართ მიძღვნილი. ერთ წიგნში ნათქვამია: „ვინც სამუშაოს სათანადოდ ეკიდება, მაგრამ, ამავდროულად, არც ოჯახს აკლებს ყურადღებას და საჭირო დროს ისვენებს კიდეც, ხვდება, რომ სამუშაოზე მისი არყოფნით არაფერი შავდება“ (Work to Live).ზემოხსენებული გარი მატერიალურად ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იყო, ამიტომ გადაწყვიტა, ნაკლები დრო დაეთმო სამუშაოსთვის. იგი ამბობს: „ოჯახმა ერთად ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, გაგვემარტივებინა ცხოვრება. ნელ-ნელა დავიწყეთ კიდეც ამ მიზნისკენ სწრაფვა. შემდეგ ჩემს დამსაქმებელს ვთხოვე, შეემცირებინა ჩემთვის სამუშაო დღეები, რაზეც დამთანხმდა“.
4 პირველ ადგილზე ოჯახი დააყენეთ
ცოლ-ქმარმა ერთმანეთსაც უნდა დაუთმოს დრო და ბავშვებსაც. ამიტომ ნუ ეცდებით, ისეთივე ტემპით იცხოვროთ, როგორითაც სხვა ოჯახები. გარი გვირჩევს: „დრო გამოყავით დასვენებისთვის და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებით ნუ დაკავდებით“.
როცა ოჯახი ერთად ხართ, შეეცადეთ, ამ დროს არაფერმა მოგაცდინოთ, იქნება ეს ტელევიზორი, ტელეფონი თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა, და არ წაგართვათ ის ძვირფასი დრო, რაც ერთმანეთისთვის უნდა დაგეთმოთ. დღის მანძილზე, სულ მცირე, ერთხელ მაინც ისადილეთ ერთად და ეს დრო საურთიერთოდ გამოიყენეთ. როდესაც მშობლები ითვალისწინებენ ამ უბრალო რჩევას, შვილები გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და სკოლაშიც უკეთ სწავლობენ.
დაბოლოს, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას მოველი ცხოვრებისგან? რას ვისურვებდი ჩემი ოჯახისთვის? თუ გინდათ, რომ უფრო ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება გქონდეთ, ბიბლიური სიბრძნის თანახმად იმოქმედეთ და სწორად დაადგინეთ პრიორიტეტები.