17 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2025
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ვლადიმერ მელნიკი მეუღლესთან და შვილებთან ერთად (მარცხნივ), ვლადიმერ პისკარევი (შუაში) და არტურ პუტინცევი მეუღლესთან ერთად (მარჯვნივ)

რუსეთის ციხიდან სამი იეჰოვას მოწმე გაათავისუფლეს

რუსეთის ციხიდან სამი იეჰოვას მოწმე გაათავისუფლეს

2025 წლის 9 აპრილს ვლადიმერ მელნიკი, ვლადიმერ პისკარევი და არტურ პუტინცევი ციხიდან გაათავისუფლეს. 2023 წლის 13 ოქტომბერს რაიონულმა სასამართლომ (ორიოლი) ისინი დამნაშავედ ცნო და სამივე მათგანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ისინი პატიმრობაში 2020 წლის დეკემბრიდან იმყოფებოდნენ.

ვლადიმერ მელნიკი ქალაქ ორიოლიდან 1 400 კმ-ის მოშორებით მდებარე საპატიმროში იხდიდა სასჯელს, რის გამოც ოჯახის წევრებს უჭირდათ მისი მონახულება. პატიმრობის პერიოდში მას სამარტოო საკანშიც მოუწია ყოფნა. მისი მეუღლე ირინა გვიყვება, რა დაეხმარა მას ამ განსაცდელის ატანაში: „ვლადიმერს იეჰოვას დაპირებებისადმი რწმენამ გადაალახვინა სირთულეები; გარდა ამისა, ხშირი ლოცვა და მომავლის იმედზე ფიქრი დაეხმარა, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩენილიყო“.

ვლადიმერ პისკარევი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ტელეფონით ესაუბრება თავის მეუღლეს, ტატიანას, რომელიც შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის სასჯელს.

სამივე მამაკაცი თითქმის ოთხწელიწად-ნახევარი იმყოფებოდა ოჯახისგან შორს. თუმცა ვლადიმერ პისკარევს ჯერ კიდევ უწევს მეუღლისგან, ტატიანასგან, განცალკევებით ყოფნა, რადგან ტატიანას 2024 წლის 1 მარტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და ორწელიწად-ნახევრით შრომა-გასწორების კოლონიაში გაგზავნეს. კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა მათზე ამ განსაცდელმა, ტატიანამ ასეთი რამ უპასუხა: „ამ სირთულეების დროს კიდევ უფრო გაგვიძლიერდა იეჰოვას, ერთმანეთის და და-ძმების სიყვარული. ამ გრძნობას ვერავინ წაგვართმევს“.

არტურ პუტინცევმა ქრისტიანული თვისებების წყალობით არაერთი სირთულე დასძლია ციხეში ყოფნის დროს. მისი მეუღლე ლუდმილა აღნიშნავს: „როცა საკანში პატიმრები პრობლემებს უქმნიდნენ, არტური იმავეთი არ პასუხობდა; პირიქით, თავის საჭმელს უნაწილებდა ხოლმე, ინტერესდებოდა მათით და ყველაფერს აკეთებდა, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. ის ყოველთვის მშვიდობას უწყობს ხელს“. არტურმა და ლუდმილამ და-ძმების მეშვეობით იგრძნეს, როგორ უჭერდა იეჰოვა მათ მხარს. ლუდმილა დასძენს: „იეჰოვას მარტო არასდროს დავუტოვებივართ პრობლემებთან. ამ სიტუაციამ გვაჩვენა, რომ როგორ დრამატულადაც არ უნდა განვითარდეს ჩვენი ცხოვრება, იეჰოვა არასდროს დაუშვებს იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია ავიტანოთ. მთავარია, რომ მას ბოლომდე მივენდოთ ყველა სიტუაციაში“.

გვიხარია, რომ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს ამ და-ძმებზე. მართალია, მათ უწევთ უსამართლობის ატანა, მაგრამ გვჯერა, რომ მალე „იეჰოვა სიმართლესა და სამართალს აღასრულებს ყველა ჩაგრულისთვის“ (ფსალმუნი 103:6).